ახალი ამბები

კალაძე ენერგო–პრო ჯორჯიას თანამშრომლებს მადლობას უხდის

8 იანვარი, 2016 • 2298
კალაძე ენერგო–პრო ჯორჯიას თანამშრომლებს მადლობას უხდის

საქართველოს ენერგეტიკის მინისტრი კახა კალაძე ენეგო-პრო ჯორჯიას თანამშრომლებს დასავლეთ საქართველოში დიდთოვლობის დროს გაწეული სამუშაოსთვის მადლობას უხდის.

“მინდა ვისარგებლო შემთხვევით და მადლობა გადავიუხადო ენერგო-პროს ყველა იმ თანამშრომელს, ვინც ამ დღეების განმავლობაში მართლა თავდაუზოგავად შრომობდა და ყველაფერს აკეთებდა იმისთვის, რომ რაც შეიძლება ძალიან სწრაფად მოეგვარებინათ ყველა ის პრობლემა, რომელიც ხელს უშლიდა ელექტროენერგიის მიწოდებას აბონენტებისთვის,” – განაცხადა კახა კალაძემ.

თუმცა ამ კომპანიის საქმიანობა დიდთოვლობის პერიოდში მკაცრად გააკრიტიკა საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა ზვიად კავაჭანტირაძემ:

“ჩემი გაფრთხილება რად უნდათ, რა, თავად არ იციან, რომ დამპალი ბოძები და სადენები, რომელთა მოვლა- პატრონობის და ზამთრისთვის მომზადების პირდაპირი ვალდებულება გააჩნიათ, პრობლემებს შექმნიან, თუ დროზე არ მიხედე? ტარიფების მომატებაზე ხომ იზრუნეთ, ამ დროს გამრიცხველიანებასაც კი ვერ ახერხებთ.!!! ერთ თეთრს ერთი დღით არავის პატიობთ და გინდათ თქვენმა აბონენტებმა გაპატიონ ასეთი უპასუხისმგებლობა!”– წერდა კვაჭანტირაძე საკუთარ ფეისბუკის გვერდზე.

დასავლეთ საქართველოში უამინდობა და დიდთვლობა 31 დეკემბერს ღამით დაიწყო.

კახა კალაძემ დღესვე მთავრობის წევრებს დიდთოვლობის დროს გაწეულ სამუშაოებზეც მიაწოდა ინფორმაცია და აღნიშნა, რომ ამ დროისთვის ელექტროენერგიის გარეშე მხოლოდ 80 აბონენტი რჩება:

“დიდთოვლობის გამო რამდენიმე დღის განმავლობაში ელექტროენერგიის მიწოდების თვალსაზრისით ხარვეზები გვქონდა. ეს იყო აჭარის რეგიონი, გურია, იმერეთი, სამეგრელო, რაჭა-ლეჩხუმი. სტიქიის შედეგები მაღალ ძაბვაზე უკვე ლიკვიდირებული და სრულიად აღმოფხვრილია. დაახლოებით, ბოლო ინფორმაციით, ელექტროენერგიის გარეშე მხოლოდ 80 აბონენტი გვრჩება. ეს არის ცაგერის რაიონში არსებული სოფლები, იქაც არის გარკვეული პრობლემები გზებთან დაკავშირებით, გზა, ფაქტობრივად, წაიღო დიდთოვლობამ. დღესაც  შესაბამისი სამსახურები მუშაობენ და, როგორც კი სოფელში შესვლა შესაძლებელი გახდება, ჩვენ ამ 80 აბონენტს აუცილებლად გავანულებთ. ამბროლაურში არის ელექტროენერგიის გარეშე დარჩენილი 12 აბონენტი. ამ მომენტისთვის სხვა პრობლემები არ არის. გვქონდა გარკვეული შეფერხება მაღალ ძაბვაზე, კავკასიონზე, საიდანაც ელექტროენერგია შემოგვაქვს რუსეთიდან, თუმცა ეს პრობლემაც დღეს უკვე მოგვარებულია.

მასალების გადაბეჭდვის წესი