ახალი ამბები

გიორგი კვირიკაშვილი პრეზიდენტის განცხადებებს ეხმაურება

27 დეკემბერი, 2015 • 2216
გიორგი კვირიკაშვილი პრეზიდენტის განცხადებებს ეხმაურება

პრემიერ-მინისტრობის კანდიდატი გიორგი კვირიკაშვილი საქართველოს პრეზეიდენტის, გიორგი მარგველაშვილის მიერ ტელეკომპანია “იმედის” ეთერში გაკეთებულ კომენტარებს გამოეხმაურა. როგორ კვირიკაშვილი აცხადებს, თანამდებობაზე დანიშვნის შემდეგ ყველა სახელისუფლებო სტრუქტურასთან კონსტრუქციულ თანამშრომლობას გეგმავს.

“მე არ ვფიქრობ, რომ ირაკლი ღარიბაშვილს ჰქონდა ცუდი ურთიერთობა გიორგი მარგველაშვილთან. მე ბევრჯერ შევსწრებივარ მათ სამუშაო გარემოს. იყო, რა თქმა უნდა, დელიკატური მომენტებიც ხანხადახან, მაგრამ მე შემიძლია გითხრათ, რომ მე მექნება სამუშაო, კონსტრუქციული დამოკიდებულება ყველა სახელისუფლებო სტრუქტურასთან,” – აცხადებს კვირიკაშვილი.

კვირიკაშვილმა პარლამენტს დასამტკიცებლად მინისტრთა კაბინეტი უცვლელი სახით წარუდგინა, თუმცა სამომავლოდ ცვლილებებს არ გამორიცხავს:

“ამ გუნდთან ერთად ვმუშაობდი სამი წლის განმავლობაში. დიდი იმედი მაქვს, რომ მივიღებთ მანდატს და გავაგრძელებთ მუშაობას. არ არის გამორიცხული, რომ ამ გუნდთან ერთად გავაგრძელო მუშაობა და არც ის არის გამორიცხული, რომ რაიმე ცვლილებები განვახორციელო.”

გიორგი კვირიკაშვილის განცხადებით, სავარაუდოდ, ახალი ვიცეპრემირის კანდიდატად დიმიტრი ქუმსიშვილი დასახელდება, ხოლო კახი კალაძე შეინარჩუნებს დაკავებულ თანამდებობას.

გიორგი მარგველაშვილის განცხადებით, ირაკლი ღარიბაშვილის პრემიერ-მინისტრის თანამდებობიდან გადადგომა იყო კარგი გადაწყვეტილება, რომელიც სასარგებლო იქნება სახელმწიფოსთვის. საქართველოს პრეზიდენტის თქმით, ღარიბაშვილთან პიროვნული დაძაბულობა არ ჰქონია, თუმცა ორი წლის განმავლობაში წარუმატებელი იყო მცდელობა მასთან ახლო კონტაქტისა. მარგველაშვილი პრემიერ-მინისტრობის კანდიდატ გიორგი კვირიკაშვილს მხარს უჭერს.

მასალების გადაბეჭდვის წესი