ახალი ამბები

ალეკო ელისაშვილი არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებს შეხვდა

24 დეკემბერი, 2015 • 1097
ალეკო ელისაშვილი არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებს შეხვდა

დღეს, 24 დეკემბერს “საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს” ოფისში შეწყალების კომისიის ყოფილი თავმჯდომარე, ალეკო ელისაშვილი არასამთავრობო ორგანიზაციებისა და მედიის წარმომადგენლებს შეხვდა.

ელისაშვილი აცხადებს, რომ იმ პერიოდში, როდესაც შეწყალების კომისიის თავმჯდომარე იყო, “კოკაინის საქმეზე” მსჯავრდებულთა გათავისუფლების მიზნით მასზე მანანა კობახიძე და ეკა ბესელია ზეწოლის მოხდენას ცდილობდნენ. საქმეს პროკურატურა ზეგავლენით ვაჭრობის მუხლით იძიებს.

ელისაშვილმა შეხვედრის დაწყებამდე განაცხადა, რომ ჩვენების დეტალების გასაჯაროებას არ აპირებს, თუმცა არასამთავრობოებს განუმარტა, თუ რატომ ითხოვს საპარლამენტო საგამოძიებო კომისიის შექმნას.

გარდა ამისა, ელისაშვილმა აღნიშნა, რომ ითხოვს მისი მობილური ტელეფონის ექსპერტიზის დოკუმენტის მიღებას. ელისაშვილის მტკიცებით, სწორედ ამ მობილურში ინახება ზეწოლის შემცველი ესემესები, რომლებიც თავის დროზე პრეზიდენტსაც აჩვენა.

“SMS-ები მომწერა მანანა კობახიემ. მე ვითხოვ, რომ საპროკურორო საბჭოს წევრობა შეუჩერდეს ეკა ბესელიას, ვინაიდან უხერხულია, ეს ადამიანი ისევ იყოს პროკურატურის საბჭოს წევრი. აუცილებლად და კატეგორიულად მოვითხოვ, რომ საპარლამენტო საგამოძიებო კომისია შეიქმნას, ვინაიდან არ ვენდობი პროკურატურას. მოვითხოვ, გოგაძეს შეუჩერდეს მთავარი პროკურორის პირველი მოადგილის უფლებამოსილება გამოძიების დასრულებამდე და მანანა კობახიძეს შეუჩერდეს გამოძიების დასრულებამდე ვიცესპიკერის უფლებამოსილება. მე მაგის დათმობას არ მოვითხოვ, მაგრამ გამოძიების დასრულებამდე შუჩერდეთ თანამდებობრივი უფლებამოსილებები. ეს არის ჩემი კატეგორიული მოთხოვნები. ეს მოთხოვნები თუ არ შესრულდება, უკვე ღრმად ვიქნები დარწმუნებული, რომ მთლიანად ხელისუფლება ხელს აფარებს კორუმპირებულ პოლიტიკოსებს,”– აცხადებს ელისაშვილი.

მასალების გადაბეჭდვის წესი