ნეტგაზეთი | სარეზერვო ფონდები საზოგადოებრივი მაუწყებლისთვის სარეზერვო ფონდები საზოგადოებრივი მაუწყებლისთვის – Netgazeti
RU | GE  

სარეზერვო ფონდები საზოგადოებრივი მაუწყებლისთვის

6 250 000 ლარი გამოიყო საზოგადოებრივი მაუწყებლის მესამე არხის ფუნქციონირებისთვის, რომელიც, ჯავახიშვილის თქმით, „ორიოდე გაელვების გარდა, თვალით არავის უხილავს“.

საქართველოს საზოგადოებრივი მაუწყებელს გასული წლის მანძილზე საქართველოს მთავრობის სარეზერვო ფონდიდან რამდენჯერმე გამოეყო დამატებით თანხა.

„საზოგადოებრივ მაუწყებელს, რომლის წლიური ბიუჯეტი 22 მილიონი ლარია, გასული წლის 6 აპრილს საქართველოს მთავრობამ საერეზერვო ფონდიდან დამატებით გამოუყო 3 მილიონი ლარი“ – აცხადებს ეროვნული ფორუმის წარმომადგენელი ნოდარ ჯავახიშვილი.

მისივე თქმით, გასული წლის მანძილზე საზოგადოებრივი მაუწყებლისთვის მთავრობის სარეზერვო ფონდიდან თანხის გამოყოფის თაობაზე დამატებით სამი განკარგულება იქნა გამოცემული, რის საფუძველზეც 6 250 000 ლარი გამოიყო საზოგადოებრივი მაუწყებლის მესამე არხის ფუნქციონირებისთვის, რომელიც, ჯავახიშვილის თქმით, „ორიოდე გაელვების გარდა, თვალით არავის უხილავს“.

საქართველოს საზოგადოებრივი მაუწყებლის მესამე არხი – „პირველი კავკასიური“ (რუსულენოვანი არხი) 2009 წლის შემოდგომაზე შეიქმნა. 2010 წლის 15 იანვრიდან მან მაუწყებლობა თანამგზავრზე დაიწყო, თუმცა ორ კვირაში  ეთერიდან გაითიშა ფრანგული ოპერატორის Eutelsat-ის მიერ.

ამის შემდეგ არხის მმართველობა გადაეცა კომპანია ””К-1″-ს, რომლის დამფუძნებლები არიან– ბრიტანელი ჟურნალისტი, ВВС-ის ყოფილი თანამშრომელი რობერტ პარსონსი და ”პირველი კავკასიურის” საინფორმაციო სამსახურის ხელმძღვანელი ეკატერინე კოტრიკაძე. დაიწყო არხის რეორგანიზაცია.

არხი შეცვლილი სახელწოდებით – ”პირველი საინფორმაციო კავკასიური” თანამგზავრზე მაუწყებლობას მიმდინარე წლის 25 იანვრიდან განაახლებს.

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
ნეტგაზეთი