ახალი ამბები

ბათუმში ე.წ. „ბიოს“ რეალიზატორი და მომხმარებელი დააკავეს

27 დეკემბერი, 2015 •
ბათუმში ე.წ. „ბიოს“ რეალიზატორი და მომხმარებელი დააკავეს

შსს-ს ცნობით, სამართალდამცავებმა თურქეთის მოქალაქე, 1979 წელს დაბადებული ოზგურ კ. ახალი ფსიქოაქტიური ნივთიერების უკანონო შეძენა-შენახვის და გასაღების ბრალდებით, ხოლო საქართველოს მოქალაქე, 1982 წელს დაბადებული ბესიკ ჯ. ახალი ფსიქოაქტიური ნივთიერების უკანონო შეძენა-შენახვის ბრალდებით ბათუმში, აეროპორტის გზატკეცილზე დააკავეს.

როგორც შსს-ში აცხადებენ, სამართალდამცველებმა, ბესიკ ჯ-ს პირადი ჩხრეკისას, ერთ შეკვრად დაფასოებული, 0,716 გრ ახალი ფსიქოაქტიური ნივთიერება, ე.წ. „ბიო“ ამოიღეს. ჩატარებული ოპერატიულ-საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად დადგინდა, რომ აღნიშნული ფსიქოაქტიური ნივთიერება ბრალდებულმა თურქეთის მოქალაქე ოზგურ კ-სგან შეიძინა. სამართალდამცველებმა ოზგურ კ-ს მართვის ქვეშ არსებული ავტომანქანის სალონის ჩხრეკისას და ასევე ავტომანქანაში სპეციალურად მოწყობილი სამალავიდან 98 გრ ე.წ. „ბიო“ ამოიღეს. ნარკოლოგიური შემოწმებით, ოზგურ კ-ს ტეტრაჰიდროკანაბინოლის მოხმარების ფაქტი დაუდგინდა. შსს-ს ინფორმაციით, ორივე დაკავებული აღიარებს ჩადენილ დანაშაულს.

შსს-ს ცნობით, გამოძიება მიმდინარეობს ოზგურ კ-ს მიმართ ახალი ფსიქოაქტიური ნივთიერების უკანონო შეძენა-შენახვა-გასაღების ფაქტზე (საქართველოს სსკ-ს 260-ე მუხლის მე-2 და მე-4 ნაწილებით), ხოლო ბესიკ ჯ-ს მიმართ – ახალი ფსიქოაქტიური ნივთიერების უკანონო შეძენა-შენახვის ფაქტზე (საქართველოს სსკ-ს 260-ე მუხლის მე-2 ნაწილით).

მასალების გადაბეჭდვის წესი