ახალი ამბები

ევროკომისიის პოზიტიური ანგარიშის აღსანიშნავი ვიზუალური პროექტები, რომლისთვისაც 220 450 ლარი გამოიყო

18 დეკემბერი, 2015 • 1707
ევროკომისიის პოზიტიური ანგარიშის აღსანიშნავი ვიზუალური პროექტები, რომლისთვისაც 220 450 ლარი გამოიყო

მთავრობის ადმინისტრაციის პრესსამსახურის ცნობით, ევროკომისიის მიერ პოზიტიური ანგარიშის გამოქვეყნებასთან დაკავშირებით თბილისსა და რეგიონებში რამდენიმე ვიზუალური პროექტი ხორციელდება. როგორც 14 დეკემბერს გახდა ცნობილი, ამ ვიზუალური პროექტებისთვის მთავრობამ 220 450 ლარი გამოყო.

“განათდება მშვიდობის ხიდი და მთავრობის ადმინისტრაცია ევროკავშირის დროშით. ასევე სიმბოლურად, ლურჯ ფერად განათდება თბილისის ანძა. მანამდე, სხვადასხვა დროს საგანგებო პროექციით განათებული იყო საქართველოს რეგიონები. რეგიონებში ევროკავშირის დროშით იყო განათებული კულტურული მემკვიდრეობის ძეგლები და შენობები, მაგალითად: მესტიაში – სვანური კოშკი, ვარძიის სამონასტრო კომპლექსი, ქუთაისის ლადო მესხიშვილის სახელობის თეატრი, ზუგდიდში – დადიანების სასახლე, ბათუმში –შუქურა, თელავის ციხე, წიწამურში – ილიას ძეგლი,”– განუცხადა ნეტგაზეთს მთავრობის ადმინისტრაციის პრესსამსახურის ხელმძღვანელმა სოფო მოსიძემ.

გარდა ამისა, სოფო მოსიძის განცხადებით, ქალაქი არის მორთული ევროკავშირის დროშებით. კერძოდ, მისი თქმით, მორთულია რუსთაველის გამზირი, საკრებულოს შენობის თავზე არის ევროკავშირის დროშები, ასევე მორთულია ნარიყალა და მეიდანი.

როგორც 14 დეკემბერს გახდა ცნობილი, თანხის გამოყოფა ფინანსთა სამინისტროს დაევალა.

“საქართველოს ვიზალიბერალიზაციის სამოქმედო გეგმის წარმატებით განხორციელების აღნიშვნასთან დაკავშირებული ღონისძიებების დაფინანსების მიზნით, საქართველოს ფინანსთა სამინისტრომ „ საქართველოს 2015 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული საქართველოს მთავრობის სარეზერვო ფონდიდან საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციას გამოუყოს 220 450 (ორას ოცი ათას ოთხას ორმოცდაათი) ლარი”, – ნათქვამია განკარგულებაში, რომელსაც ხელს ირაკლი ღარიბაშვილი აწერს.

უწყების პრესსამსახურში მაშინაც განმარტავდნენ, რომ იგეგმებოდა 220 450 ლარს რამდენიმე ვიზუალური პროექტის განხორციელებაში დახარჯვა, “რათა საქართველოს მოსახლეობამ და მსოფლიო საზოგადოებამ ნახოს საქართველოს გამოხმაურება ევროკომისიის პოზიტიურ გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით.”

ევროპისკენ

#ევროპისკენ

Posted by Irakli Garibashvili on Friday, December 18, 2015

მასალების გადაბეჭდვის წესი