ახალი ამბები

მძღოლის მიერ ქვეითების მიმართ წესის დარღვევაზე ჯარიმები შესაძლოა გაიზარდოს

22 დეკემბერი, 2015 • 2534
მძღოლის მიერ ქვეითების მიმართ წესის დარღვევაზე ჯარიმები შესაძლოა გაიზარდოს

შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების პროგრამის ფარგლებში, ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში რიგი საკანონმდებლო ცვლილებებია გათვალისწინებული, მათ შორის, კონკრეტულ დარღვევებზე ჯარიმების გაზრდაც.

შემხვედრი სატრანსპორტო ნაკადის გამყოფი უწყვეტი ღერძულა ხაზის გადაკვეთასა და საპირისპირო მიმართულებით მოძრაობაზე ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსით დაწესდება ახალი ნორმა – ადმინისტრაციული ჯარიმა 300 ლარის ოდენობით. ამ დროისათვის ადმინისტრაციულ კოდექსში ამ დარღვევაზე 100 ლარის ჯარიმა არის გათვალისწინებული.

მკაცრდება ადმინისტრაციული პასუხისმგებლობა მძღოლის მიერ ქვეითების მიმართ წესების დარღვევაზე: პირველი დარღვევის შემთხვევაში, ჯარიმა იქნება 40 ლარი; იმავე ქმედების განმეორებით ჩადენის შემთხვევაში კი – 150 ლარი. დღეს მოქმედი დებულებით, მძღოლის მიერ საქვეითო გადასასვლელის გავლის წესის დარღვევა 20 ლარით ისჯება.

მექანიკური სატრანსპორტო საშუალების მართვის დროს მძღოლის მიერ მობილური კომუნიკაციის საშუალებით სარგებლობა კი 10 ლარიდან 30 ლარამდე იზრდება.

ადმინისტრაციული პასუხისმგებლობა იზრდება 200-დან 300 ლარამდე იმ პირის მიმართ, რომელიც საქალაქო, საქალაქთაშორისო ან საერთაშორისო რეისებით მგზავრების რეგულარული გადაყვანისას გადააჭარბებს სიჩქარეს.

“ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში სხვა ცვლილება, რაც ჯარიმის თანხის გაზრდას ითვალისწინებს, არ განხორციელდება. იმ მუხლებით გათვალისწინებული ჯარიმები, რომლებიც კონკრეტული დარღვევის დროს მართვის მოწმობის ერთწლიან შეწყევტას გულისხმობდა, შემსუბუქდა და მძღოლს, მართვის მოწმობის ჩამორთმევის ნაცვლად, ფულადი ჯარიმა დაეკისრება. ეს ცვლილება კი ქულათა სისტემის დანერგვითაა განპირობებული,”– აცხადებს შსს.

მასალების გადაბეჭდვის წესი