ახალი ამბები

კვაჭანტირაძე: ვიცოდი ღარიბაშვილის შესაძლო გადადგომაზე, მაგრამ არ ველოდი სწრაფ გადაწყვეტილებას

23 დეკემბერი, 2015 • 1494
კვაჭანტირაძე: ვიცოდი ღარიბაშვილის შესაძლო გადადგომაზე, მაგრამ არ ველოდი სწრაფ გადაწყვეტილებას

უმრავლეობის ერთ-ერთი ლიდერის ზვიად კვაჭანტირაძის თქმით, ყოფილი პრემიერის, ირაკლი ღარიბაშვილის მოსალოდნელი გადადგომის შესახებ ინფორმაციას ფლობდა, თუმცა არ ელოდა, რომ ღარიბაშვილი გადაწყვტილებას სწრაფად მიიღებდა.

“გულწრფელად გეტყვით, რომ მე ამ გადაწყვტილების შესახებ პრინციპულად ვიცოდი, ამის შესახებ ირაკლისთან კომუნიკაცია იყო, როდესაც მან სამწლიანი მუშაობის ანგარიშის პრეზენტაცია გააკეთა საკრებულოში. მაგრამ თუ ასე სწრაფად მიიღებდა გადაწყვეტილებას, ამას არ ველოდი. ამის შესახებ არ ვიცოდი გუშინ საღამომდე,”- აცხადებს კვაჭანტირაძე.

კვაჭანტირაძე ასევე გამორიცხავს ირაკლი ღარიბაშვილის გადაწყვეტილების მიზეზად რაიმე პოლიტიკური წინაპირობის არსებობას:

“ნამდვილად ვადასტურებ, რომ არანაირი პოლიტიკური წინაპირობა იმისთვის, რომ ირაკლი ღარიბაშვილს გადადგომის შესახებ გაეკეთებინა განცხადება, არ ყოფილა. ირაკლიმ ჩათვალა საჭიროდ, რომ ეს ნაბიჯი უნდა გადაედგა.”

ზვიად კვაჭანტირაძის თქმით, ახლა ირაკლი ღარიბაშვილის გადაწყვტილებაზეა დამოკიდებული, რამდენად აქტიურად გააგრძელებს თანამშრომლობას მმართველ გუნდთან და დარჩება თუ არა  პოსტზე მოვალეობის შემსრულებლად.

როგორც კვაჭანტირაძე აცხადებს,  პრემიერ-მინისტრის თანამდებობაზე  ყველაზე რეალური კანდიდატი ვიცეპრემიერი გიორგი კვირიკაშვილია, რომელსაც კოალიცია წარადგენს, თუმცა არიან სხვა კანდიდატურებიც. ამის შესახებ კოალიცია პარასკევს იმსჯელებს.

თანამდებობიდან გადადგომის შესახებ პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა დღეს განაცხადა.

მასალების გადაბეჭდვის წესი