ახალი ამბები

თვითმხილველების თქმით, მეტრო დელისთან ხანდაზმული მამაკაცი არ გაყინულა

5 იანვარი, 2016 • 3041
თვითმხილველების თქმით, მეტრო დელისთან ხანდაზმული მამაკაცი არ გაყინულა

4 იანვარს თბილისში ხანდაზმული მამაკაცი გარდაიცვალა. მედიით გავრცელდა ინფორმაცია, რომ დელისის მეტროსთან მამაკაცი გაიყინა, თუმცა, როგორც ნეტგაზეთს შსს-ში განუცხადეს, ექსპერტიზის პირველადი მონაცემებით, ის ბუნებრივი სიკვდილით გარდაიცვალა.

ნეტგაზეთმა დღეს შემთხვევის ადგილზე და მეტრო დელისში განთავსებულ ჯიხურებში ინფორმაციის გადამოწმება სცადა. როგორც თვითმხილველები ამბობენ, ხანდაზმული მამაკაცი მიუსაფარი არ ყოფილა და არც გაყინულა.

“გამვლელი იყო და ცუდად გახდა. გარდაცვალების შემდეგ, ჯიპებით მოაკითხეს ახლობლებმა. ქალი და გოგონები იყვნენ და ტიროდნენ. გოგოები ამბობდნენ, მამააო ჩვენი და ტიროდნენ. ჯიპებით მოაკითხეს და მიუსაფარი როგორ იყო? რასაც წერენ, არაფერი ეგეთი არ ყოფილა. ფეხით მოსიარულე ადამიანი იყო, რომელიც მეტროში ჩადიოდა და ცუდად გახდა. გულის შეტევით დაიღუპა,” – ამბობს ერთ-ერთი თვითმხილველი ნეტგაზეთთან საუბრისას.

კიდევ ერთი თვითმხილველი, რომელსაც ნეტგაზეთი ესაუბრა, ამბობს, რომ გუშინ დილიდან მეტროს შესასვლელთან ჯიხურში მუშაობდა და მიუსაფარი ადამიანი იქ არ უნახავს. მისი თქმით, გარდაცვლილი დაახლოებით 70 წლის მამაკაცი იყო:

“დილიდან საღამომდე აქ ვმუშაობ და გაყინული აქარავინ მინახავს. 70 წლის კაცი იყო, ჩაიკეცა და დაიღუპა. მერე მოაკითხეს ნათესავებმა და გადაასვენეს ცხედარი. დაახლოებით პირველ-ორ საათზე მოხდა ეს ამბავი.”

იმავეს ამბობენ დანარჩენი რესპოდენტებიც. კიდევ ერთი თვითმხილველი, რომელიც მეტრო დელისის ტურნიკეტებთან განთავსებულ ჯიხურში მუშაობს, ამბობს, რომ გარდაცვლილის შვილს ესაუბრა. ისიც აცხადებს, რომ მამაკაცი მიუსაფარი არ ყოფილა და არც გაყინვა ყოფილა გარდაცვალების მიზეზი. მისი თქმით, ხანდაზმული მამაკაცი ბუნებრივი სიკვდილით დაიღუპა.

მედიით გავრცელებულ ინფორმაციას “მიუსაფარი მამაკაცის” გარდაცვალების შესახებ ადამიანის უფლებების სწავლების და მონიტორინგის ცენტრი (EMC) გამოეხმაურა. არასამთავრობო ორგანიზაციის განცხადებაში ნათქვამია, რომ სახელმწიფომ დაუყოვნებლივ, პროაქტიურად უნდა გადაიყვანოს უსახლკარო პირები დროებით თავშესაფარში.

გუშინ, 4 იანვარს, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროში ნეტგაზეთს განუცხადეს, რომ მამაკაცის გარდაცვალებაზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლით დაიწყო და მისი დაღუპვის მიზეზის დასადგენად ექსპერტიზა დაინიშნა. თუმცა, უწყების ცნობით, გარდაცვლილი მამაკაცის ოჯახის წევრებმა გუშინ თავად განაცხადეს უარი ექსპერტიზაზე. შესაბამისად,  როგორც შსს-ში აცხადებენ, გამოძიებაც ამ საქმეზე შეჩერდა.

მასალების გადაბეჭდვის წესი