ახალი ამბები

შსს: ე.წ. კანონიერი ქურდის “ლავას ოღლის” საქართველოში ექსტრადიციის პროცესი მიმდინარეობს

25 იანვარი, 2016 • 1322
შსს: ე.წ. კანონიერი ქურდის “ლავას ოღლის” საქართველოში ექსტრადიციის პროცესი მიმდინარეობს

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებით, მ. გ. მეტსახელად “ლავას ოღლი” 2015 წლის დეკემბერში მოლდოვაში დააკავეს და საქართველოში მისი ექსტრადიციის პროცესი მიმდინარეობს.

შსს-ს ცნობით, პოლიცია აწარმოებს გამოძიებას  საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 223-ე პრიმა მუხლის პირველი და მეორე ნაწილებით, სსკ-ს 18-179-ე მუხლის მეორე ნაწილით და სსკ-ს 151-ე მუხლით.

223-ე პრიმა მუხლის 1 ნაწილი გულისხმობს ქურდული სამყაროს წევრობას (ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით ხუთიდან რვა წლამდე, ჯარიმით ან უამისოდ.), მე-2 ნაწილი კი, კანონიერ ქურდობას (ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით შვიდიდან ათ წლამდე, ჯარიმით ან უამისოდ).

151-ე გულისხმობს სიცოცხლის მოსპობის ან ჯანმრთელობის დაზიანების, ანდა ქონების განადგურების მუქარას, როდესაც იმას, ვისაც ემუქრებიან, გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში.

აღნიშნული დანაშაული ითვალისწინებს სასჯელს ჯარიმით ან საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომით ვადით ას ოციდან ას ოთხმოც საათამდე ან გამასწორებელი სამუშაოთი ვადით ერთ წლამდე, ანდა თავისუფლების აღკვეთით ვადით ერთ წლამდე.

პოლიციის ცნობით,  გამოძიებამ აღნიშნულ საქმეებზე მოიპოვა დამატებითი მტკიცებულებები, რომელთა საფუძველზეც ამხილა ე.წ. კანონიერი ქურდი მინდია გ., მეტსახელად „ლავას ოღლი“.

“შედეგად, გამოძიება შევიდა დასკვნით ფაზაში და უახლოეს მომავალში მინდია გ.-ს წარედგინება ბრალი”, – აცხადებს პოლიცია.

მასალების გადაბეჭდვის წესი