ახალი ამბებისაზოგადოება

რა ღირს ერთი ღამე საქართველოს ზამთრის კურორტებზე

23 დეკემბერი, 2015 • 5641
რა ღირს ერთი ღამე საქართველოს ზამთრის კურორტებზე

საქართველოს ზამთრის კურორტებზე სეზონი ოფიციალურად 13 დეკემბერიდან გაიხსნა. ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ინფორმაციით, ხელოვნური გათოვლიანების სისტემის ამოქმედების შემდეგ სეზონი გუდაურში ბოლო 15 წლის მანძილზე ყველაზე ადრე გაიხსნა.

ვებ-გვერდ Booking.com-ის მონაცემებით, ამ დროისათვის გუდაურში სასტუმროების უმეტესობა სრულად დაჯავშნილია. იანვარში თითო ნომრის ფასი 200-დან 600 ლარამდეა.

მაგალითად, სასტუმრო “მარკო პოლოში” სტანდარტული ოთახის დაჯავშნა 160 დოლარადაა შესაძლებელი, საოჯახო ოთახის ფასი კი 400 დოლარიდან იწყება.

ფასები გუდაურის სასტუმროებში შემდეგნაირია: New Gudauri Apart Hotel- ღამე 430 ლარი, George’s Apartments at Gudauri Palace -ღამე 550 ლარი, Alpina Hotel – ღამე 350 ლარი, Hotel Carpe Diem Gudauri – ღამე 475 ლარი.

შედარებით დაბალ ფასადაა შესაძლებელი დასვენება საოჯახო სასტუმროებში. ერთ ღამეში მათი ფასი 40-დან 100 ლარამდეა.

ბაკურიანში კი სასტუმროების დაჯავშნა 200-დან 800 ლარამდეა შესაძლებელი:

Hotel Crystal – ღამე 717 ლარი, “აპოლონი”- 280 ლარი, “სასტუმრო ბაკურიანი” კი- 420 ლარი.

სასტუმრო “ვილა მთაში”, რომელიც 11  2-სართულიან, სრულად მოწყობილ კოტეჯს ფლობს, თითო კოტეჯს 800 ლარად აქირავებს. სასტუმროს მენეჯერის, ნინო წიკლაურის თქმით, ამ დროისათვის ყველა კოტეჯი დაჯავშნილია.

“საახალწლოდ კოტეჯები ჯერ კიდევ ოქტომბერში დაიჯავშნა და ადგილი აღარ გვაქვს მომდევნო 2 კვირის განმავლობაში. ყველაზე აქტიური სეზონი სწორედ დეკემბრის შუა რიცხვებიდან იწყება და გრძელდება თებერვლამდე,” – ამბობს ნინო წიკლაური.

სასტუმროში დასვენება განვადებითაცაა შესაძლებელი.

გუდაურსა და ბაკურიანთან შედარებით იაფია დასვენება სვანეთში. მესტიაში დასვენება ძირითადად საოჯახო სასტუმროებშია შესაძლებელი. ერთი ღამის ფასი მეტწილად 40-დან 100 ლარამდე მერყეობს.

სტუმრებს იღებენ ასევე- სასტუმრო “თეთნულდი”, სადაც ღამის გატარება 330 ლარი ღირს, სასტუმრო Old Seti (ღამე 150 ლარი), სასტუმრო Villa Mestia, სადაც ღამის გატარება 130 ლარი ღირს.

დამსვენებელს ელოდებიან, ასევე, აჭარაში, კურორტ გოდერძიზე, სადაც სასტუმროს ტიპის კოტეჯებში ორადგილიანი ნომრის ფასი 100 ლარია, ოთხადგილიანი ნომრისა კი- 150 ლარი.

ტურისტული სააგენტოების დამსვენებელს ასევე სთავაზობენ ერთდღიან ტურებს გუდაურსა და ბაკურიანში. მაგალითად, კომპანია Discover Georgia ბაკურიანში ერთდღიან ტურს 33 ლარად აწყობს. ინფორმაციის მოძიება შიდა ტურების შესახებ ვებ-გვერდზეა შესაძლებელი.

მასალების გადაბეჭდვის წესი