ახალი ამბები

სამინისტრომ თურქეთის ციხეებში საქართველოს მოქალაქეებს ხატები და წიგნები გაუგზავნა

28 დეკემბერი, 2015 •
სამინისტრომ თურქეთის ციხეებში საქართველოს მოქალაქეებს ხატები და წიგნები გაუგზავნა

სასჯელაღსრულების სამინისტროს ცნობით, მინისტრის მოვალეობის შემსრულებელ კახა კახიშვილის ინიციატივით, თურქეთის პენიტენციურ დაწესებულებებში მყოფ საქართველოს მოქალაქეებს ქართულენოვან წიგნებსა და საეკლესიო ნივთებს გაუგზავნიან.

ფოტომასალაში, რომელიც პრესსამსახურმა გაავრცელა, წიგნებთან ერთად არის ხატები, სანთლები და კალენდარი ილია II-ის გამოსახულებით.

თურქეთის 36 პენიტენციურ დაწესებულებაში, სადაც 270-ზე მეტი საქართველოს მოქალაქე მსჯავრდებული/ბრალდებული იმყოფება, 36 სალოცავი კუთხე მოეწყობა.

სამინისტროს პრესსამსახურის ცნობით, კახა კახიშვილი თურქეთში ვიზიტის ფარგლებში სტამბოლის ციხეში მყოფ ქართველ მსჯავრდებულებსაც შეხვდა და მათი ერთ-ერთი თხოვნა სწორედ ქართულ წიგნებსა და საეკლესიო ნივთებს უკავშირდებოდა.

“თურქეთში ქართველ მსჯავრდებულთათვის გასაგზავნი ხატების, მართლმადიდებლური საეკლესიო ლიტერატურის, საეკლესიო კალენდრების, სანთლებისა და საეკლესიო ჟურნალ-გაზეთების გამოყოფა პატრიარქის ლოცვა-კურთხევით საქართველოს საპატრიარქომ უზრუნველყო. თურქეთის პენიტენციურ დაწესებულებებში მყოფ ქართველ მსჯავრდებულებს სამების საკათედრო ტაძრის წინამძღვარი მამა ილია ნასიძე ყოვლადწმინდა სამების ხელნაწერ ხატსაც უგზავნის საჩუქრად,”– აღნიშნულია სამინისტროს მიერ გამოგზავნილ რელიზში

ასევე აღნიშნულია, რომ მიქაელ ბოტკოველის განცხადებით, საპატრიარქოსა და პენიტენციურ სისტემას შორის არსებული ხელშეკრულების საფუძველზე სასულიერო პირები “მსჯავრდებულთა სულიერ მდგომარეობაზე ზრუნავენ”

რაც შეეხება თურქეთის ციხეებში გასაგზავნ 450-მდე ეგზემპლარ ქართულენოვან მხატვრულ ლიტერატურას, სამინისტროს ცნობით, ის გამომცემლობა „პალიტრა L“-მა გამოყო.

wignebi

სასჯელაღსრულების სამინისტროს ფოტო

სასჯელაღსრულების სამინისტროს ფოტო

 

 

 

მასალების გადაბეჭდვის წესი