ახალი ამბები

ღარიბაშვილის შესაძლო გადადგომის საკითხი და გაურკვევლობაში მყოფი დეპუტატების ნაწილი

23 დეკემბერი, 2015 • 1087
ღარიბაშვილის შესაძლო გადადგომის საკითხი და გაურკვევლობაში მყოფი დეპუტატების ნაწილი

პრემიერ-მინისტრის შესაძლო გადადგომის შესახებ გავრცელებულ ცნობაზე რაიმე სახის დადასტურებულ ინფორმაციას არ ფლობენ საპარლამენტო უმრავლესობაში. ნეტგაზეთი უმრავლესობის რამდენიმე წევრს ესაუბრა:

“ჩვენც არ ვიცით, არ გვაქვს ინფორმაცია”, – ამბობს ვიქტორ ჯაფარიძე. კითხვას, ხომ არ ყოფილა საპარლამენტო უმრავლესობის მხრიდან მთავრობასთან კომუნიკაცია ამ ცნობის გავრცელების შემდეგ, იგი ამბობს, რომ არა:

“რეალურად გეუბნებით, როგორც თქვენ გაიგეთ რაღაც ჭორი, ისე ვიცით ჩვენც”, – აცხადებს ვიქტორ ჯაფარიძე.

“არავითარი ინფორმაცია არ მაქვს. მე მგონია, რომ აგორებული ჭორია”, – ამბობს კიდევ ერთი დეპუტატი გოგი ქავთარაძე ნეტგაზეთთან საუბარში. რაც შეეხება იმას, თუ რატომ ფიქრობს იგი, რომ ეს ინფორმაცია ჭორია, ქავთარაძე აცხადებს, რომ მან თავის წყაროებით სცადა ინფორმაციის მიღება

“მოვიძიე და არავითარი მაგის მსგავსი არ იგეგმება”, – გოგი ქავთარაძე.

“მე დადასტურებულ ინფორმაციას არ ვფლობ. მხოლოდ სოციალურ ქსელებში (სხვადასხვა ჭორებია თუ მოსაზრებები) გავრცელებული ინფორმაცია მაქვს, მეტი არაფერი. ოფიციალურად, მე რამდენადაც ვიცი, მსგავსი გადაწყვეტილება არ არსებობს”, – გვითხრა თამაზ მეჭიაურმა. კითხვას, თუ ყოფილა მანამდე მმართველ გუნდში ღარიბაშვილის შეცვლაზე საუბარი, იგი პასუხობს: “ჩემ დონზე არ იხიელება ასეთი საკითხები”.

“ზუსტად იმდენი ვიცი, რამდენიც თქვენ”, – განგვიცხადა დეპუტატმა ზაზა პაპუაშვილმა. მისივე თქმით, მანამდე საპარლამენტო უმრავლესობაში ამ საკითხზე არც მსჯელობა ჰქონიათ და არც შეხვედრა. “მეტს ვერაფერს გეტყვით”.

ინფორმაცია იმის შესახებ, რომ ირაკლი ღარიბაშვილი პრემიერის თანამდებობას ტოვებს. დღეს გავრცელდა. მთავრობის ადმინისტრაციაში ნეტგაზეთს უთხრეს, რომ არ იციან, როდის გაკეთდება განმარტება.

მასალების გადაბეჭდვის წესი