ახალი ამბები

საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილეებად დავით ზალკალიანი და ზვიად გონაძე დაინიშნენ

8 იანვარი, 2016 • 1517
საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილეებად დავით ზალკალიანი და ზვიად გონაძე დაინიშნენ

საქართველოს პრემიერ-მინისტრის, გიორგი კვირიკაშვილის 2016 წლის 8 იანვრის N3 ბრძანებით საგარეო საქმეთა მინისტრის პირველ მოადგილედ დავით ზალკალიანი დაინიშნა, ხოლო პრემიერ-მინისტრის 2016 წლის 8 იანვრის N4 ბრძანებით საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილედ  – ზვიად გონაძე.

დავით ზალკალიანს 2012-2014 წლებში საგარეო საქმეთა მინისტრის პირველი მოადგილის თანამდებობა ეკავა; 2004-2007 წლებში ის გახლდათ საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი უზბეკეთისა და ტაჯიკეთის რესპუბლიკებში; 2007 წელს მას მინიჭებული აქვს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩის დიპლომატიური რანგი. დავით ზალკალიანი 2015 წლიდან 2016 წლის 7 იანვრამდე იყო „ლევან მიქელაძის სახელობის ფონდის“ აღმასრულებელ დირექტორი.

ზვიად გონაძე 2012-2016 წწ-ში სახელმწიფო მომსახურების სააგენტოს ბიუროს დირექტორი იყო. სხვადასხვა დროს გახლდათ საქართველოს მინისტრთა კაბინეტში და პრეზიდენტის კანცელარიაში, საერთაშორისო საფინანსო ორგანიზაციებთან და დონორ ქვეყნებთან ურთიერთობის სამსახურის უფროსი და პრეზიდენტთან არსებული უცხოური ინვესტიციების საკონსულტაციო საბჭოს სამდივნოს უფროსი. ზვიად გონაძეს მიღებული აქვს საერთაშორისო ეკონომიკური განათლება – 1994 წელს დაამთავრა აშშ-ის ტენესის უნივერსიტეტის ეკონომიკის მაგისტრის პროგრამა.

საგარეო საქმეთა მინიტრს მოადგილის პოზიციებზე ასევე რჩებიან დავით დონდუა, დავით ჯალაღანია, გიგი გიგიაძე და ხათუნა თოთლაძე.

მასალების გადაბეჭდვის წესი