ახალი ამბები

ბაკურიანში სრიალის დროს დაშავებული ქალი გარდაიცვალა

14 იანვარი, 2016 • 2399
ბაკურიანში სრიალის დროს დაშავებული ქალი გარდაიცვალა

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროში ნეტგაზეთს განუცხადეს, რომ საავადმყოფოში გარდაიცვალა ქალი, რომელიც 9 იანვარს ბაკურიანში ბორანით სრიალის დროს დაშავდა.

უწყების ინფორმაციით, ქალი ქმართან ერთად ბორანით სრიალებდა, როდესაც ბოძს დაეჯახნენ და ორივე მათგანი დაშავდა. მათივე ცნობით, ბორანს მამაკაცი მართავდა.

გამოძიება 276–ე მუხლის მეხუთე ნაწილით მიმდინარეობს, რაც გულისხმობს  ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევა, რამაც გამოიწვია ადამიანის სიცოცხლის მოსპობა.

რამდენიმე დღის წინ საქართველოს კიდევ ერთ სათხილამურო კურორტზე, გუდაურში სპორტულ ტრასაზე სკოლის მოსწავლე გოგონას ახალგაზრდა მამაკაცი შეეჯახა, შედეგად გოგონა ადგილზე გარდაიცვალა, მამაკაცი კი – დაშავდა.

მსხვერპლის თავიდან ასაცილებლად სათხილამურო კურორტებზე უსაფრთხოების ზომების პრობლემის გადაჭრის მოთხოვნით პეტიცია შეიქმნა, სადაც მთავრობასა და შპს “მთის კურორტების განვითარების კომპანიას” მიმართავენ.

 

მასალების გადაბეჭდვის წესი