ახალი ამბები

„მაესტრომ“ მუშაობა დირექტორის გარეშე განაახლა

10 იანვარი, 2011 • 1456
„მაესტრომ“ მუშაობა დირექტორის გარეშე განაახლა

ბაჩო კიკაბიძე, სტუდია მაესტროს ერთ-ერთი დამფუძნებელი და აქციათა 10 %-ის მფლობელი, ნეტგაზეთთან  საუბარში არ ადასტურებს პრესაში გავრცელებულ ინფორმაციას, რომ ის უკვე მაესტროს გენერალური დირექტორია.

”კვირის ბოლომდე გადაწყდება ყველაფერი”, -ამბობს ბაჩო კიკაბიძე.

მისივე თქმით, მაესტროს გენერალური დირექტორის პოსტზე დანიშვნის შესახებ  მოლაპარაკებები მაესტროს დამფუძნებლებს შორის კვლავ მიმდინარეობს.

პრესაში დღეს გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ამჟამად მაესტროს გენერალური დირექტორის  ორი კანდიდატურა განიხილება. ბაჩო კიკაბიძე მეორე კანდიდატურის დასახელებისგან თავს იკავებს და ამბობს, რომ ამას არსებითი მნიშვნელობა არ აქვს.

ბაჩო კიკაბიძე მაესტროში მისი დაფუძნებიდანვე – 1995 წლიდან სხვადასხვა თანამდებობაზე მუშაობდა.

”მე უკვე მეკავა მცირე ხნით მაესტროს გენერალური დირექტორის თანამდებობდა, ეს იყო 2000 წელს”, – ამბობს ბაჩო კიკაბიძე.

დღეს იგი, მაესტროს ათ აქციონერთან ერთად, თანაბრად იყოფს აქციათა პაკეტს.

ბაჩო კიკაბიძეს გარდა მაესტროს აქციონერები არიან: მამუკა ღლონტი, მაგდა გახარია, ეკა აკობია, მალხაზ რუხაძე, კახა ოყვარაშვილი, ზურაბ ბითაძე, ლევან ჩიკვაიძე, ელენე კვირცხალია, გიორგი ებრალიძე.

ბაჩო კიკაბიძის სახელი მედიის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში აქამდე არ ფიგურირებდა.

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის ოფიციალურ ვებ გვერდზე არსებული ინფორმაციის მიხედვით,  ბაჩო კიკაბიძე 2010 წლის 8 ოქტომბერს შპს სტუდია მაესტროს სახელით რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის ლიცენზიის მისაღებად გამოცხადებულ აუქციონში მონაწილეობდა. აუქციონში ლიცენზიის მოსაპოვებლად 4028 ლარს  და 16 თეთრს იხდიდა. მაშინ აუქციონში გამარჯვებულად მაესტრო დასახელდა.

როგორც ირკვევა, ბაჩო კიკაბიძე ჟურნალისტ ნინო არაზაშვილის ყოფილი მეუღლეა. 2010 წლის ზაფხულში გაზეთი ”ყველა სიახლესთან” საუბარში ნინო არაზაშვილი ამბობს, ”ჩემი მეუღლე ბაჩო, ანუ ილია კიკაბიძე “მეორე არხზე” მუშაობისას გავიცანი, სადაც დავიწყე პროფესიული საქმიანობა 1992 წელს. შემდეგ რამდენიმე ადამიანთან ერთად იქიდან წამოვედით და შევქმენით სტუდია “მაესტრო”.

ფინანსური პრობლემები მაესტროზე 2010 წლის ბოლოს დაიწყო. სწორედ მაშინ გადაწყვიტა მაესტროს გენერალურმა დირექტორმა კახა ბექაურმა თანამდებობის დატოვება. როგორც ბექაური აცხადებდა – ფინანსური პრობლემების გამო. ბექაურის განცხადების თანახმადვე, ფინანსური პრობლემები არხზე მაესტროს ეროსი კიწმარიშვილისთვის მმართველობაში გადაცემის შემდეგ შეიქმნა, რადგან, მისივე განცხადებით, კიწმარიშვილი მაესტროს პოლიტიკური ინტერესების გასატარებლად იყენებდა და წინააღმდეგობის გაწევის შემდეგ მისი  დაფინანსება შეწყვიტა. დეკემბრის ბოლოს მაესტროს სახელით მამუკა ღლონტმა გააკეთა განცხადება იმის შესახებ, რომ კიწმარიშვილს დავალიანების დასაფარად 10-დღიანი ვადა დაუწესდა, რომელიც დღეს იწურება.  

როგორც ცნობილია, ეროსი კიწმარიშვილი დავალიანების დაფარვას არ აპირებს და აცხადებს, რომ უკვე ცხრა თვეა მაესტროს საქმიანობაში აღარ ერევა.

ნეტგაზეთთან  საუბარში მაესტროს ყოფილი დირექტორი, კახა ბექაური ამბობს, რომ მაესტროს დღევანდელი მიუკერძოებელი სარედაქციო პოლიტიკა საფრთხის ქვეშაა.

”ეროსი კიწმარიშვილი მის ხელთ არსებული ყველა რესურსით ცდილობს,  არ დაკარგოს ფინანსური გავლენა ტელეკომპანიაზე, რაც, მისი აზრით, საშუალებას მისცემს უახლოეს მომავალში საკუთარი პოლიტიკური ინტერესების შესაბამისად შეცვალოს არხის სარედაქციო პოლიტიკა. ის დღემდე ამას ვერ ახერხებდა, რაც გახდა კიდეც ჩვენი კონფლიქტის მიზეზი. მოახერხებს თუ არა რაიმე ცვლილებას, ამას უახლოეს მომავალში ვნახავთ”, -ამბობს კახა ბექაური.

კითხვაზე, შეიცვლება თუ არა მაესტროზე რამე მისი არხიდან წასვლით  და ახალი დირექტორის დანიშვნით, ბექაური ამბობს, რომ რეალურ ცვლილებებს ის განაპირობებს, თუ რამდენად სწრაფად შეძლებს ტელეკომპანია მაესტრო ფინანსური დამოუკიდებლობის მოპოვებას.

2010 წლის დეკემბერის ბოლოს  შეწყვეტილი მაუწყებლობა მაესტრომ დღეს განაახლა.

როგორც ბაჩო კიკაბიძე ამბობს, გადაწყვეტილება იმის შესახებ, რომ დღეს უნდა განახლებულიყო მაესტროს მაუწყებლობა, თავიდანვე იყო მიღებული. 

კითხვაზე, დაიფარა თუ არა თანამშრომლების სახელფასო დავალიანება, ბაჩო კიკაბიძე ამბობს, რომ ყველა დეტალზე, მათ შორის ხელფასების საკითხთან დაკავშირებითაც, მოლაპარაკებები ჯერ კიდევ მიმდინარეობს.

მასალების გადაბეჭდვის წესი