ახალი ამბები

სადაზღვევო კომპანიები კონტროლის პალატის პირისპირ

4 თებერვალი, 2011 • • 1558
სადაზღვევო კომპანიები კონტროლის პალატის პირისპირ

ქართულ სადაზღვევო კომპანიებში ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურია შესული. ამას ნეტგაზეთთან საუბარში კომპანია “ალდაგის” პრესსამასახურიც ადასტურებს. საგამოძიებო სამსახურის პრესსამსახურში კი განგვიცხადეს, რომ ამის შესახებ ინფორმაცია არ გააჩნიათ.

კომპანიის პრესსამსახური არ აკონკრეტებს საგამოძიებო სამსახურმა შემოწმება როდის დაიწყო. მათი ინფორმაციით, ეს “გეგმური შემოწმებაა.”

საქართველოს კონტროლის პალატამ ჯანმრთელობის დაზღვევის სახელმწიფო პროგრამის აუდიტის წინასწარი მონაცემები 2 თებერვალს გამოაქვეყნა. მაკონტროლებელმა ამ მონაცემებს „საგანგაშო“ უწოდა,  რადგან  სახელმწიფოს მიერ გამოყოფილი 284 მლნ. ლარიდან სადაზღვევო კომპანიებმა მოსახლეობის მომსახურებაზე აღნიშნული თანხის მხოლოდ 40% დახარჯეს, რომელიც მოხმარდა დაზღვეულთა მხოლოდ მეხუთედს; კომპანიების მოგების მარჟამ გადააჭარბა 60%-ს, მაშინ, როდესაც სადაზღვევო ბიზნესის მომგებიანობის საერთაშორისო პრაქტიკის მსგავსად, კერძო დაზღვევაში მოგების მარჟა 4%-ია.

ქართული სადაზღვევო კომპანიები კონტროლის პალატის აუდიტის წინასწარ დასკვნას  არ ეთანხმებიან და საკუთარი სიმართლის დამტკიცებას ფინასური დოკუმენტაციის გამოქვეყნებით აპირებენ. კონტროლი პალატა კი აუდიტის საბოლოო შედეგების გამოსაქვეყნებლად ემზადება.

ჯი-პი-აი ჰოლდინგმა ნეტგაზეთს საკუთარი ფინანსური შემოსავალ-გასავლის დოკუმენტაცია გადმოუგზავნა. დოკუმენტის მიხედვით, 2007-2011 წლებში ”ჯიპიაი ჰოლდინგმა” სახელმწიფო დაზღვევის პროგრამიდან 77 114 654 ლარი მიიღო. აქედან მოგება იყო 5 545 033 ლარი, მთლიანი თანხის 7%.   

გიორგი კვირიკაძე, ”ჯიპიაი ჰოლდინგის” გენერალური დირექტორი ამბობს, რომ “2010 წელს სადაზღვევო პრემია, ანუ დაზღვევის საფასური სოციალურ პროგრამაში შემცირდა 27%-ით და, შესაბამისად, 2011– 2012 წლებში მისაღები შემოსავალიც მნიშვნელვნად მცირდება.” 

გიორგი კვირიკაძე ასევე ამბობს, რომ პირველი ორი წელი კომპანიამ უარყოფითი შედეგით დაამთავრა, თუმცა მზად იყვნენ ამგვარი რეზულტატისთვის. მათ იცოდნენ, რომ მოკლევადიან პრესპექტივაში შესაძლოა წაგებაზეც ყოფილიყო საუბარი. სადაზღვევო კომპანიისთვის 2009 და 2010 წ.წ. ფინანსურად უფრო მომგებიანი აღმოჩნდა. “ჯიპიაის” დირექტორის აზრით, ამის მიზეზი დაგროვილი გამოცდილება, სტატისტიკის ანალიზი, უკეთ ადმინისტრირება იყო. 

მაკონტროლებელი ორგანო 2010 წლიდან იკვლევდა ჯანმრთელობის დაზღვევის სახელმწიფო  პროგრამის მართვის კანონიერებას. კონტროლის პალატის ინფორმაციით, აღნიშნული პროგრამის ფარგლებში მოსახლეობის დროული და ხარისხიანი სამედიცინო მომსახურებით უზრუნველყოფის მიზნით 2008-2010 წლებში სახელმწიფო ბიუჯეტიდან 284 მლნ. ლარი დაიხარჯა.

სოციალურად  დაუცველი 55 წლის ზურა აფხაიძე სახელმწიფო პროგრამით კომპანია „ალფაშია“ დაზღვეული. 2010 წლის  ნოემბერში მან ხერხემლის არეში ტკივილი იგრძნო და გამოკვლევების გასაკეთებლად ექიმებს მიმართა. მას სასწრაფო ოპერაცია დაუნიშნეს. ყველა პროცედურა დაახლოებით ერთ კვირაში დასრულდა და ზურამ ოპერაცია ხერხემალზე „ავერსის“ კლინიკაში გაიკეთა. მეორე დღეს ის უკვე სახლში გაწერეს. გამოკვლევებისა და ოპერაციის ხარჯი, დაახლოებით 3 ათასი ლარი, სადაზღვევო კომპანიამ მას სრულად აუნაზღაურა.

თბილისში მცხოვრებმა სოციალურად დაუცველმა ადამიანმა, რომელიც დაზღვეულია „ალფაში“, საჭირო მკურნალობის მისაღებად შემდეგი გზა უნდა გაიაროს: ჯერ უნდა მიაკითხოს პოლიკლინიკის უბნის ექიმს, რომელიც საჭიროების შემთხვევაში, მას სხვა სპეციალისტთან იმავე პოლიკლინიკაში გადაამისამართებს. თუ საჭირო ექიმი პოლიკლინიკაში არ აღმოჩნდება და აპარატურის უქონლობის გამო ანალიზები ვერ კეთდება, უბნის ექიმი სოციალურად დაუცველს აძლევს მიმართვას, რომელსაც ხელი უნდა მოაწეროს პოლიკლინიკის მთავარმა ექიმმა. ამის შემდეგ დოკუმენტს პოლიკლინიკის ბეჭედი უნდა დაარტყას სხვა სპეციალისტმა. ბეჭედდარტყმული დოკუმენტი პაციენტმა უნდა წაიღოს „ალფას“ ოფისში, სადაც მას სადაზღვევო კომპანიის წარმომადგენლები გაესაუბრებიან, რეგისტრაციაში გაატარებენ, რის შემდეგაც აძლევენ „ავერსის“ კლინიკის ცხელი ხაზის ნომერს. ამ ნომერზე დარეკვის შემდეგ სოციალურად დაუცველი უნდა ჩაეწეროს ექიმთან მიღებაზე. სოციალურად დაუცველებს „ავერსის“ კლინიკის ექიმები კლინიკის ეზოში ცალკე არსებულ პატარა შენობაში იღებენ და არა – მთავარ შენობაში. მთავარ, ხუთსართულიან კლინიკაში  მხოლოდ ის პაციენტები შედიან, რომლებიც მკურნალობისა და დაზღვევის ფულს საკუთარი ჯიბიდან იხდიან.

სოციალურად დაუცველი პაციენტებისთვის, დიდი რიგების გამო, ექიმთან მოხვედრა დარეკვიდან დაახლოებით ორ კვირაშია შესაძლებელი. ამის შემდეგ ეს ექიმი გადაწყვეტს, რა გამოკვლევები სჭირდება პაციენტს და საჭიროა თუ არა ოპერაცია. ეს პროცედურები მოქმედებს მაშინ, როცა ადამიანს ოპერაცია ან მკურნალობა სჭირდება და ეს არ არის გადაუდებელი. სასწრაფო ოპერაციის აუცილებლობის შემთხვევაში ამ პროცედურებს ერთ კვირაზე მეტი არ სჭირდება. ხოლო, თუ შემთხვევა იმდენად მძიმეა, რომ პაციენტი სასწრაფო დახმარების მანქანამ გადაიყვანა კლინიკაში და მას ოპერაცია დაუყოვნებლივ გაუკეთდა, სადაზღვევო კომპანია ხარჯებს კლინიკასთან  დამოუკიდებლად, ოპერაციის შემდეგ, ასწორებს და პაციენტს საბუთების მოსაწესრიგებლად სირბილი არ სჭირდება.  

სოციალური პროგრამით დაზღვეულებისთვის მკურნალობის დაწყებამდე გასავლელი პროცედურები გაცილებით რთული გასავლელია რეგიონებში, სოფლებში მცხოვრები ადამიანებისთის.

მარტვილის რაიონში მცხოვრებ 22 წლის თამთა ჯანაშიას ხერხემალზე პრობლემები რამდენიმე წლის წინ გაუჩნდა, თუმცა უფულობის გამო ექიმთან მისვლა ვერ შეძლო. 2009 წელს თამთა ოჯახთან ერთად(და, მამა და ბებია) სოციალურად დაუცველთა პროგრამაში მოხვდა და დაზღვევაც მიიღო. მათ სადაზვევო მომსახურებას “იმედი L“ უწევს. 2010 წლის მაისში თამთა ჯანაშია, ბებიასთან ერთად, სოფელ თამაკონიდან მარტვილის პოლიკლინიკაში, ექიმ გიორგი ხორავასთან მივიდა.  სწორედ ხორავას უნდა მიეცა მისთვის ე.წ. მიმართვა, რომლის შემდეგ თამთა გამოკვლევებს თბილისში ჩაიტარებდა.

„გიორგი ხორავასთან რომ მივედით, ნორმალურად არც გამსინჯა. შორიდან ნახა, რომ ხერხემალი გამრუდებული მაქვს და თქვა, ამის მკურნალობას აზრი არა აქვს, მაინც არაფერი ეშველებაო. ამის ოპერაციას აზრი არა აქვსო. არც მიმართვა გაგვიკეთა და მე და ბებია კაბინეტიდან გამოგვყარა,“-უთხრა თამთა ჯანაშიამ ნეტგაზეთს.

ამის შემდეგ, ახლობლის რჩევით, თამთა მამასთან ერთად თბილისში, ღუდუშაურის კლინიკაში, ექიმ ზაზა აზმაიფარაშვილთან ჩავიდა. თამთა ჯანაშია ამბობს, რომ ზაზა აზმაიფარაშვილმა მას საჭირო გამოკვლევები უფასოდ ჩაუტარა. დიაგნოზად სქოლიოზი დაუსვა და დასკვნაც დაწერა, რომ 22 წლის გოგოს ხერხემალზე სასწრაფო ოპერაცია ესაჭირეობდა.

„ზაზა ექიმმა მითხრა, რომ ოპერაციას აუცილებლად ექნებოდა შედეგი, რადგან მსგავსი ოპერაციები მას 27 წლის გოგონებისთვისაც გაუკეთებია და შედეგი ჰქონია. მე კი 22 წლის ვარ. დამაიმედა, რომ გამოვჯანმრთელდები, თუ ოპერაციას სასწრაფოდ გამიკეთებენ და მერე მასაჟების სპეციალურ კურსსაც ჩამიტარებენ,“-ამბობს თამთა. მან ღუდუშაურის კლინიკაში გაკეთებული დასკვნა მარტვილში გიორგი ხორავას მიუტანა.

„რომ ნახა, თბილისში დასმული დიაგნოზი ჩავუტანე, სადაც ეწერა, რომ სასწრაფო ოპერაცია მჭირდებოდა, სახე შეეცვალა და გაბრაზდა, თუმცა უცებ დაწერა მიმართვა და რაღაც საბუთები გააფორმა. მერე გვითხრა, რომ პრობლემა არ არსებობს, როგორც კი სადაზღვევო კომპანია ჩარიცხავს თანხას, ოპერაციას მაშინვე გამიკეთებენ. მან, ასევე, თქვა, რომ ჩვენს საბუთებს ზუგდიდში აგზავნიდა და სწორედ იქიდან მოვიდოდა პასუხი ოპერაციის დაფინანსებაზე, რომელსაც ის ტელეფონით შეგვატყობინებდა. აქ ნუ მოხვალთო, ასე გვითხრა ხორავამ,“-ჰყვება თამთა ჯანაშია.

ეს პირობა თამთამ ექიმისგან 2010 წლის ივნისში მიიღო. მას შემდეგ თითქმის 8 თვე გავიდა, მაგრამ მას არც გიორგი ხორავასგან და არც სადაზღვევო კომპანიისგან პასუხი არ მიუღია. სოფლიდან მათ არაერთხელ სცადეს „იმედი L-ის“ ცხელ ხაზზე დარეკვა, თუმცა კომპეტენტური პასუხი, თუ როდის გაიკეთებდა 22 წლის გოგო ოპერაციას, ვერ მიიღეს.

ნეტგაზეთი რამდენიმე მცდელობის შემდეგ დაუკავშირდა  „იმედი L-ის“ ცხელი ხაზის ოპერატორს, რომელმაც არაერთხელ სხვა ოპერატორთან გადაგვამისამართა. მას თამთა ჯანაშიას პრობლემის შესახებ ვკითხეთ. რამდენიმე წუთის შემდეგ კი ოპერატორმა გვითხრა, რომ თამთა უკვე სიაში არის და მისი რიგიც მოსულია. სადაზღვევო კომპანიის ოპერატორის თქმით, ოპერაციის გაკეთება ახლაც შეიძლება, თუმცა ღუდუშაურის კლინიკაში ამჟამად გრიპის გამო კარანტინია გამოცხადებული. მისი თქმით, როგორც კი კარანტინი დასრულდება, თამთას ოპერაციას იმ დღესვე გაუკეთებენ. ოპერატორის თქმით, „ეს დღე“, სავარაუდოდ, 20 თებერვლის შემდეგ იქნება. თამთას ოჯახმა ეს ამბავი ჩვენგან გაიგო. „იმედი  L-ის“  ოპერატორმა გვითხრა, რომ პაციენტები ასეთი ოპერაციებისას რიგში დგებიან, ლოდინის მაქსიმალური დრო კი 6 თვეა. ნეტგაზეთმა მას ჰკითხა, თუ რატომ გაიწელა ოპერაციის დანიშვნისა და თანხის ჩარიცხვის პროცესი 8 თვის მანძილზე, თუმცა ამაზე არგუმენტად კვლავ ღუდუშაურში გრიპის გამო გამოცხადებული კარანტინი დაგვისახელეს. თამთა ამბობს, რომ ზაფხულში მას ზურგი არ ტკიოდა. ახლა კი წელის არეში ძლიერ ტკივილებს გრძნობს და ხშირად ღამეც ვერ იძინებს. 

საქართველოს კონტროლის პალატის მიერ რამდენიმე დღის წინ გამოქვეყნებულ მასალებში წერია, რომ სახელმწიფოს, სამედიცინო პერსონალისა და პროგრამით მოსარგებლეთა ინტერესების უგულებელყოფის ხარჯზე სადაზღვევო კომპანიებმა მიიღეს 170 მლნ. ლარის შემოსავალი.

მაკონტროლებელი ორგანოს ინფორმაციით,  დაზღვევის სექტორი ხასიათდება მომეტებული რისკებითა და ნაკლოვანებებით:

  • სახელმწიფო მკაცრი რეგულირების არარსებობა;
  • სადაზღვევო კომპანიების არაკეთილსინდისიერი ქმედება;
  • სამედიცინო მომსახურების ხელოვნურად შეზღუდული ხელმისაწვდომობა;
  • პროგრამით მოსარგებლეთა არასაკმარისი ინფორმირება;
  • პროგრამით მოსარგებლე პირთა მონაცემთა ბაზის ცდომილება.

საქართველოს კონტროლის პალატა რამდენიმე დღეში დაიწყებს პროგრამის სრულ აუდიტს, უახლოესი პერიოდის განმავლობაში შეისწავლის ყველა რისკ-ფაქტორს და გამოავლენს იმ ხარვეზებსა და ნაკლოვანებებს, რომლებიც განაპირობებს საბიუჯეტო სახსრების არამიზნობრივ და არაეკონომიურ ხარჯვას.

ქართული სადაზღვევო კომპანიების ნაწილი არ ეთანხმება კონტროლის პალატის აუდიტის წინასწარ დასკვნას, ნაწილი კი კომენტარს ჯერჯერობით არ აკეთებს.

კონტროლის პალატის წინასწარ დასკვნაში სულ ათი სადაზღვევო კომპანიაა დასახელებული. ნეტგაზეთმა ყველა მათგანთან სცადა დაკავშირება. კომპანია „ალფას“ პრესსამსახურში პირველ ჯერზე დარეკვის დროს გვითხრეს, რომ რამდენიმე წუთში დაგვირეკავდნენ და პასუხს გაგვცემდნენ. რამდენიმე წუთის შემდეგ კი განგვიცხადეს, რომ კომპანიის დირექტორი ავად არის და სამსახურში არ იმყოფება. პრესსამსახური კი მის გარეშე განცხადებას ვერ გააკეთებს. ჩვენ „ალფას“ პრესსამსახურს დირექტორთან ტელეფონით დაკავშირება ვთხოვეთ, თუმცა ამ დროს სატელეფონო კავშირი შეწყდა და ხელმეორედ დარეკვა ვერ შევძელით.  

სადაზღვევო კომპანია „ირაოს“ ბრენდინგის სამსახურმა ნეტგაზეთის კითხვებს პასუხი ელექტრონული ფორმით გასცა. პასუხში წერია, რომ „სადაზღვევო ინდუსტრია ყველაზე გამჭვირვალე სფეროა, სადაზღვევო კომპანიები ყოველკვარტალურ ანგარიშს აბარებენ ეროვნულ ბანკს და მხოლოდ იქ მოყვანილი ციფრებს შეიძლება დავეყრდნოთ. ის ციფრები, რაც წარმოადგინა კონტროლის პალატამ, არის კონტექსტიდან ამოვარდნილი.“

კომპანია „ირაოს“ წარმომადგენლის თქმით, 2008-2010 წლებში პროგრამა ხორციელდებოდა არა სახელმწიფო შესყიდვის გზით, არამედ ბენეფიციარებს ურიგდებოდა  ვაუჩერები და სადაზღვევო კომპანიებმა წლიური პრემიის 15–დან 30%–მდე აკვიზიციური ხარჯი გაწიეს, რათა ეს ვაუჩერები მოეპოვებინათ, ამას უნდა დაემატოს რეზერვების შექმნის მოთხოვნა, რასაც ეროვნული ბანკი ადგენს, ასევე, ზარალი, რომელიც მოხდა ამ პერიოდში, მაგრამ ანაზღაურდა მომდევნო 6-8 თვის მანძილზე. „როდესაც ამ ციფრებს დავამატებთ იმას, რაც კონტროლის პალატამ წარმოადგინა, მხოლოდ შემდეგ გამოჩნდება, მოგება რა ნიშნულთან მივა“ – წერია „ირაოს“ ბრენდინგის დეპარტამენტის მიერ ნეტგაზეთისთვის გამოგზავნილ პასუხში.

”ჯი–პი–აი ჰოლდინგის”  ინფორმაციით, ”ველფეარ ფაუნდეიშენის” მიერ 2008 წელს ჩატარებული კვლევით დაზღვეულების 73% კმაყოფილია პროგრამით და სადაზღვევო კომპანიების მიერ გაწეული მოსმახურებით. ამავე კვლევის თანახმად, კომპანია ”ჯი–პი–აი“-ს მომსახურებით ბენეფიციართა ზოგადი კმაყოფილება 70%-ია.

სხვა სადაზღვეო კომპანიების მსგავსი არგუმენეტები აქვს კომპანია „აი-სი ჯგუფსაც“. კონტროლის პალატის წინასწარი აუდიტის დასკვნას ისინიც არ ეთანხმებიან. კომპანიაში ამბობენ, რომ მათ აქვთ გამჭვირვალე ფინასები. ისინი დაელოდებიან კონტროლის პალატის საბოლოო დასკვნას და ამის შემდეგ უფრო დეტალურ განმარტებებს გააკეთებენ.

საქართველოს კონტროლის პალატა აუდიტის საბოლოო დასკვნის გამოქვეყნებას  უახლოეს დღეებში გეგმავს.

მასალების გადაბეჭდვის წესი