ახალი ამბები

კოალიცია ახალი პრემიერის კანდიდატურაზე პარასკევს იმსჯელებს

23 დეკემბერი, 2015 • 1273
კოალიცია ახალი პრემიერის კანდიდატურაზე პარასკევს იმსჯელებს

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის, დავით უსუფაშვილის განცხადებით, კოალიცია ახალი პრემიერ-მინისტრის კანდიდატურაზე პარასკევს იმსჯელებს. უსუფაშვილი თქმით, მისთვის ირაკლი ღარიბაშვილის შესაძლო გადადგომის შესახებ ცნობილი იყო.

“მინისტრის გადადგომის შემდგომ მთავრობა ითვლება გადამდგარად. ამასობაში, საქართველოს კონსტიტუცია საქართველოს პრეზიდენტს ავალებს, რომ მან მოვალეობის შესრულება დააკისროს ამავე მთავრობას, ამავე პრემიერ-მინისტრებს, ასე რომ, სულ ცოტა ხანში გამოქვეყნდება პრემიერის აქტი ამასთან დაკავშირებით და ბატონი ირაკლი ღარიბაშვილი და საქართველოს სხვა წევრები, მინისტრები გააგრძელებენ ქვეყნის მართვას. მათ ჰქონდათ და აქვთ საქართველოს პარლამენტის ნდობა და მათ ეს ნდობა ექნებათ მანამ, სანამ საქართველოს პარლამენტი ახალ მთავრობას არ დანიშნავს,” – განაცხადა უსუფაშვილმა.

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი თანამდებობიდან დღეს გადადგა. ამის შესახებ ღარიბაშვილმა დღეს სპეციალურად გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

არასამთავრობო ორგანიზაცია “საქართველოს დემოკრატიული ინიციატივის” იურისტის, კონსტიტიციონალისტ გიორგი მშვენიერაძის განმარტებით, ამ შემთხვევაში, პრემიერის მოვალეობას ყოფილი პრემიერი (ანუ ამ შემთხვევაში ირაკლი ღარიბაშვილი) ან პირველი ვიცე-პრემიერი (ამ შემთხვევაში გიორგი კვირიკაშვილი) შეასრულებს.

მშვენიერაძის განმარტებით, მთავრობის უფლებამოსილების შეწყვეტის შემდეგ, იმ ძალამ, რომელსაც აქვს უმრავლესობა პარლამენტში, შვიდი დღის ვადაში უნდა დაასახელოს პრემიერ-მინისტრობის ახალი კანდიდატი. პრემიერ-მინისტრობის ახალი კანდიდატი წარადგენს მთავრობის ახალი შემადგენლობასა და ახალ პროგრამას.

ამის შემდეგ საქართველოს პრეზიდენტს წარუდგენენ პრემიერ-მინისტრობის კანდიდატურას, ხოლო პრეზიდენტი 7 დღის ვადაში წარუდგენს პარლამენტს კანდიდატურებს, რის შემდეგაც პარლამენტმა უნდა გამოუცხადოს ნდობა ახალ მთავრობას.

მასალების გადაბეჭდვის წესი