ახალი ამბებისამართალი

ოპოზიციის ნაწილი იუსტიციის უმაღლესი საბჭოს დაშლისათვის ემზადება

26 დეკემბერი, 2015 • 2261
ოპოზიციის ნაწილი იუსტიციის უმაღლესი საბჭოს დაშლისათვის ემზადება

საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარე ზაზა ხატიაშვილი და ოპოზიციის ნაწილი იუსტიციის უმაღლესი საბჭოს დაშლის მიზნით რეფერენდუმისა და ფართომასშტაბიანი აქციების ჩატარებას გეგმავს.

ადვოკატთა ასოციაციის ოფისში დღეს, 26 დეკემბერს, გამართილ მრგვალ მაგიდაზე, რომელიც ასოციაციის ხელმძღვანელმა ზაზა ხატიაშვილმა გამართა, საქართველოში მოქმედი არასაპარლამენტო ოპოზიციური პარტიები მონაწილეობდნენ.

ასოციაციის ხელმძღვანელი ზაზა ხატიაშვილი ამბობს, რომ იუსტიციის უმაღლეს საბჭოში ლევან მურუსიძის არჩევით მთავრობამ უარი განაცხადა დამოუკიდებელი სასამართლოს არსებობაზე.

ზაზა ხატიაშვილის თქმით, ყველა პოლიტიკური ძალა უნდა გაერთიანდეს იმისათვის, რომ ამ გადაწყვეტილებითვის ივანიშვილის რეჟიმმა გადაიხადოს მძიმე პოლიტიკური ფასი.

ხატიაშვილი ამბობს, რომ მან, როგორც არაპოლიტიკურმა ძალამ გადაწყვიტა, რომ შეეკრიბა პოლიტიკური პარტიები და სამოქალაქო სექტორი ადვოკატთა ასოციაციაში.

“გუშინ მოხდა ერთ-ერთი ყველაზე დიდი შავი ლაქა საქართველოს უახლეს ისტორიაში, როდესაც ლევან მურუსიძე აირჩიეს მოსამართლედ, რომლის სახელთანაც ასოცირდებოდა ძალიან ბევრი უკანონობა. მე ვფიქრობ, რომ ამას უნდა მიეცეს სათანადო შეფასება, უნდა გახდეს ივანიშვილის რეჟიმისთვის ისეთივე გაკვეთილი, როგორიც მიიღო სააკაშვილმა”, – ამბობს ხატიაშვილი.

ხატიაშვილის აზრით, შეიქმნა სამუშაო ჯგუფი, რომელიც მიიღებს გადაწყვეტილებას საპროცესო ღონისძიებების დაგეგმვაზე. მისი აზრით, უნდა ჩატარდეს რეფერენდუმი და საკანომდებლო ცვლილებებზე იმუშავებენ, ასევე დაივლიან მთელ ქვეყანას, რომ აქციები გამართონ საბჭოს წინააღმდეგ.

ხატიაშვილის თქმით, საკმარისი იქნება 200 ათასიანი ხელმოწერები შემდეგ რეფერენდუმის მოსაწყობად, რის შემდეგაც მიიღებენ ახალ კანონს და ახალი წესით აირჩევენ იუსტიციის უმაღლეს საბჭოს, სადაც “მურუსიძეების გავლენა არ იქნება”.

“ახალი მენარჯვენეების” წევრის, მანანა ნაჭყებიას აზრით, იუსტიციის საბჭოს ეს შემადგენლობა აუცილებლად უნდა დაიშალოს.

“არავინ არ დაუთმობს ხელისუფლებას იმას, რაც გააკეთა, ეს არის ამორალური საქციელი. სანდრო გირგვლიანის მფარველი და ის ადამიანი, ვინც ხელისუფლების დაკვეთა შეასრულა და გირგვლიანის მკვლელები გამოუშვა, არ უნდა იყოს სააპელაციო სასამართლოსა და იუსტციის უმაღლეს საბჭოში”, – ამბობს ნაჭყებია.

მანანა ნაჭყებია არ გამორიცხავს საპროტესტო აქციებს, რადგან საზოგადოებას მკვეთრად ნეგატიური დამოკიდებულება აქვს საბჭოში ლევან მურუსიძის არჩევისადმი.

“ხელისუფლებამ შეიმუშავა ისეთი წესი, რომელიც მას აძლევს საშუალებას, რომ გადაწყვეტილება მიიღოს ისე, როგორც მას უნდა რომ მიიღოს. ეს სამი ადამიანი არიან ისინი, ვინც თავისი ხმებით მიაღებინებს გადაწყვეტილებას იუსტიციის უმაღლეს საბჭოს, ან დაბლოკავს. სხვა შემთხვევაში ხმები არაა საკმარისი. ეს სწორედ ისაა, რაც ჩაიფიქრა ქალბატონმა წულუკიანმა.  ეს არის “ქართული ოცნების” მიერ გადასხმული დესანტი, ემისრები იუსტიციის უმაღლეს საბჭოში იმისთვის, რომ შეასრულონ ხელისუფლების დავალებები”, – ამბობს ნაჭყებია.

ნაჭყებიას თქმით, ამ პროცესში მთელი დარტყმა უნდა მოვიდეს ბიძინა ივანიშვილზე, რადგან ის, რაც ხდება იუსტიციის უმაღლეს საბჭოში, ივანიშვილის პასუხისმეგებლობაა.

“თავისუფალი საქართველოს” თავმჯდომარე კახა კუკავა ამბობს, რომ ქვეყანას სასამართლო არ აქვს, რომ ქვეყანას განაგებს ივანიშვილის მატრიონეტები და აუცილებელია მთელი ოპოზიციისა და სამოქალაქო საზოგადოების გაერთიანება.

კუკავასაც მიაჩნია, რომ უნდა განახორციელონ საკანონმდებლო ცვლილებები, რათა იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრები ახალი წესით აირჩიონ. მას მიაჩნია, რომ ლევან მურუსიძის გავლით ივანიშვილს სასამართლო სისტემაზე ზეგავლენა ექნება.

“ნაციონალურმა მოძრაობამ  სიკვდილის პირას მიიყვანა მართლმსაჯულების სისტემა, ქართულმა ოცნებამ საფლავის ქვა დაადო”, – ამბობს კუკავა.

მრგვალ მაგიდას “ახალი მემარჯვენეების”, “თავისუფალი დემოკრატების”, “თავისუფალი საქართველოს”, “ლეიბორისტების”, “რეფორმატორების”, “პატრიოტთა ალიანსის”, “დემოკრატიული მოძრაობა ერთიანი საქართველოს” წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

25 დეკემბერს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს 10-მა წევრმა ერთის წინააღმდეგ მხარი დაუჭირა ლევან მურუსიძის არჩევას სააპელაციო სასამართლოს მოსამართლედ.

ლევან მურუსიძეს, როგორც საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის წევრს, 2007 წელს მონაწილეობა აქვს მიღებული გადაწყვეტილებაში, რის შედეგადაც სანდრო გირგვლიანის მკვლელობაში ბრალდებულებს სასჯელები შეუმცირდათ.

მურუსიძის არჩევას ასევე გამოეხმაურა საქართველოს პრეზიდენტი, რომელმაც განაცხადა, რომ მურუსიძის არჩევა მიუღებელია ქართული საზოგადოებისთვის. პრეზიდენტმა ყურადღება გაამახვილა მურუსიძის გადაწყვეტილებააზე, რომლის მიხედვითაც გირგვლიანის მკვლელობაში მსჯავრდებულებს ბრალი შეუმცირა.

თავად მურუსიძე აცხადებს, რომ მოქმედი კანონმდებლობის ჩარჩოებში სასამართლოს სხვა გადაწყვეტილების მიღება არ შეეძლო. უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის 10-წლიანი ვადა მას 2016 წლის აპრილში ეწურება.

მასალების გადაბეჭდვის წესი