ახალი ამბები

ელისაშვილი: ბესელია და კობახიძე ითხოვდნენ “კოკაინის საქმის” ფიგურანტების შეწყალებას

22 დეკემბერი, 2015 • 1828
ელისაშვილი: ბესელია და კობახიძე ითხოვდნენ “კოკაინის საქმის” ფიგურანტების შეწყალებას

შეწყალების კომისიის ყოფილი თავმჯდომარის, ალექსანდრე ელისაშვილის განცხადებით, ის პოლიტიკოსები, რომლებიც მისგან “კოკაინის საქმის” ფიგურანტების შეწყალებას ითხოვდნენ, ეკა ბესელია და მანანა კობახიძე არიან. ამის შესახებ ელისაშვილმა რუსთავი 2-თან საუბარში განაცხადა.

“[ვასახელებ] ორი მიზეზის გამო: ერთი, რომ არის არნახული საზოგადოებრივი ინტერესი და მეორე, რომ უკვე ნულოვანი ნდობა მაქვს პროკურატურის მიმართ, ჩაფარცხვაზე მუშაობს. ვაზუსტებ, რომ ეკა ბესელიას და მანანა კობახიძეს ჰქონდათ ძალიან არაჯანსაღი, დაჟინებული და კატეგორიული ინტერესი მხოლოდ და მხოლოდ კოკაინის საქმის ფიგურანტების შეწყალებასთან დაკავშირებით. მათ სხვა მსჯავრდებულების შეწყალება არ აინტერესებდათ. არადა, ათასობით მსჯავრდებული იჯდა საპატიმროებში. მათ მხოლოდ კოკაინის საქმის ფიგურანტების შეწყალება აინტერესებდათ”, – განაცხადა ელისაშვილმა.

“მხოლოდ და მხოლოდ ამ ადამიანების შეწყალებას ითხოვდნენ დაჟინებით: მირეკავდნენ, მესიჯებს მიგზავნიდნენ, კატეგორიული ტონით მესაუბრებოდნენ. ამის პარალელურად იყო ინფორმაცია, რომ ამ არაჯანსაღი ინტერესის მიღმა სხვა დაინტერესება და ანგარებაც იმალებოდა”, – განაცხადა ელისაშვილმა და დასძინა, რომ “სხვა ინტერესისა” და “ანგარების” შესახებ მას ეს ინფორმაცია თანამდებობის პირმა მიაწოდა, თუმცა მის გვარს არ ასახელებს:

“მე წყარო რომ დავასახელო, მასზე ზეწოლა განხორციელდება. ამაში ღრმად ვარ დარწმუნებული. ეს ადამიანი თანამდბეობის პირია. ახლა სხვა თანამდებობას იკავებს, მაშინ სხვა პოსტზე მუშაობდა. საუბარია ძალიან საპასუხისმგებლო თანამდებობაზე. ამ ეტაპზე ჩემთვის არსებითია, რომ პარლამენტში დროებით საგამოძიებო კომისია შეიქმნას. მე მზად ვარ ვითანამშრომლო”, – თქვა ელისაშვილმა.

“კოკაინის საქმე”

ანასტასია ზაუტაშვილი და კიდევ სამი პირი 2010 წელს ორგანიზებული ჯგუფის მიერ განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალება კოკაინის ტრანზიტით საერთაშორისო გადაზიდვის, ასევე სხვა დანაშაულის დაფარვის მიზნით, ჯგუფურად, შეკვეთით, დამამძიმებელ გარემოებებში განზრახ მკვლელობის მომზადების და ცეცხლსასროლი იარაღის და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენის, შენახვის, ტარების და გასაღების ბრალდებით დააკავეს.

შინაგან საქმეთა სამინისტრომ 2010 წლის 4 ივნისს გაავრცელა ვიდეომასალა, სადაც ასახულია ანასტასია ზაუტაშვილის შეხვედრა “კილერთან”. შსს-ს ცნობით, რო­მან მუსემიანი კილერს კურიერის მკვლელობას ავალებს, რომელმაც დანაშაულებრივი ჯგუფის ერთ-ერთი წევრისგან, ნუგზარ ბოჭორიშვილისგან ფულის გამოძალვა განიზრახა. შსს-ს მიერ გავრცელებულ ვიდეოში ასევე ნაჩვენებია ნარკოკარტელის ერთ-ერთი წევრის, მევლუდ სვანიძის მანქანის ჩხრეკის კადრები, საიდანაც სამართალდამცველებმა 180 გრამი კოკაინი ამოიღეს. სვანიძის სახლიდან აგრეთვე ამოღებულია ეზოში ჩამარხული 1 700 000 ევრო.

საბოლოოდ აღნიშნულ საქმეზე ანას­ტა­სია ზა­უ­ტაშ­ვილს, გი­ორ­გი ჩე­ჩე­ლაშ­ვილ­სა და რო­მან მუ­სე­მი­ანს ფო­თის სა­ქა­ლა­ქო სა­სა­მარ­თ­ლომ 30-30-წლი­ა­ნი პა­ტიმ­რო­ბა მი­უ­სა­ჯა. მევ­ლუდ სვა­ნი­ძეს სას­ჯე­ლის ზო­მად 24 წლით თა­ვი­სუფ­ლე­ბის აღ­კ­ვე­თა განე­საზღ­ვ­რა, ხო­ლო თე­ი­მუ­რაზ გა­ვა­შე­ლიშ­ვილს – 16-წლი­ა­ნი პა­ტიმ­რო­ბა. 2012 წლის შემდეგ მიღებული ამნისტიით ანასტასია ზაუტაშვილის სასჯელი 12 წლამდე შემცირდა, იგი სასჯელს მეხუთე წელია იხდის და კიდევ 8 წელზე ოდნავ მეტი დარჩა მოსახდელი.

მანანა კობახიძისა და ეკა ბესელიას პასუხები

თავის დროზე “კოკაინის საქმის” ფიგურანტებს მანანა კობახიძე იცავდა, რომელიც იმხანად საადვოკატო საქმიანობას ეწეოდა. სწორედ მას ადანაშაულებს ზეწოლაში ელისაშვილი.

“არ ვაპირებდი კომენტარს ალეკო ელისაშვილის განცხადებებზე, მაგრამ ეს კითხვები მეც მიჩნდება და ვფიქრობ, საჭიროა დავწერო: ბატონო ალეკო, როგორც “რუსთავზე” განაცხადეთ, ორ პიროვნებას რომ მიყევით მათ პირად საქმეზე მთავარ პროკურორთან თუ მის მოადგილესთან, იმიტომ, რომ საქმის გამოძიება არ გაჭიანურებულიყო, იმიტომ, რომ მათი უფლებები არ დარღვეულიყო, ეს ხომ არ შეიძლება ვინმემ ზეგავლენით ვაჭრობად ჩაგითვალოთ, ან ეჭვი შეიტანოს თქვენს უანგარობასა და კეთილსინდისიერებაში?! თქვენ მეტყვით რომ დეპუტატი ხართ და თქვენს ამომრჩეველს მიყევით, ხოდა მეც, როგორც დეპუტატმა, თუ პატიმრების საქმის ბედი მოვიკითხე, იმ საქმის ,სადაც დღემდე ადამიანები თავს უდანაშაულოდ მიიჩნევენ და საქმე სააკაშვილის რეჟიმის ”შეკერილია”, მოვიკითხე იმიტომ, რომ პატიმარს უფლება აქვს მისი საკითხი განიხილონ და უარი მაინც აცნობონ დროულად, რადგან არ შეიძლება დაუსრულებელი მოლოდინის რეჟიმში ამყოფო ადამიანები! მე არავის მივყოლივარ პროკურატურაში და არც თქვენთან, მე შეწყალების კომისიისგან მხოლოდ საქმის შესწავლა და განხილვა ვითხოვე მსჯავრდებულთა არაერთგზის მომართვის შემდეგ და მე ამას ვაკეთებ დიახ, იმავე მოტივით და საფუძვლით, როგორითაც თქვენ, როცა პროკურატურაში მოქალაქის უფლებების დასაცავად მიაშურებთ, ამიტომ მე არ ვიღებ თქვენს არცერთ გამონათქვამს და საჯაროდ ვაცხადებ, რომ ყოველთვის ძალიან აქტიურად, ზედმიწევნით და უკანდაუხევლად გავაგრძელებ ჩემს საქმიანობას და ჩემი შუამდგომლობებით, მიმართვებით, განცხადებებით ძალიან ხშირად ”შევაწუხებ” პროკურატურასაც, შეწყალების კომისიასაც, პრეზიდენტსაც და ყველას ვისაც ეს ეხება, ადამიანის უფლებების დასაცავად!!! რაც შეეხება, რაღაც გაურკვეველ 200 000, ბოლომდე ვიბრძოლებ იმის გასარკვევად ვინ, რა მიზნით და როდის აიღო ეს თანხა, ის აუცილებლად დაისჯება კანონის მთელი სიმკაცრით, პროკურატურამ აუცილებლად, დროულად უნდა დაადგინოს ვინ არიან ის სამარცხვინოები, ვინც პატიმრებით ფულის ”კეთებას” ცდილობდნენ. ისე მართალი თუ გნებავთ იყოთ, ნურც თქვენს ახლობლებს აფარებთ ხელს, ვინც თურმე გირეკავდათ და გაწუხებდათ, ნურც იმათ, ვინც მამათქვენს და თქვენ ქრთამს გთავაზობდათ, როგორც ჩანს, ბევრი დანაშაული დაგიფარავთ ალეკო და ყველაფრის თქმა მოგიწევთ, თუ გამოძიებაა, უნდა იყოს ყველაფრის და არა იმის, რაც თქვენ გსურთ, ან შეიძლება ვინმემ დაგავალათ კიდეც, ან ისე შეგძინათ ბინძური ჭორების გამავრცელებლის ფუნქცია, რომ ამას ვერც ხვდებით და გგონიათ კორუფციას ებრძვით, ეს იმან, ვისაც უბრალოდ არ აწყობს აქტიური დეპუტატები, რომლებიც კონკრეტული საქმეების გამოძიებას დღემდე ვითხოვთ, ამასაც აუცილებლად გავარკვევთ”, – დაწერა კობახიძემ ფეისბუკზე 13 დეკემბერს.

რაც შეეხება ეკა ბესელიას, იგი ელისაშვილთან დებატებს ითხოვს:

“პირდაპირ და ნათლად ვაცხადებ: მე ვითხოვ მატყუარა, ფლიდი და მართლაც კორუმპირებული ელისაშვილი დაჯდეს ჩემთან პირდაპირ ეთერში. ალეკო ელისაშვილო, მე გიწვევ შენ პირდაპირ ეთერში”, – ამბობს ბესელია.

მასალების გადაბეჭდვის წესი