ახალი ამბები

მურუსიძე: ენუქიძისთვის ორდენის კენჭისყრის წინ მინიჭებამ საკითხი პოლიტიკურ ჭრილში გადაიტანა

23 დეკემბერი, 2015 • 1283
მურუსიძე: ენუქიძისთვის ორდენის კენჭისყრის წინ მინიჭებამ საკითხი პოლიტიკურ ჭრილში გადაიტანა

იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მდივანი ლევან მურუსიძე ამბობს, რომ პრეზიდენტის მიერ სანდრო გირგვლიანის გარდაცვლილი დედის, ირინა ენუქიძისთვის ორდენის კენჭისყრის წინ მინიჭებამ საკითხი პოლიტიკურ ჭრილში გადაიტანა. მურუსიძე სანდრო გირგვლიანის მკვლელობის საქმის მოსამართლე იყო.

25 დეკემბერს იუსტიციის უმაღლეს საბჭოში გაიმართება კენჭისყრა, სადაც კანდიდატის სახით ლევან მურუსიძეც იღებს მონაწილეობას. მას თბილისის სააპელაციო სასამართლოს მოსამართლეობა სურს.

“მინდა გამოვხატო სასამართლოს პოზიცია: მთლიანად ვუერთდებით იმ გადაწყვეტილებას, რომლითაც ქალბატონ ირინა ენუქიეს მიენიჭა შესაბამისი ორდენი. ის მართლაც გმირი ქალბატონი იყო, რომელიც იბრძოდა იმ უფლებებისთვის და იმ კარგი ცხოვრებისთვის, რომელიც ჩვენ გვინდა იყოს ქვეყანაში. ამიტომ ჩვენ, სასამართლო კორპუსი ამას ვუერთდებით. უბრალოდ, ისიც მიგვაჩნია, რომ შეიძლებოდა ეს უფრო ადრე გაკეთებულიყო და არ მომხდარიყო აღნიშნული ფაქტის დამთხვევა იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მიერ მიღებულ გადაწყვეტილებაზე. პარასკევსაა დაგეგმილი კენჭისყრა. ამან განაპირობა, რომ ის ღირსეული ქალბატონი, რომლისთვისაც მთელ საზოგადოებას უნდა მიეგო პატივი… ფაქტობრივად, აღნიშნულით მოხდა საკითხის პოლიტიკურ ჭრილში გადმოტანა და სასამართლო კიდევ გახდა გალანძღვის მსხვერპლი.

მიგვაჩნია, რომ პრეზიდენტის მიერ მიღებული გადაწყვწტილება მისი ორდენით დაჯილდოების შესახებ იყო სწორი, თუმცა კიდევ ერთხელ აღვნიშნავ, რომ ეს შეიძლებოდა გაკეთებულიყო უფრო ადრე,”- აცხადებს მურუსიძე.

დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე, სადა იგი მოსამართლეებთან ერთად მივიდა, კიდევ ერთხელ აღნიშნა, რომ გირგვლიანის საქმეზე სხვა გადაწყვეტილების მიღება სასამართლოს არ შეეძლო.

მასალების გადაბეჭდვის წესი