ახალი ამბები

პრეზიდენტი: სამართლიანი სასამართლოს შესაქმნელად ბრძოლას ბოლომდე მივიყვან

25 დეკემბერი, 2015 • 1319
პრეზიდენტი: სამართლიანი სასამართლოს შესაქმნელად ბრძოლას ბოლომდე მივიყვან

“ბრძოლა სამართლიანი სასამართლოს შესაქმნელად საქართველოში გრძელდება და მე ამ ბრძოლას ბოლომდე მივიყვან”, – ასე გამოეხმაურა საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი ლევან მურუსიძის მოსამართლედ დანიშვნას.

“არ შემიძლია არ გამოვეხმაურო იუსტიციის საბჭოს მიერ ლევან მურუსიძის მოსამართლედ დანიშვნას, ასეთი გადაწყვეტილების მიმართ მიუღებლობა ქართული საზოგადოებისა, კიდევ ერთხელ, ამ დღეებში ნათლად გამოჩნდა. ეს მიუღებლობა ყალიბდებოდა წლების განმავლობაში, გამომდინარე იმ საქმეებიდან, რომელმაც არა მარტო გააერთიანა ქართული საზოგადოება, არამედ გამაოგნებელი იყო სტრასბურგის სასამართლოსთვის”.

პრეზიდენტმა განმარტა, რომ იუსტიციის უმაღლეს საბჭოში მის მიერ დანიშნულმა ერთმა წევრმა დატოვა აღნიშნული კენჭისყრა.

ლევან მურუსიძე საბჭოს 10 წევრის თანხმობით სააპელაციო სასამართლოს მოსამართლედ აირჩიეს. ლევან მურუსიძეს, როგორც საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის წევრს, 2007 წელს მონაწილეობა აქვს მიღებული გადაწყვეტილებაში, რის შედეგადაც სანდრო გირგვლიანის მკვლელობაში ბრალდებულებს სასჯელები შეუმცირდათ. თავად მურუსიძე აცხადებს, რომ მოქმედი კანონმდებლობის ჩარჩოებში სასამართლოს სხვა გადაწყვეტილების მიღება არ შეეძლო. უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის 10-წლიანი ვადა მას 2016 წლის აპრილში ეწურება.

მასალების გადაბეჭდვის წესი