ახალი ამბები

მეუღლისა და შვილის მკვლელობაში ეჭვმიტანილს ბრალი წარუდგინეს

22 დეკემბერი, 2015 • 1149
მეუღლისა და შვილის მკვლელობაში ეჭვმიტანილს ბრალი წარუდგინეს

მეუღლისა და შვილის მკვლელობაში ეჭვმიტანილს ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე მუხლით წარუდგინეს, რაც დამამძიმებელ გარემოებებში ჩადენილ განზრახ მკვლელობას გულისხმობს და ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით თექვსმეტიდან ოც წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთით.

ჯერჯერობით უცნობია, როდის იმსჯელებს სასამართლო ბრალდებულისთვის აღკვეთის ღონისძიების შეფარდების საკითხზე. როგორც ნეტგაზეთს სასამართლოში განუცხადეს, ჯერ ეს პროცესი ჩანიშნული არ არის.

შსს–ს თანამშრომლებმა მ.პ. განზრახ მკვლელობის ბრალდებით თბილისში კვირას დააკავეს.

“გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა მიმდინარე წლის 20 დეკემბერს, გამთენიისას, თბილისში, დიღომში ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, მეუღლეს ბლაგვი საგნით თავის არეში მრავლობითი დაზიანება მიაყენა, რის შედეგადაც იგი ადგილზე გარდაიცვალა. შემდეგ მაგდა პ–მ. გაგუდა მცირეწლოვანი შვილი. მან კვალის დაფარვის მიზნით, ცხედრები თავისი საცხოვრებელი ბინიდან კორპუსის წინ ეზოში გაიტანა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა.

სამართალდამცველებმა, ჩატარებული ოპერატიულ–სამძებრო და საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, ბრალდებული მომხდარიდან რამდენიმე საათში დააკავეს”, – აცხადებენ შსს-ში.

ბრალდებულის ადვოკატის განცხადებით, მისი დაცვის ქვეშ მყოფი დანაშაულის ჩადენის ფაქტს არ აღიარებს.

მასალების გადაბეჭდვის წესი