ახალი ამბები

ირანს ბირთვული იარაღის წარმოებისათვის დაწესებული საერთაშორისო სანქციები მოეხსნა

17 იანვარი, 2016 • 1779
ირანს ბირთვული იარაღის წარმოებისათვის დაწესებული საერთაშორისო სანქციები მოეხსნა

ირანისათვის დაწესებული საერთაშორისო სანქციები მოიხსნა. გადაწყვეტილება ევროკავშირმა მას შემდეგ მიიღო, რაც მარეგულირებელმა ორგანომ (IAEA) დაადასტურა ინფორმაცია, რომ ირანმა გარიგება ბირთვული იარაღის პროგრამის შეწყვეტისა და სამომავლოდ მისი გამოყენების საშიშროების მოხსნის შესახებ შეასრულა.

BBC-ის ინფორმაციით, ირანისათვის დაწესებული ეკონომიკური სანქციების გაუქმების ბრძანება გასცა ასევე ამერიკის სახელმწიფო მდივანმა ჯონ კერიმ.

სანქციების გაუქმების შემდეგ ირანს საშუალება მიეცემა გამოიყენოს ამ დრომდე გაყინული საბანკო ანგარიშები, რომლებიც რამდენიმე მილიარდ დოლარს შეადგენს და გაყიდოს ირანული ნავთობი მსოფლიოს მასშტაბით.

აღნიშნულ ხელშეკრულებას ირანის მთავრობამ ხელი გასული წლის ივლისში მოაწერა. გარიგების თანახმად ირანს უნდა დაენგრია ქალაქ არაკთან მდებარე ცენტრიფუგები და მოეხდინა მძიმე წყლის რეაქტორის დემონტაჟი, რომლის გამოყენებაც ატომური იარაღის შესაქმნელადაა შესაძლო.

პრეზიდენტი ჰასან რუჰანი ირანს ულოცავს მიღწეულ შედეგს.

ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი საგარეო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებში ფედერიკა მოგერინი აცხადებს, რომ მიღებული გადაწყვეტილება რეგიონში უსაფრთხოებისა და მშვიდობის მხრივ მდგომარეობას გააუმჯობესებს.

#IranDeal #ImplementationDay

Posted by Federica Mogherini on Saturday, 16 January 2016

 

საერთაშორისო ეკონომიკური და ფინანსური სანქციების გამო ირანის მთავრობამ 2012 წლის შემდეგ 160 მილიარდი დოლარი დაკარგა.

ბირთვულ იარაღის წარმოების გამო ირანს გაერომ სანქციები პირველად 2006 წლის დეკემბერში დაუწესა, რომლითაც აიკრძალა ირანში გარკვეული სახის მასალებისა და მოწყობილობების შეტანა, საბანკო ანგარიშები გაეყინა იმ ფიზიკურ და იურიდიულ პირებს, რომლებსაც კავშირი ჰქონდათ ბირთვულ იარაღის წარმოებასთან ირანში.

2010 წლის ივნისში გაეროს უშიშროების საბჭომ ამავე საკითხზე კიდევ ერთი რეზოლუცია მიიღო, რომლითაც გაამკაცრა სანქციები ირანისთვის, კერძოდ, ემბარგო დაედო ამ ქვეყანაში საბრძოლო ტანკების, თვითმფრინავების, სამხედრო ხომალდების და სამხედრო ვერტმფრენების, რაკეტების ან სარაკეტო სისტემების მიწოდებას.

მასალების გადაბეჭდვის წესი