მთავარი პროკურატურის ცნობით, 2015 წლის 22 დეკემბერს თბილისის პროკურატურის საგამოძიებო ნაწილში დაიწყო გამოძიება პოლიციის თანამშრომელთა მხრიდან სამსახურებრივი უფლებამოსილების ძალადობით გადამეტების ფაქტზე.
გამოძიება, როგორც უწყებაში აცხადებენ, დაიწყო საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 333-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ნიშნებით
“გამოძიების დაწყებას საფუძვლად დაედო თბილისის საქალაქო სასამართლოში აღკვეთის ღონისძიების შეფარდების საკითხის განხილვისას ბრალდებული მ.პ-ს მიერ გაკეთებული განცხადება იმის შესახებ, რომ ადგილი ჰქონდა მის მიმართ პოლიციელთა მხრიდან ძალადობას”, – წერია პროკურატურის განცხადებაში.
ქმრისა და მცირეწლოვანი შვილის მკვლელობაში ბრალდებული მ.პ, რომელსაც 22 დეკემბერს აღკვეთის ღონისძიების სახით სასამართლომ პატიმრობა შეუფარდა, დანაშაულს არ აღიარებს. ის აცხადებს, რომ მას დაკავების შემდეგ პოლიციელებმა ფიზიკური და სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენეს.







