ახალი ამბები

საპარლამენტო უმრავლესობამ პრემიერობის კანდიდატად პრეზიდენტს კვირიკაშვილი წარუდგინა

25 დეკემბერი, 2015 • 1520
საპარლამენტო უმრავლესობამ პრემიერობის კანდიდატად პრეზიდენტს კვირიკაშვილი წარუდგინა

საქართველოს პარლამენტის უმრავლესობამ დღეს, 25 დეკემბერს პრეზიდენტს პრემიერ-მინისტრობის კანდიდატად გიორგი კვირიკაშვილი წარუდგინა, რომელიც, თავის მხრივ, უმრავლესობის წინაშე ირაკლი ღარიბაშვილმა წარადგინა.

“საპარლამენტო უმრავლესობამ შეარჩია ძალიან ღირსეული კანდიდატი პრემიერობის. ბატონი გიორგი არის ჩემი მეგობარი, ჩვენ დიდხანს ვმუშაობდით ერთად, სანამ პოლიტიკაში მოვიდოდით. მინდა ვუსურვო წარმატებები ბატონ გიორგის, მის გუნდს”, – განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

უმრავლესობის სხდომის დასრულების შემდეგ მადლობა გადაუხადა ყოფილ პრემიერ ღარიბაშვილს პარლამენტის თავმჯდომარემ, დავით უსუფაშვილმა:

“მინდა მადლობა მოვახსენო მიმავალ პრემიერ-მინისტრს, ჩემს მეგობარ ირაკლის. მინდა გიორგი კვირიკაშვილს ვუსურვო წარმატებები”.

თავად გიორგი კვირიკაშვილმა, ასევე, მადლობა გადაუხადა ირაკლი ღარიბაშვილს და საპარლამენტო უმრავლესობას გამოცხადებული ნდობისთვის:

“უპირველეს ყოვლისა, მადლობა მინდა გადავუხადო ბატონ ირაკლის, ძალიან ბევრი კარგი საქმე ერთად გავაკეთეთ, იმ ნდობისთვის, რომელიც მან სულ ცოტა ხნის წინ გამომიცხადა, ასევე, მადლობა უმრავლესობის თითოეულ წევრს, ეს არის უდიდესი პასუხისმგებლობა ქვეყნის და თითოეული მოქალაქის წინაშე და ვეცდები, რომ მაქსიმალურად დავიხარჯო”.

რაც შეეხება მოსალოდნელ ცვლილებებს მინისტრთა კაბინეტში, ამ საკითხზე საუბრისას კვირიკაშვილმა განაცხადა:

“რაც შეეხება მინისტრთა კაბინეტის შემადგენლობას, შევიკრიბებით კიდევ ერთხელ გუნდი და არა მგონია, დრამატულ ცვლილებებს ველოდოთ, რამდენიმე ცვლილება შეიძლება იყოს”.

შეგახსენებთ, რომ ირაკლი ღარიბაშვილი პრემიერ-მინისტრის პოსტიდან 23 დეკემბერს გადადგა. დღეს კი მის შემცვლელად უმრავლესობას გიორგი კვირიკაშვილის კანდიდატურა წარუდგინა, რომელიც მანამდე იყო ვიცე-პრემიერი.

მასალების გადაბეჭდვის წესი