ახალი ამბებიხელოვნება

მთავრობა მცხეთის არქეოლოგიური ბაზის გასხვისების სანაცვლოდ არმაზის ბაზის კეთილმოწყობას გეგმავს

20 იანვარი, 2016 • 2641
მთავრობა მცხეთის არქეოლოგიური ბაზის გასხვისების სანაცვლოდ არმაზის ბაზის კეთილმოწყობას გეგმავს

მცხეთის არქეოლოგიური ბაზის ტერიტორია მთავრობამ სიმბოლურ ფასად – 1 ლარად გაასხვისა, რის სანაცვლოდაც ახალმა მეპატრონემ არმაზის არქეოლოგიური ბაზა უნდა კეთილმოაწყოს.

საქართველოს მთავრობის 2015 წლის 18 დეკემბრის განკარგულებით, მცხეთაში, დავით აღმაშენებლის ქუჩის 27-ე ნომერში მდებარე 2653 კვ.მ-ის ფართობის ტერიტორია და მასზე მდებარე ერთი ნაგებობა, რომელშიც მცხეთის არქეოლოგიური ბაზა მდებარეობს, დავით ისახანაშვილს სიმბოლურ ფასად – 1 ლარად გადაეცა.

სიმბოლური ფასის სანაცვლოდ, განკარგულების მიხედვით, ისახანაშვილმა ან მესამე პირმა არმაზის არქეოლოგიურ ბაზაზე უნდა ააშენოს სულ მცირე ორსართულიანი შენობა, რომლის ფართი 867 მეტრ კვადრატზე ნაკლები არ უნდა იყოს.

განკარგულების მიხედვით, ინვესტორმა ეროვნულ მუზეუმთან შეთანხმებით უნდა ააშენოს შენობა ისე, რომ მზად იყოს ექსპლუატაციაში შესვლისათვის. ამ ვალდებულების შესასრულებლად განსაზღვრულია 500 000 ლარზე მეტი ინვესტიცია და 12-თვიანი ვადა.

ვალდებულებების შეუსრულებლობისათვის პირგასამტეხლოს გადახდის უზრუნველსაყოფად ისახანაშვილმა უნდა წარადგინოს უპირობო და გამოუხმობი საბანკო გარანტია, არანაკლებ 50 ათასი ლარის ოდენობით, რომლის მოქმედების ვადაც ვალდებულების შესრულების ვადას უნდა აღემატებოდეს არანაკლებ 4 თვით.

საპრივატიზაციო პირობების მიხედვით, ისახანაშვილს შეუძლია, რომ დაკისრებული ვალდებულებების შესრულებისთვის ინვესტორის ფინანსებიც გამოიყენოს.

ტელეკომპანია “მაესტროს” ინფორმაციით, მცხეთის არქეოლოგიური ბაზის ტერიტორია იქნება ნაწილი იმ სასტუმროსი, რომლის აშენებასაც კომპანია “გრანდე გრუპ ჯორჯია” აპირებს. კომპანიის ცნობით, აშენდება ბუტიკის სტილის სასტუმრო კომპლექსი, რომლის მთლიანი ფართია დაახლოებით 13 000 კვ.მ.

კომპანია აპირებს, რომ 36 თვის მანძილზე მინიმუმ 30 მილიონი ლარის ინვესტიცია განახორციელოს.

რაც შეეხება არქეოლოგური ბაზის შენობაში დაცულ ექსპედიციების შედეგად აღმოჩენილ კვლევით მასალასა და არასამუზეუმო ექსპონატებს, არმაზის ისტორიული ბაზის ტერიტორიაზე სანაცვლოდ აშენებულ შენობაში განთავსდება, აცხადებს ეროვნული მუზეუმი.

არქეოლოგი გოდერძი ნარიმანიშვილი გვეუბნება, რომ არქეოლოგური ბაზა მცხეთაში 1936 წელს დაარსდა. მასში დაცულია მცხეთის 50-მდე ძეგლთან დაკავშირებული მასალები და ინფორმაცია.

გოდერძი ნარიმანიშვილი ამბობს, რომ ეკონომიკის სამინისტრო მათ დაპირდა, რომ მცხეთაში მონახავდა ალტერნატიულ ფართს მცხეთის არქეოლოგიური ბაზის მოსაწოყობად, თუმცა, შემდეგ განმარტა, რომ ალტერნატიული ფართი მცხეთის ტერიტორიაზე ვერ გამონახა.

თუმცა, სახელმწიფომ მათ შესთავაზა ორმაგი ფართის შენობის ჩადგმა არმაზის არქეოლოგიურ ბაზაზე. არქეოლოგი ამბობს, რომ მცხეთაში არქეოლოგიური ბაზის არსებობა აუცილებელია. 

ნარიმანიშვილის განმარტებით არმაზის არქეოლგიური ბაზა მძიმე მდგომარეობაშია. აქ არსებული ერთი შენობა მძიმე მდგომარეობაშია, არ არის მიყვანილი კომუნიკაციები.

ნარიმანიშვილის თქმით, გაზაფხულიდან განახლდება ექსპედიციები, რადგან არმაზციხის არქეოლოგიური გათხრები დაიწყება.

“თანამედროვე შენობა სრულიად გარემონტებული მისაღებია ჩვენთვის, პრინციპში პირობებია მთავარი, როგორც სამუშაო, ისე მასალის დასაცავი. კლიმატკონტროლი იქნება ასევე ძალიან კარგი.  განკარგულებაში არ არის ისეთი მუხლი, რომელიც მეტად დაგვიცავდა იმ შემთხვევისაგან, თუ ინვესტორი არ შეასრულებს თავის პირობას. ინვესტორმა თუ არ შეასრულა პირობები, 50 ათას ლარს გადაიხდის და ჩვენ დავრჩებით შენობის გარეშე”, – ამბობს ნარიმანიშვილი.

ეროვნული მუზეუმის ცნობით, ახალი შენობა ფართობით უფრო დიდი, სტანდარტების შესაბამისი იქნება, სადაც კვლევითი ლაბორატორია, საგანმანათლებლო სივრცე და ექსპედიციაში მომუშავე პირთათვის საცხოვრებელი ფართი განთავსდება. ხოლო სანამ ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირობები არ შესრულდება, მანამდე მცხეთის არქეოლოგიური ბაზა არ გათავისუფლდება.

მასალების გადაბეჭდვის წესი