ახალი ამბები

თელავში დაჭრილი პოლიციელი მაია ჯავახიშვილი გარდაიცვალა

30 დეკემბერი, 2015 • 2300
თელავში დაჭრილი პოლიციელი მაია ჯავახიშვილი გარდაიცვალა

შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით,  დღეს, 30 დეკემბერს, თელავში  დაჭრილი პოლიციელი მაია ჯავახიშვილი გარდაიცვალა. უწყების ინფორმაციით, მაია ჯავახიშვილი დაჭრა, ხოლო პოლიციის კაპიტანი გელა ლამაზოშვილი 19 წლის ახალგაზრდამ სანადირო თოფით მოკლა.

შსს–ს ინფორმაციით, სამართალდამცველებმა ბრალდებული შემთხვევის ადგილიდან მიმალვის მცდელობისას, მომხდარიდან რამდენიმე წუთში დააკავეს და ნივთმტკიცებად ამოიღეს დანაშაულის ჩადენის იარაღი – ბრალდებულის პაპის სახელზე რეგისტრირებული სანადირო თოფი.

“თელავში, რუსთაველის ქუჩაზე, საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის კახეთის მთავარი სამმართველოს შენობის მოსაზღვრედ მცხოვრებმა სანდრო მ.-მ თავისივე ეზოს ღობიდან სამმართველოს ეზოში გასულ ინსპექტორს, სამართალდარღვევათა აღრიცხვისა და ანალიზის განყოფილების თანამშრომელს მაია ჯავახიშვილს სანადირო თოფიდან ესროლა და დაჭრა. ბრალდებულმა, ასევე, ერთი გასროლა განახორციელა დაჭრილი თანამშრომლის დასახმარებლად მისული პოლიციის კაპიტნის, გელა ლამაზოშვილის მისამართით. მიღებული ჭრილობის შედეგად გელა ლამაზოშვილი საავადმყოფოში მიყვანისთანავე გარდაიცვალა,”– აცხადებს შსს.

გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე და 19-109-ე მუხლებით მიმდინარეობს, რაც გულისხმობს განზრახ მკვლელობას და დამამძიმებელ გარემოებაში განზრახ მკვლელობის მცდელობას.

მასალების გადაბეჭდვის წესი