ახალი ამბებისამართალი

შოთაძე: გვაქვს მტკიცებულებები, რომლითაც ვვარაუდობთ, დავადგენთ ვახტანგ ქირიას მკვლელს

23 იანვარი, 2016 • 1265
შოთაძე: გვაქვს მტკიცებულებები, რომლითაც ვვარაუდობთ, დავადგენთ ვახტანგ ქირიას მკვლელს

მთავარი პროკურორის, ირაკლი შოთაძის თქმით, პროკურატურას აქვს მტკიცებულებების ერთობლიობა, რომელიც დასაბუთებული ვარაუდით იძევა კონკრეტული პირის დადგენის შესაძლებლობას, რომელმაც ვახტანგ ქირია მოკლა.

“დანიშნული არის არაერთი ექსპერტიზა. ამ ეტაპზე შეკრებილია მტკიცებულებების ერთობლიობა, რომელიც დასაბუთებული ვარაუდის სტანდარტით იძლევა კონკრეტულ პიროვნებაზე იმის შესაძლებლობის თქმას, რომ მან ჩაიდინა ამ მტკიცებულებებიდან გამომდინარე ვახტანგ ქირიას მკვლელობა. შესაბამისად, გამოძიება გრძელდება. ის საქმეები, რომლებიც ფირცხალავამ დაასახელა, არის გაუხსნელი. მათზე ჩატარებულია რიგი საგამოძიებო მოქმედებები იმ დროს, როდესაც ეს ფაქტები მოხდა, თუმცა მიზეზთა და მიზეზთა გამო ეს დანაშაულები გაუხსნელია. რა თქმა უნდა, ამ ფაქტებს ჩვენ აუცილებლად გამოვიძიებთ,” – განაცხადა ზუგდიდში ვახტანგ ქირიას დაკრძალვაზე მყოფმა ირაკლი შოთაძემ “რუსთავი 2”-თან საუბრისას.

თბილისის პროკურორის, მიხეილ შაყულაშვილის თქმით, ექპერტიზა მიმდინარეობს და საბოლოოდ აუცილებლად გამოიკვეთება მკვლელობის მოტივი.

შინაგან საქმეთა სამინისტრომ ვახტანგ ქირიას მკვლელობაში ბრალდებულად ბიძინა კუჭავა ოფიციალურად 17 იანვარს გამოაცხადა. თუმცა, როგორც შს მინისტრის მოადგილის განმარტებებიდან ირკვევა, მკვლელობა 14 იანვარს მოხდა.

ოჯახი ვახტანგ ქირიას 14 იანვრიდან ეძებდა. 3 დღის განმავლობაში ის არ გამოცხადებულა სამსახურშიც. ამ დროის განმავლობაში პოლიციამ ვერ შეძლო მისი ადგილსამყოფელის დადგენა. საბოლოოდ ქირია თბილისში, ერთ-ერთ საცხოვრებელ ბინაში იპოვეს მოკლული.

მასალების გადაბეჭდვის წესი