ახალი ამბები

ვოლსკი: პრემიერის თანამდებობაზე კანდიდატთა შორის კვირიკაშვილიც განიხილება

23 დეკემბერი, 2015 • 1400
ვოლსკი: პრემიერის თანამდებობაზე კანდიდატთა შორის კვირიკაშვილიც განიხილება

ფრაქცია ”ქართული ოცნების” თავმჯდომარე გია ვოლსკი ”იმედთან” საუბრისას აცხადებს, რომ პრემიერ-მინისტრის თანამდებობაზე კანდიდატთა შორის გიორგი კვირიკაშვილიც განიხილება.

საპარლამენტო უმრავლესობის ერთ-ერთი ლიდერის განცხადებით, კანდიდატების შესახებ უფრო ზუსტად ინფორმაცია პარასკევს და შაბათს გახდება ცნობილი:

”დარწმუნებით შემიძლია გითხრათ, პარასკევს და შაბათს ჩვენ გვექნება კონსულტაციები ამასთან დაკავშირებით და გაცილებით უფრო მეტ, ზუსტ ინფორმაციას მოგაწოდებთ. კანდიდატებს შორის ერთ-ერთი არის გიორგი კვირიკაშვილიც. რასაკვირველია, ხალხს კანდიდატურები უფრო მეტად აინტერესებს. ახლა მე ვფიქრობ, რომ ჩვენ ამ წინასწარი განცხადებებისაგან თავი უნდა შევიკავოთ. იქნება საკმაოდ ინტენსიური კონსულტაციები დღეს და უკვე თბილისში გაგრძელდება პარასკევს გვიან, ან შაბათის დღის განმავლობაში და იქნება თქვინთვისაც ცნობილი.”

როგორც ვოლსკი აცხადებს, ირაკლი ღარიბაშვილს მისი პრემიერ-მინისტრის თანამდებობიდან გადადგომის შესახებ გაკეთებულ საგანგებო განცხადებაში გაცილებით მეტი შეეძლო ეთქვა იმ გამოწვევების შესახებ, რაც საქართველოს წინაშე იდგა.

”ვფიქრობ, ირაკლი ღარიბაშვილს გაცილებით მეტი შეეძლო ეთქვა იმ გამოწვევების შესახებ, რომელიც საქართველოს წინაშე იდგა: დაწყებული რთველის ჩაშლისა და რევოლუციური პროცესების წახალისებიდან, დამთავრებული ევროინტეგრაციის საკითხებზე, რუსეთთან ურთიერთობების იმ დუღილზე აყვანის მცდელობებზე, რომელსაც საქართველოში შეეძლო გამოუსწორებელი პროცესები დაეწყო და იმ გამოწვევებზეც, რომელიც მიმართული იყო ჩვენი ევროატლანტიკური ინტეგრაციის პროცესების წინააღმდეგ. სწორედ ამ მთავრობის, სწორედ მისი [ღარიბაშვილის] ხელმძღვანელობის პირობებში. მეტი შეეძლო ეთქვა იმ კანონპროექტებზე, რომლებიც მთავრობამ შემოიტანა და საკმაოდ სერიოზული, მნიშვნელოვანი ცვლილებები მოხდა, რეფორმები გატარდა: თუნდაც სასამართლოს სისტემაში, ძალოვან სტრუქტურებში… ალბათ, შეგვეძლო გვესაუბრა პენიტენციალური რეფორმის თაობაზე, მთის კანონის თაობაზე, რომელიც საგანგებო მნიშვნელობის არის, დემოგრაფიისა და ჯანდაცვის სოციალური თემების ხელშეწყობის საკითხებზე, რომლებიც ჩვენ და მთავრობამ ერთად გავაკეთეთ. ვფიქრობ, მობილიზებაა საჭირო. მთავრობის და პარლამენტის საქმიანობის ხარისხი ინქება მაჩვენებელი იმისა, თუ რას ვგეგმავთ და როგორ შეიძლება 2016 წელი საქართველოს მოსახლეობამ უკეთესი იხილოს, ვიდრე გასული წლები,” – ამბობს გია ვოლსკი ”იმედთან” საუბრისას.

მისი განმარტებით, კოალიციას საკმაოდ მწყობრი სისტემა აქვს ჩამოყალიბებული და ყველამ იცის თავისი ადგილი:

”ყველამ იცის ის დრო, როცა უნდა აკეთონ განცხადებები. რასაკვირველია, ბიძინა ივანიშვილსაც აქვს ჩართულობა, მაგრამ არა ისე, როგორც სპეკულირებენ ჩვენი ოპონენტები. საერთოდ არ მიყვარს სიტყვა ”გამოვრიცხავ”, მაგრამ ბიძინა ივანიშვილის პოლიტიკაში დაბრუნებაზე საუბარი არ არის და ვფიქრობ, ასე არ იქნება. არსებობს ჩამოყალიბებული პროცედურა. უპირველეს ყოვლისა, პრეზიდენტი არსებულ მთავრობას გადასცემს უფლებამოსილებას, რომ შეასრულოს მოვალეობა. შემდგომ ვნახოთ… როგორც გითხარით, უახლოეს დღეებში ეს კონსულტაციები დასრულდება.”

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი თანამდებობიდან დღეს გადადგა. ამის შესახებ ღარიბაშვილმა დღეს სპეციალურად გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

არასამთავრობო ორგანიზაცია “საქართველოს დემოკრატიული ინიციატივის” იურისტის, კონსტიტიციონალისტ გიორგი მშვენიერაძის განმარტებით, ამ შემთხვევაში, პრემიერის მოვალეობას ყოფილი პრემიერი (ანუ ამ შემთხვევაში ირაკლი ღარიბაშვილი) ან პირველი ვიცე-პრემიერი (ამ შემთხვევაში გიორგი კვირიკაშვილი) შეასრულებს.

მშვენიერაძის განმარტებით, მთავრობის უფლებამოსილების შეწყვეტის შემდეგ, იმ ძალამ, რომელსაც აქვს უმრავლესობა პარლამენტში, შვიდი დღის ვადაში უნდა დაასახელოს პრემიერ-მინისტრობის ახალი კანდიდატი. პრემიერ-მინისტრობის ახალი კანდიდატი წარადგენს მთავრობის ახალი შემადგენლობასა და ახალ პროგრამას.

ამის შემდეგ საქართველოს პრეზიდენტს წარუდგენენ პრემიერ-მინისტრობის კანდიდატურას, ხოლო პრეზიდენტი 7 დღის ვადაში წარუდგენს პარლამენტს კანდიდატურებს, რის შემდეგაც პარლამენტმა უნდა გამოუცხადოს ნდობა ახალ მთავრობას.

მასალების გადაბეჭდვის წესი