ახალი ამბებირეკლამა

მიკრო და მცირე მეწარმეობის ხელშეწყობის პროგრამის პირველი ეტაპი დასრულდა

23 დეკემბერი, 2015 • 2660
მიკრო და მცირე მეწარმეობის ხელშეწყობის პროგრამის პირველი ეტაპი დასრულდა

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სსიპ მეწარმეობის განვითარების სააგენტოს მიერ პროგრამის „აწარმოე საქართველოში“ ფარგლებში პროექტი „მიკრო და მცირე მეწარმეობის ხელშეწყობა რეგიონებში“ დაიწყო და საქართველოს ყველა რეგიონში ხორციელდება. რეგიონები დაყოფილია ოთხ ლოტად, სადაც პროექტის განხორციელებას  მეწარმეობის განვითარების სააგენტოს მიერ შერჩეული ოთხი კონტრაქტორი ორგანიზაცია კურირებს. აჭარაში, გურიასა და სამეგრელო-ზემო სვანეთში პროექტს ახორციელებს კომპანია „ინოვა“.

აღნიშნული პროგრამის მიზანია საქართველოში მიკრო და მცირე ბიზნესის ხელშეწყობა, მეწარმე სუბიექტების მხარდაჭერა, რეგიონული ბაზრების განვითარება, მოსახლეობის შემოსავლების ზრდა და მიკრო და მცირე ბიზნესების წამოწყების წამახალისებელი პროგრამების დანერგვა.

პროგრამის ეტაპები მოიცავს:

  1. ბიზნესიდეების კონკურსს
  2. ბიზნესუნარების გაღრმავებას (ტრენინგები)
  3. ბიზნესგეგმების კონკურსში გამარჯვებულებთან ხელშეკრულების გაფორმებასა და შესაბამისი თანადაფინანსების მიღებას.

პირველი ეტაპი – რეგისტრაცია და ბიზნესიდეის წარდგენა 2015 წლის 29 ივნისიდან 15 აგვისტომდე გრძელდებოდა. შემოსული 1937 იდეიდან პროგრამის კოორდინატორებისგან, წარმომადგენლებისა და ექსპერტებისაგან შემდგარმა ჟიურიმ შეარჩია 1500 ბენეფიციარი, რომლებიც გადავიდნენ პროგრამის შემდეგ ეტაპზე – ბიზნესუნარების გაღრმავება (ტრენინგები).

პროგრამის მეორე ეტაპი – ტრენინგები, მიზნად  ისახავს დაფინანსების მიღების მსურველთა მომზადებას. სწორედ ეს ეტაპი მიმდინარეობდა შემოდგომაზე სამივე რეგიონში. ტრენინგებს ატარებდნენ მაღალკვალიფიციური ტრენერები, რომელთაც  მრავალწლიანი გამოცდილება გააჩნიათ როგორც ბიზნესსფეროში, ასევე ტრენინგების წარმართვაში. თითოეულ განმცხადებელს უტარდებოდა  ორდღიანი სასწავლო კურსი, რომლის ხანგრძლივობაც 8 საათს შეადგენდა.

გარდა ტრენინგისა, ბენეფიციარებს საშუალება აქვთ მიიღონ სატელეფონო კონსულტაცია, როგორც ბიზნესგეგმის მომზადების პერიოდში, ასევე ტრენინგების დასრულების შემდეგაც.

ტრენინგების ეტაპის დასრულების შემდეგ, ბიზნესგეგმები შეფასდება ჟიურის მიერ წინასწარ შემუშავებული კრიტერიუმების მიხედვით. უმაღლესი ქულით შეფასებული ბიზნესგეგმის ავტორებს გაუფორმდებათ ხელშეკრულება და მიიღებენ  შესაბამის თანადაფინანსებას.

აღსანიშნავია, რომ პროექტის მსვლელობისას მოსახლეობასთან შეხვედრების ორგანიზებაში კომპანიის თანამშრომლებს დახმარება გაუწიეს ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებმა. პროექტის ფარგლებში გახსნილი სამი რეგიონული ცენტრის გარდა, სადაც ტრენინგები ტარდებოდა, პროექტის წარმომადგენლებმა და „ინოვას“ თანამშრომლებმა გადაწყვიტეს უშუალოდ ადგილზე წვეოდნენ ბენეფიციარებს, რათა მათთვის მეტად კომფორტული ყოფილიყო ტრენინგზე დასწრება და ამისათვის  შორი მანძილის გავლა არ დასჭირვებოდათ. ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებმა აქაც გამოიჩინეს ინიციატივა და ჩვენს ტრენერებს ბენეფიციარებისათვის ტრენინგის ჩასატარებლად შესაბამისი ფართობი გამოუყვეს.

შეგახსენებთ, იმ მოქალაქეებს, რომლებმაც ვერ მოახერხეს, ვერ მოასწრეს ან ნებისმიერი სხვა მიზეზით ვერ შეძლეს პროგრამაში ჩართვა, ან და ვერ გადალახეს კონკურსის პირველი ეტაპი და კვლავ აქვთ სურვილი წარადგინონ ბიზნესიდეა, შესაძლებლობა მიეცემათ ბიზნესიდეების კონკურსში 2016 წლის თებერვლიდან, პროგრამის მეორე ეტაპიდან ჩაერთონ.

მაია შიშნიაშვილი, კომპანიის დირექტორი:

ქალბატონო მაია, რატომ გადაწყვიტა „ინოვამ“ ამ პროექტის განხორციელება?

თავისი არსებობის 12 წლის განმავლობაში ინოვა ხელს უწყობს ორგანიზაციულ განვითარებას, ახალი ბიზნესების ჩამოყალიბებას და ცდილობს მართვის თანამედროვე მეთოდების დანერგვით, დადებითი როლი ითამაშოს ეკონომიკის განვითარებაში. მეწარმეობის განვითარების სააგენტოს მიერ შემუშავებული   მიკრო და მცირე მეწარმეობის ხელშეწყობის პროგრამის განხორციელება უმნიშვნელოვანესია რეგიონებში მცირე ბიზნესის განვითარებისთვის, ახალი საინვესტიციო შესაძლებლობების გამოვლენისათვის, ამიტომ ჩვენთვის საამაყოა სააგენტოსთან თანამშრომლობა და მნიშვნელოვანი ამ მიმართულებით მუშაობა.

რას მოიცავს ეს პროექტი?

მიკრო და მცირე მეწარმეობის ხელშეწყობის პროგრამა გულისხმობს საქართველოს რეგიონებში ახალი და არსებული მეწარმეების თანადაფინანსებას. მეწარმეობის განვითარების სააგენტო ყოველ გამარჯვებულ მეწარმეს აფინანსებს 5 000 ლარის ოდენობით, ორი მეწარმის გაერთიანების შემთხვევაში გაიცემა 10 000 ლარი, ხოლო სამი მეწარმის შემთხვევაში – 15 000 ლარი. პროგრამა ასევე ითვალისწინებს მეწარმეების ტექნიკურ მხარდაჭერას ტრენინგებისა და ინდივიდუალური კონსულტაციების სახით.

რა სტადიაზეა პროექტი აჭარაში, გურიასა და სამეგრელო-ზემო სვანეთში?

პროექტი დაიწყო 2015 წლის 29 ივნისს. დაფინანსების პროცესი უკვე დაწყებულია და წლის ბოლომდე დაფინანსდება 500-ზე მეტი მეწარმე აჭარაში, გურიასა და სამეგრელო-ზემო სვანეთში, ხოლო 1 620 მეწარმეს უკვე ჩაუტარდა შესაბამისი ტრენინგი.

რა გავლენა ექნება ამ პროექტს საქართველოს ეკონომიკაზე?

პროექტის მიზანია, რეგიონებში განავითაროს მიკრო და მცირე მეწარმეობა, მხარი დაუჭიროს მეწარმეებს, შეამციროს შემოსავლების სხვაობა რეგიონებსა და დიდ ქალაქებს შორის, რასაც მოჰყვება: რეგიონული ბიზნესის კონკურენტუნარიანობის ზრდა; რეგიონებიდან მოსახლეობის გადინების (ქალაქებში თუ საზღვარგარეთ) შემცირება; თანამედროვე ბიზნესპრაქტიკის დანერგვა; რეგიონებში წარმოებული პროდუქციის დივერსიფიკაცია; ადგილობრივ წარმოებაზე მოთხოვნის ზრდა; ახალი სამუშაო ადგილების შექმნა.

აღსანიშნავია, რომ ზოგადად მეწარმეობის განვითარების სააგენტო და  თავად პროექტი მოწოდებულია გაუმკლავდეს რეგიონებში გენდერული უთანასწორობის პრობლემასაც – პროექტის ბენეფიციარების არანაკლებ 30%-სა უნდა იყვნენ ქალები.

პროექტს ახორციელებს კომპანია „ინოვა“. მოგვიყევით მის შესახებ.

ჩვენი კომპანია მოცემული პროექტის განსახორციელებლად შერჩეულ იქნა სახელმწიფო კომისიის მიერ, რომელსაც უძღვებოდა საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო. ჩვენ ვამაყობთ იმით, რომ მეწარმეობის განვითარების სააგენტოს ქვეკონტრაქტორები გავხდით. ჩვენი კომპანია უკვე 12 წელია ბაზარზე მოღვაწეობს  და ამ ხნის მანძილზე ეხმარება  სხვადასხვა ზომის ქართულ და უცხოურ კომპანიებს ბიზნესისა და ორგანიზაციულ განვითარებაში, ახალი შესაძლებლობების აღმოჩენაში.

აწარმოე საქართველოში

მასალების გადაბეჭდვის წესი