შოთაძე: ჩემთვის გაუგებარია, რატომ სპეკულირებს ელისაშვილი ვიდეოჩანაწერებით

საქართველოს მთავარი პროკურორი ირაკლი შოთაძე შეწყალების კომისიის ყოფილი თავმჯდომარის ალეკო ელისაშვილის განცხადებას პასუხობს. შოთაძის თქმით, გიორგი ბადაშვილი და გიორგი გოგაძე ელისაშვილთან შეხვედრის ფაქტს ადასტურებენ, თუმცა, როგორც ისინი ამბობენ, მათ შეხვედრაზე შეწყალების კომისიის საკითხი არ განხილულა.

“საქართველოს პროკურატურაში ამ საქმის ირგვლივ ჩატარდა უპრეცედენტო საგამოძიებო მოქმედებები, რაშიც იგულისხმება მოქმედი პროკურორისა და ყოფილი მთავარი პროკურორის მოადგილის დაკითხვა. არც გიორგი ბადაშვილი და არც გიორგი გოგაძე არ უარყოფენ ამ შეხვედრის ფაქტს და რატომ ხდება ამ ჩანაწერებით სპეკულირება, ჩემთვის გაუგებარია. მათ დაადასტურეს, რომ იყო შეხვედრა მთავარ პროკურორთან, თუმცა აქ საუბარია იმაზე, რომ ელისაშვილთან შეხვედრაზე არ ყოფილა საუბარი შეწყალების კომისიის საქმიანობაზე,” – აცხადებს შოთაძე.

შეწყალების კომისიის ყოფილი თავმჯდომარე, თბილისის საკრებულოს წევრი ალეკო ელისაშვილი აცხადებს, რომ მთავარი პროკურატურა 2014 წელს მისი შენობაში გადაადგილების ვიდეოჩანაწერს არ აძლევს იმ მოტივით, რომ ეს ჩანაწერები მხოლოდ 1 წელზე მეტი დროის განმავლობაში არ ინახება.
ირაკლი შოთაძე ასევე აცხდებს, რომ ე.წ. ფოტოგრაფების საქმის შესახებ გამოძიება უახლოეს მომავალში დასრულდება:

“ჩვენს საქმეს გრიფი არ ადევს, გრიფი ედო ძველ საქმეს და მე შემიძლია საზოგადოებას დავპირდე, რომ უახლოეს მომავალში გაეცემა ყველა კითხვას პასუხი. მათ შორის, რის საფუძველზე და რა გარემოებების საფუძველზე მოხდა ამ პიროვნებებისათვის ბრალდის დადება ჯაშუშობისათვის, ” – აცხადებს მთავარი პროკურორი.

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
ავტორი