ახალი ამბები

ალასანია დავით ზალკალიანს საგარეო საქმეთა სამინისტროში დანიშვნას ულოცავს

6 იანვარი, 2016 • 1425
ალასანია დავით ზალკალიანს საგარეო საქმეთა სამინისტროში დანიშვნას ულოცავს

თავისუფალი დემოკრატების ლიდერი და თავდაცვის ყოფილი მინისტრი, ირაკლი ალასანია ამავე პარტიის ყოფილ წევრს, დავით ზალკალიანს ახალ პოსტზე დანიშვნას ულოცავს.

გავრცელებული ინფორმაციით, დავით ზალკალიანი საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილის პოსტზე ინიშნება.

“დავით, გილოცავ, ძმაო, შობას და ახალ თანამდებობას, კაცი ხარ კაცური. საბოლოოდ მაინც ჩვენი გუნდია ქვეყნის ფონს გამყვანი და სანამ შემოდგომაზე მთელი შემადგენლობით მოვალთ მთავრობაში, მანამდე იქნებ შთააგონო შენს ძველ ახალ კოლეგებს, მთელი რეგიონი და მსოფლიო რომ ომშია ჩაფლული, საგარეო ფაქტორების გათვალისწინებით, განსაკუთრებით დღეს საქართველოს ცა დაცული უნდა იყოს! გამიხარდება, თუ თავდაცვის იარაღის თემა ამოიწევს და ისე სრულმასშტაბიანად გაკეთდება, როგორც ჩაფიქრებული იყო. საქართველოსთვის ბევრ საკითხში მოდელი და მაგალითი უნდა გახდეს ისრაელი, ტრადიციული, ტემპერამენტით და თვისობრივად ჩვენი მსგავსი ქვეყანა და ამ მოდელთან სწორება უნდა დაიწყოს მტკიცე თავდაცვით. იმედი მაქვს, იოლად გასაგებია, რომ ქვეყნის თავდაცვის თემა ჩემი ახირება არაა, ეს არის ქვეყნისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი ერთ-ერთი პირველადი საკითხი. გისურვებ წარმატებებს ქვეყნის საკეთილდღეოდ,”- წერს ირაკლი ალასანია ფეისბუკის პირად გვერდზე.

 დავით ზალკალიანმა საგარეო საქმეთა მაშინდელ მინისტრთან, მაია ფანჯიკიძესთან ერთად მინისტრის მოადგილის პოსტი 2014 წლის ნოემბერში დატოვა, მას შემდეგ, რაც ირაკლი ალასანია ირაკლი ღარიბაშვილმა თავდაცვის მინისტრის პოსტიდან გადააყენა. რამდენიმე თვის წინ დავით ზალკალიანმა თავისუფალი დემოკრატების რიგები დატოვა და ლევან მიქელაძის ფონდის აღმასრულებელი დირექტორი გახდა.
საგარეო საქმეთა სამინისტროში ნეტგაზეთს განუცხადეს, რომ როდესაც გადაწყვეტილება იქნება მიღებული, უწყება მაშინ გააკეთებს განცხადებას. პრესსამსახურის განცხადებით, სამინისტროში ამჟამად მინისტრის ორი მოადგილის თანამდებობაა ვაკანტური და კანდიდატებთან კონსულტაციები მიმდინარეობს.

მასალების გადაბეჭდვის წესი