“მინდა მეტი მწვანე სივრცე,” – ელენე რომელაშვილი ვაკის პარკში შეკრებილ საზოგადოებას შეუერთდა, რომელიც დაანონსებული მშენებლობის წინააღმდეგ აქციას მართავს. საკუთარ სურვილს მარკერით CD დისკზე წერს და თოკით ხეზე ტოვებს. ისე, როგორც ყველა დანარჩენი. დღეს პარტიზანებმა გადაწყვიტეს საკუთარი სურვილები ვაკის პარკის ხეებს შეაბან და ამგვარად გამოხატონ საკუთარი სათქმელი.
თბილისში, ვაკის პარკი ტერიტორიაზე პატრიზანული ბეღაობის ორგანიზებით კიდევ ერთი საპროტესტო აქცია-კონცერტი მოეწყო, სახელწოდებით “მერია, შეგვისრულე დანაპირები, დაგვიბრუნე პარკი”. აქციას თბილისის ამქარი, მწვანე მუშტი და ახალგაზრდა მწვანეებიც შეუერთდნენ.
ვაკის პარკში მშენებლობის შესახებ ინვესტორმა კომპანიამ თავად დააანონსა. მათი განცხადებით, მშენებლობა 27 დეკემბერს უნდა დაწყებულიყო. პარტიზანული მებაღეობის წევრებმა გადაწყვიტეს კიდევ ერთხელ შეკრებილიყვნენ და პროტესტი გამოეხატათ დაგეგმილი მშენებლობის წინააღმდეგ.
როგორ პარტიზანი მებაღე მარიამ ბაქრაძე ამბობს, პარტიზანებმა თბილისის მერიისაგან მშენებლობის ადგილმონაცვლეობის საკითხთან დაკავშირებით დაპირება მიიღეს, თუმცა კომპანია მშენებლობის დაწყებას მაინც ვაკის პარკის ტერიტორიაზე გეგმავს.
“ჩვენ მოვედით, რადგან შევახსენოთ მერიას, რომ ჩვენ ისევ აქ ვართ. არ დავუშვებთ მშენებლობის დაწყებას. აქ ვიქნებით ისე, როგორც მთელი ამ სამი წლის განმავლობაში. ჩვენ ერთხელ უკვე მოვახერხეთ მშენებლობის შეჩერება. 2 თებერვალს იწყება ასევე სასამართლოში ამ საქმის არსებითი განხილვა. მერიამ განგვიცხადა, რომ აწარმოებს მოლაპარაკებებს ადგილმონაცვლეობის საკითხთან დაკავშირებით. მაგრამ ფაქტია, რომ ინვესტორი აანონსებს მშენებლობის დაწყებას,” – ამბობს მარიამ ბაქრაძე.
აქციაზე შეიკრიბნენ გუდიაშვილის ბაღიდან, ასათიანის პარკიდან, პეკინის ქუჩიდან, პავლოვის გამზირიდან, იპოდრომიდან, ვარკეთილიდან, ფანასკერტელიდან და დიღმის პარკიდან. შეკრებილებმა ერთმანეთს სამოქმედო გეგმა და მიღწეული შედეგები გააცნეს.
როგორც გიორგი შილაკაძე, თამარაშვილის #13-ის საინიციატივო ჯგუფის ერთ-ერთი წევრი ამბობს, მსგავსი სახის პროტესტს ყოველთვის შეუძლია შედეგის გამოღება:
“წელიწადნახევარია აქტიურად ვაწარმოებთ კამპანიას თამარაშვილის ქუჩის მიმდებარედ. სამ დეველოპერულ კომპანიას შევუქმენით საკმაოდ სერიოზული პრობლემები. ჩართულობის, პროტესტისა და გუნდური მუშაობის საფუძველზე დღეს მერიაში კომპანიების შეტანილი პროექტების განხილვამ კიდევ წელიწადნახევრით გადაიწია.”
ამჟამად ჯგუფი ინიციატივით გამოდის, რომ იპოდრომის ტერიტორიას დაუბრუნდეს კვლავ სარეკრეაციო ზონის სტატუსი.
გიორგი შილაკაძე თავად ერთ-ერთი სამშენებლო კომპანიის თანამშრომელი იყო:
“მაგრამ როდესაც დავინახე, რა ხდებოდა ქალაქში და როგორ იცვლებოდა ქალაქის იერსახე, მივხვდი, რომ ეს უბრალოდ ვანდალიზმია,” – ამბობს იგი.
ვაკის პარკში აქციას შეურთდა ასევე თბილისის საკრებულოს დამოუკიდებელი დეპუტატი ალეკო ელისაშვილი.
“ძალიან დიდი სირცხვილია, რომ ამდენი ხნის განმავლობაში ერთსა და იმავეს ვაპროტესტებთ. დრო გავიდა, მთავრობები შეიცვალა და პრობლემა კი რჩება. მე აქ იმისთვის მოვედი, რომ ყველას ვაგრძნობინოთ, რომ ქალაქი ვართ ჩვენ. თითოეული აქ მდგომი მოქალაქე არის ქალაქი. ჩვენ აქ ვიცავთ ჩვენს უფლებებს. გვინდა ნორმალურ სივრცეში ცხოვრება. ქალაქში უნდა იყოს ბევრი მწვანე სივრცე და არა მახინჯი კორპუსი,” – ამბობს ელისაშვილი.
საპროტესტო აქცია ცოცხალი მუსიკის ფონზე გაგრძელდა. ვაკის პარკში შეკრებილების წინაშე გამოვიდნენ რეზო კიკნაძე; Tete Noise; Blue Sun; Bedford Falls; ლადო გიგაია; ბექა ტალახაძე, ტატო ნადირაძე, ნინუცა & ლაშა და ლექსო რატიანი.
პარტიზანი მებაღეები პირველად ვაკის პარკში 3 წლის წინ, 27 დეკემბერს შეიკრიბნენ და მას შემდეგ სასტუმრო “ბუდაპეშტის” მშენებლობას აპროტესტებენ.