ახალი ამბები

ივანიშვილის თქმით, შეწყალების კომისიის სკანდალი მარგველაშვილის ხელით იმართება

30 დეკემბერი, 2015 • 2179
ივანიშვილის თქმით, შეწყალების კომისიის სკანდალი მარგველაშვილის ხელით იმართება

ბიძინა ივანიშვილის თქმით, შეწყალების კომისიის სკანდალი საქართველოს პრეზიდენტის, გიორგი მარგველაშვილის ხელით იმართება. ამის შესახებ ივანიშვილმა GDS-ის გადაცემა “20 30”-ში ისაუბრა.

როგორც ბიძინა ივანიშვილი აცხადებს, შეწყალების კომისიის სკანდალი და ლევან მურუსიძის სააპელაციო სასამართლოს მოსამართლედ არჩევა ერთმანეთს ძალიან ჰგავს. ყოფილი პრემიერი ორივე შემთხვევას გიორგი მარგველაშვილს უკავშირებს და ამბობს, რომ პრეზიდენტი ორივე საქმით სასამართლოზე გავლენის მოპოვებას ცდილობს.

“მე ვიცი, რომ დროშიც შეზღუდულები ვართ და ამის ანალიტიკას ვერ მოვახერხებ, მაგრამ, თუ გნებავთ, სპეციალურ გადაცემაში დავალაგებ და კარგად გავამართლებ, თუ როგორ არის მარგველაშვილისგან მართული და როგორ ცდილობს სასამართლოზე გავლენის მოპოვებას. ეს არის მთელი ამ პრობლემის ნაწილი და კარგი მაგალითია [ალეკო] ელისაშვილი. ელისაშვილის პრობლემა გაცილებით მარტივია ასახსნელად: წელიწადნახევარი გავიდა იმის შემდეგ და ეს კაცი გამოდის და რაღაც აღმოჩენებს აკეთებს. ჩემი აზრით, ერთი და იგივე ხალხისგან, ერთი და იგივე ჯგუფისგან არის ეს ორგანიზებული და ემსახურება ერთ მიზანს, რომ დააკნინონ როგორმე პროცესი, რაც ნაციონალურ მოძრაობას ძალიან კარგად ახსოვს და რაც “რუსთავი 2”-ს აწყობს. “რუსთავი 2” უდგას ამას სათავეში, რომ პოლიტპატიმრები საქართველოში არ იყვნენ, ხოლო მოვიდა ქართული ოცნება და ფულის გასაკეთებლად მოხდა მთელი ეს პროცესი. ასე უნდათ დაამახინჯონ და აღწერონ მთელი ეს სიტუაცია, რაც მოხდა. მე აღარ დავუბრუნდები, თუ რა იყო რეალობაში საქართველოში. რაც მთავარია, ნახეთ, ეს ორი საქმე როგორ გავს ერთმანეთს. ნახეთ, რა მაღლაა ორივე აწეული. თუ პირველში შეიძლება ეჭვი შეგვეპაროს, მართლაც გირგვლიანის თემაა ყველაზე ტრაგიკული, ამას უკავშირებენ და მურუსიძე გახადეს დამკვეთადაც, რეჟიმის ჩამომყალიბლებლადაც, შემსრულებლადაც, მკვლელადაც, მოსამართედაც, ყველაფრად გამოხატეს. მას აქვს თავისი წვლილი ამაში, მაგრამ ეს წვლილი სააკაშვილთან და ამ გუნდთან შედარებით არის ძალიან მცირე, თუმცა ესეც არ არის სასიამოვნო, კიდევ ვიმეორებ. ეს ორივე თემა ასწიეს ძალიან მაღლა და ასწიეს ერთი და იგივე ხალხმა. ეს ხელწერაც კარგად ნაცნობია – ნაციონალურ მოძრაობას შეეძლო და მათგან მართულ მედიას, “რუსთავი 2″-ის მეთაურობით. ნახეთ, როგორ გავს და მათ თამაშს ათამაშებენ. პრეზიდენტის ხელით კეთდება ეს ყველაფერი; მარგველაშვილის ხელით, რომელიც განუხრელად ცდილობდა მმართველი გამხდარიყო მმართველი გუნდის, რომელმაც ის მოიყვანა. ნახეთ, მისი რიტორიკაც როგორ დაემგვანა ნაციონალების რიტორიკას. შემოაბრუნა ამ ბოლო გამოსვლებში და ამბობს, რომ ის განუხრელად ცდილობდა, რომ მმართველმა გუნდმა, რომელმაც ის მოიყვანა, მათთან ემეგობრა და ყოფილიყო თანმიმდევრული, მაგრამ გუნდმა ვერ მოახერხა ეს და ვერ მოახერხა ღარიბაშვილმა. ამ დროს ყველა მისი სვლა მოსვლის პირველი დღიდან განწყობილი იყო საკუთარი გუნდის [წინააღმდეგ]. ის ამ გუნდმა მოიყვანა. გადადგეს და თავიდან ჩაიტაროს არჩევნები. თანაც უფასოდ ჩაიტარებს, აგერ, გუნდთან ერთად მოვიდა, მაგრამ მშვენივრად იცის, რომ მოსახლეობის 1-2 %-ის ნდობა დაიმსახუროს. ასეთი ლავირებით ეშმაკობს,” – განაცხადა ივანიშვილმა ტელეკომპანია GDS-ის ეთერში.

ლევან მურუსიძე საბჭოს 10 წევრის თანხმობით სააპელაციო სასამართლოს მოსამართლედ აირჩიეს. ლევან მურუსიძეს, როგორც საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის წევრს, 2007 წელს მონაწილეობა აქვს მიღებული გადაწყვეტილებაში, რის შედეგადაც სანდრო გირგვლიანის მკვლელობაში ბრალდებულებს სასჯელები შეუმცირდათ. თავად მურუსიძე აცხადებს, რომ მოქმედი კანონმდებლობის ჩარჩოებში სასამართლოს სხვა გადაწყვეტილების მიღება არ შეეძლო. უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის 10-წლიანი ვადა მას 2016 წლის აპრილში ეწურება.

საქართველოს პრეზიდენტის, გიორგი მარგველაშვილის განცხადებით, სამართლიანი სასამართლოს შესაქმნელად ბრძოლა გრძელდება და ამ ბრძოლას ბოლომდე მიიყვანს. პრეზიდენტმა განმარტა, რომ იუსტიციის უმაღლეს საბჭოში მის მიერ დანიშნულმა ერთმა წევრმა დატოვა აღნიშნული კენჭისყრა, სადაც ლევან მურუსიძე სააპელაციო სასამართლოს მოსამართლედ აირჩიეს.

მასალების გადაბეჭდვის წესი