ახალი ამბებიეკონომიკა

პრემიერი: მარჯვენასაჭიანი ავტომანქანების რეგისტრაციის აკრძალვაზე ნაბიჯი უკან არ იქნება

15 იანვარი, 2016 • 1741
პრემიერი: მარჯვენასაჭიანი ავტომანქანების რეგისტრაციის აკრძალვაზე ნაბიჯი უკან არ იქნება

საქართველოში უკვე არსებული მარჯვენასაჭიანი ავტომანქანების მფლობელობას ან გადაფორმებას არანაირი საფრთხე არ ემუქრება, – განმარტება მარჯვენასაჭიანი ავტომანქანების ახალი პარტიების შემოტანისა და რეგისტრაციის აკრძალვასთან დაკავშირებულ კანონპროექტზე საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მთავრობის დღევანდელ სხდომაზე გააკეთა.

როგორც გიორგი კვირიკაშვილმა აღნიშნა, ადამიანების საკუთრებას არავინ ეხება:

„მათ, ვისაც ჰყავთ შეძენილი მარჯვენასაჭიანი ავტომანქანები, შეუძლიათ, რამდენჯერაც ნებავთ, გაასხვისონ ან გადააფორმონ. საუბარი იყო ახალი პარტიების შემოტანის ვადაში შეზღუდვაზე. დარწმუნებული ვარ, არა მხოლოდ მთავრობის, არამედ საზოგადოების უდიდესი ნაწილის ნებას გამოვხატავ, როდესაც ვამბობ, რომ ეს არის აუცილებლად გასაკეთებელი და ამ საკითხში ნაბიჯი უკან არ იქნება. ეს უპირველეს ყოვლისა ემსახურება თბილისის მცხოვრებთა ინტერესებს, რადგან თბილისში არის საშინელი მდგომარეობა, მოძრაობა გადატვირთულია და თუ ასე გაგრძელდა, სულ უფრო უარესი ვითარება გვექნება.“

საქართველოს პრემიერ-მინისტრის თქმით, არსებული სიტუაციის უკონტროლოდ გაგრძელება უსაფრთხოების კუთხითაც მიზანშეუწონელია და შინაგან საქმეთა მინისტრს თხოვნით მიმართა, შესაბამისი სტატისტიკა წარმოადგინოს.

“ჩემი უფლებაა მარჯვნივ საჭე,” — ამ ლოზუნგით დეკემბერში ათასობით მძღოლმა შინაგან საქმეთა სამინისტროს ახალი ცვლილებათა პაკეტი გააპროტესტა, რომლის დამტკიცების შემთხვევაში 2016 წლიდან საქართველოში მარჯვენასაჭიანი ავტომობილების რეგისტრაცია აიკრძალება. როგორც ავტომოყვარულები აცხადებენ, მარჯვენასაჭიანი მანქანების ჩამოყვანა არც ეკოლოგიაზე მოქმედებს ცუდად და მოქალაქეებსაც გაცილებით იაფი უჯდებათ. მათი თქმით, ბევრი მარჯვენასაჭიანი მანქანის შემოყვანა პრობლემას არ წარმოადგენს, ხოლო რეალური პრობლემა საცობები და გაფუჭებული გზებია.

მთავრობის საკანონმდებლო ინიციატივით, მარჯვენასაჭიანი ავტომანქანების რეგისტრაცია აიკრძალება. შინაგან საქმეთა მინისტრ გიორგი მღებრიშვილის განმარტებით, მარჯვენასაჭიან ავტომანქანებზე დამატებითი გადასახადებისა და ახალი რეგულაციების შემოღება არ იგეგმება. ცვლილებები არც მარჯვენასაჭიანი ავტომანქანებით გადაადგილების აკრძალვას გულისხმობს. მფლობელებზე, რომლებსაც მსგავსი ავტომანქანები უკვე რეგისტრირებული აქვთ, შეზღუდვა არ გავრცელდება. აკრძალვა ასევე არ ეხება ტრანზიტს, დროებითი შემოყვანის რეჟიმს, რეექსპორტსა და იმპორტს. ეს კანონპროექტი პარლამენტს ჯერ არ განუხილავს.

 

მასალების გადაბეჭდვის წესი