ახალი ამბები

საპილოტე პროგრამა სკოლებში მოსწავლეების ჩაგვრის წინააღმდეგ

22 იანვარი, 2016 • 2667
საპილოტე პროგრამა სკოლებში მოსწავლეების ჩაგვრის წინააღმდეგ

“არაძალადობრივი კომუნიკაციის ინსტიტუტი” ფონდ “ღია საზოგადოება-საქართველოს” მხარდაჭერით თბილისის კონკრეტულ სკოლებში ბულინგის პრევენციისა და ბულინგის ეფექტური მექანიზმის შემუშავების საპილოტე პროგრამას იწყებს.

როგორც პროექტის ავტორები ამბობენ, აღნიშნული მეთოდოლოგიის გამოყენების შესაძლებლობა ექნებათ როგორც კერძო, ისე საჯარო სკოლებს.

“ამ პროექტით ჩვენი მიზანი არ არის, რომ კონკრეტულ სკოლებში ბულინგის კონკრეტული ფაქტები აღმოვაჩინოთ და მერე სკანდალი მოვაწყოთ. ყველამ ვიცით, რომ ბულინგი არსებობს საქართველოში. პროგრამის მიზანია, უკეთეს შემთხვევაში მოახდინონ პრევენცია ბულინგის და უარეს შემთხვევაში, თუ დაფიქსირდა სკოლებში ბულინგის შემთხვევა, ჰქონდეთ რეაგირების ადეკვატური მექანიზმი, რომ ნაკლები ზიანი მიადგეთ ბულინგის მხარეებს”, – ამბობს თამაზ ახობაძე, ორგანიზაციის დირექტორი.

პროექტის მენეჯერის, ანი სუბელიანის თქმით, ბულინგთან დაკავშირებით საქართველოში კონკრეტული კვლევა არ ჩატარებულა.

“თუმცა 2015 წელს იდენტობის მხარდაჭერით საშუალება მოგვეცა ჰომოფობიური ბულინგის კვლევა განგვეხორციელებინა საჯარო სკოლებში. შემთხვევები იყო საკმაოდ საგანგაშო. ძალიან ბევრი შემთხვევა გამოვლინდა, როდესაც მოზარდები ძალადობის მსხვერპლი ხდებოდნენ იმის გამო, რომ ისინი არიან თანატოლებისგან განსხვავებული სხვადასხვა ნიშნით: სექსუალური იდენტობა, რელიგიური მრწამსი და შეხედულებები, მუსიკალური გემოვნება, ჩაცმულობის სტილი, ქცევის მანერა და სხვა. ჩვენს ექსპერტებსაც სხვადასხვა გამოცილება აქვთ”.

პროექტის ფარგლებში, როგორც ავტორები ამბობენ, ამჟამად ამუშავებენ მეთოდოლოგიას I, VII, IX კლასის მოსწავლეებთან სამუშაოდ.

ამასთან, პროექტი რამდენიმე ნაწილისგან შედგება.

პროექტის პირველ ეტაპზე სამუშაო ჯგუფი შეისწავლის სკოლის შიდა კულტურას, ურთიერთობებს მოსწავლეებს, მოსწავლეებსა და მასწავლებლებს, მასწავლებლებსა და მშობლებს შორის, რისი გათვალისწინებითაც უნდა შემუშავდეს ბულინგის დაძლევის მექანიზმი, შემუშავდება სატრენინგო მასალა და მეთოდოლოგია. ბოლო ეტაპზე კი განხორციელდება ტრენინგები სკოლის თემის წარმომადგენლებისათვის (სკოლის ადმინისტრაციის, თანამშრომლების, მასწავლებლებისა და მშობლებისთვის, მოსწავლეთა სხვადასხვა ასაკობრივი ჯგუფისთვის) და სხვა აქტივობები.

კვლევის შედეგებზე დაფუძნებული მეთოდოლოგია, როგორც ორგანიზაციის წარმომადგენლები აცხადებენ, ხელმისაწვდომი გახდება როგორც კერძო სკოლებისთვის, ისე განათლების სამინისტროსთვის, რაც მზა რესურსი იქნება პროგრამის დასანერგად საჯარო სკოლებში.

კვლევებით დამტკიცებულია, რომ ბულინგის ინიციატორი ხშირ შემთხვევაში თავად არის ძალადობის მსხვერპლი. აგრესორები, რომლებიც ბულინგის გამტარებლები ხდებიან სასკოლო სივრცეში, ძირითად შემთხვევაში არიან იმპულსურები; აქვთ სხვისი დამორჩილებისა და დაქვემდებარების სურვილი; ხშირად არიან ფიზიკურად ძლიერები და საკმაოდ გამომწვევად იქცევიან. ბავშვებს, რომლებიც იზრდებიან ოჯახებში, სადაც დომინირებს აღზრდის ავტორიტარული სტილი, უჩნდებათ შიშის აგრესიით დათრგუნვის სურვილი.

გაეროს ბავშვთა ფონდის [Unicef] 2013 წლის კვლევის შესაბამისად, სკოლაში ბავშვების 47.1%-მა აღნიშნა, რომ მათ მიმართ განხორციელდა ფიზიკური ძალადობა, ხოლო სკოლაში მის მიმართ ფსიქოლოგიური ძალადობის ფაქტები აღნიშნა მოსწავლეთა 47.5%-მა. ძალადობა ყველაზე ხშირად მოსწავლეებს შორის ხდებოდა, თუმცა სკოლის ფარგლებში ფიზიკურ და ფსიქოლოგიურ ძალადობაში უფროსებიც შეიმჩნეოდნენ. ძალადობა მოსწავლეებს შორის ყველაზე ხშირად ხდება სკოლების მიმდებარე ტერიტორიაზე, სათამაშო მოედნებზე, სკოლისაკენ მიმავალ გზაზე.

მასალების გადაბეჭდვის წესი