ახალი ამბები

ვიკილიქსის ინფორმატორს აშშ-ში მაისში გაასამართლებენ

1 თებერვალი, 2011 • • 1160
ვიკილიქსის ინფორმატორს აშშ-ში მაისში გაასამართლებენ

ბრედლი მენინგი
ბრედლი მენინგი

ვიკილიქსისთვის საიდუმლო მასალების გადაცემის გამო დაკავბეული ამერიკელი სამხედროს, ბრედლი მენინგის მხარდამჭერები  და იურისტები ამბობენ, რომ ის უკვე 7 თვეა ციხეში, განმარტოებულ საკანში, სასამართლო პროცესს ელოდება.  ისინი დაკავებული სამხედროსადმი მოპყრობას აპროტესტებენ. ამის შესახებ „ალ ჯაზირა“ იუწყება.

ბრედლი მენინგი 2010 წლის ივლისში დააკავეს და დღემდე ვირჯინიაში კვირაში 7 დღე, დღეში კი  23 საათი მუდმივი მეთვალყურეობის ქვეშ იმყოფება.

დაკავებულის ადვოკატი დევიდ ჰაუსი მენინგს ციხეში რეგულარულად სტუმრობს. როგორც იურისტმა ალ ჯაზირას განუცხადა, მისი კლიენტის ფიზიკური და ფსიქოლოგიური მდგომარეობა დღითიდღე უარესდება.

პენტაგონის წარმომადგენელი ჯეოფ მორელი (Geoff Morell) კი ამტკიცებს, რომ დაკავებული სამხედრო სხვა პატიმრების მსგავს პირობებში ცხოვრობს. მისი თქმით, იგი დღეში სამჯერ იკვებება, აქვს დარეკვის, წერილების გაგზავნის საშუალება, ასევე მნახველების მიღების უფლება. პენტაგონის ინფორმაციითვე, მას ხელი მიუწვდება ექიმის სრულყოფილ მომსახურებაზეც.

გაეროს წარმომადგენელი ხუან მენდესი მიიჩნევს, რომ 7 თვის მანძილზე პატიმრის მოთავსება იზოლირებულ საკანში სასამართლო მოსმენის გამართვამდე, შესაძლოა, წამების და ფსიქოლოგიური ზემოქმედების ერთ-ერთ ფრომად იქნეს მიჩნეული.

23 წლის ბრედლი მენინგის წინასასამართლო მოსმენა 2011 წლის მაისშია დაგეგმილი. მას ბრალი საიდუმლო მასალების გავრცელებაში ედება. მენინგმა ჯარში სამსახური რამდენიმე წლის წინ დაიწყო. დაკავებამდე ის სამშვიდობო მისიით ერაყში, ერთ-ერთ ბრიგადაში, იმყოფებოდა.  სამსახურიდან გამომდინარე, მას ხელი მიუწვდებოდა SIPRNet-ზე (the Secret Internet Protocol Router Network). SIPRNet არის აშშ-ს თავდაცვისა და სახელმწიფო დეპარტამენტების კომპიუტერული სისტემა, რომლის საშუალებითაც საიდუმლო ინფორმაციის გავრცელება ხორციელდება. ამ სისტემას დაახლოებით ნახევარი მილიონი მომხმარებელი ჰყავს, მაგრამ მასში განთავსებულ ინფორმაციაზე ხელი მხოლოდ სახელმწიფო აგენტთა და სამხედროთა ძალიან სანდო, მცირე ჯგუფს მიუწვდება.

ერთ-ერთმა ჰაკერმა ადრიან ლამომ აშშ-ს ხელისუფლებას მიაწოდა ინფორმაცია, რომ ბრედლი მენინგმა SIPRNet-დან ჩამოტვირთული ინფორმაცია ვიკილიქსს მიაწოდა. მიწოდებულ ინფორმაციათა შორის იყო ამერიკელი სამხედროების მიერ მშვიდობიანი მოქალაქეების დაბომბვის ამსახველი ვიდეოები და დიპლომატიური მიმოწერის მნიშვნელოვანი ნაწილი.

აშშ-ს ხელისუფლებამ ყოფილი სამხედრო 2009 წლის 19 ნოემბრიდან 2010 წლის 27 მაისამდე  გავრცელებული საიდუმლო მასალების ვიკილიქსისთვის გადაცემის გამო დააკავა.

მასალების გადაბეჭდვის წესი