ახალი ამბები

ომბუდსმენი: მოქალაქე აცხადებს, რომ პოლიციელებმა სცემეს, რის გამოც ოპერაცია დასჭირდა

24 დეკემბერი, 2015 • 1726
ომბუდსმენი: მოქალაქე აცხადებს, რომ პოლიციელებმა სცემეს, რის გამოც ოპერაცია დასჭირდა

სახალხო დამცველის ცნობით, მოქალაქე აცხადებს, რომ პოლიციელების მხრიდან განხორციელებული ფიზიკური ძალადობის გამო მიიღო ჯანმრთელობის დაზიანება და 2015 წლის 10 ნოემბერს თბილისის ცენტრალურ საავადმყოფოში  ქირურგიული ოპერაცია ჩაუტარდა.

საქართველოს სახალხო დამცველმა წინადადებით მიმართა საქართველოს მთავარ პროკურორს მოქალაქე დ.ხ.–ს მიმართ განხორციელებული შესაძლო არასათანადო მოპყრობის ფაქტზე გამოძიების დაწყების შესახებ.

განმცხადებლის განმარტებით, 2015 წლის 4 ნოემბერს, დაახლოებით 23:00 საათზე, თბილისში, იგი საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა ადმინისტრაციული წესით დააკავეს და ჩასვეს ავტომანქანაში, სადაც ერთ–ერთმა პოლიციელმა სახის არეში დაარტყა. შემდეგ დაკავებული გადაიყვანეს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის გლდანი–ნაძალადევის სამმართველოს მე–8 განყოფილებაში, შეიყვანეს ერთ–ერთ ოთახში და მასზე ფიზიკური ძალადობა განახორციელეს.

ომბუდსმენის განცხადებით, დ.ხ.–ს სხეულზე არსებული დაზიანებები დაფიქსირებულია საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისისა და მცხეთა–მთიანეთის დროებითი მოთავსების იზოლატორის გარეგნული დათვალიერების ოქმში.

ომბუდსმენმა მოქალაქის მიმართ პოლიციის მხრიდან შესაძლო არასათანადო მოპყრობის ფაქტზე გამოძიების დაწყების მოთხოვნით მთავარ პროკურატურას მიმართა.

პროკურატურამ განაცხადა, რომ სახალხო დამცველის აპარატიდან შემოსული წინადადების საფუძველზე  შსს–ს თანამშრომლების მხრიდან ძალადობის გამოყენებით, სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტების ფაქტზე, საქართველოს სსკ-ის 333-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ნიშნებით გამოძიება დაიწყეს.

მასალების გადაბეჭდვის წესი