ახალი ამბები

სასწავლო ეროვნული ოლიმპიადის მეორე ტური დაიწყო

10 იანვარი, 2011 •
სასწავლო ეროვნული ოლიმპიადის მეორე ტური დაიწყო

სასწავლო ეროვნული ოლიმპიადის პირველი ტური დასრულდა. ოლიმპიადის მეორე-მესამე ტურებს გამოცდების ეროვნული ცენტრი ჩაატარებს, ამის შესახებ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა დიმიტრი შაშკინმა და გამოცდების ეროვნული ცენტრის დირექტორმა მაია მიმინოშვილმა დღეს გამართულ ბრიფინგზე ისაუბრეს.

ოლიმპიადის მეორე ტური საქართველოს 65 ქალაქისა და რაიონული ცენტრის 91 სკოლაში ჩატარდება და მასში მონაწილეობას  85 ათასამდე  მოსწავლე მიიღებს. 

მეორე ტური ინფორმატიკის ოლიმპიადით დაიწყო, რომელიც გუშინ 166-ე საჯარო სკოლაში გაიმართა.

დანარჩენ საგნებში ოლიმპიადის მეორე ტურის განრიგი ასეთია:

უცხო ენასა და მათემატიკაში მოსწავლეები ერთმანეთს ხვალ შეეჯიბრებიან, 12 იანვარს გაიმართება მეორე ტური ისტორიასა და ფიზიკაში, ქართულსა და ქიმიაში –13 იანვარს, გეოგრაფიასა და ბიოლოგიაში –14 იანვარს, ხოლო ინფორმატიკაში– 16 იანვარს.

ეროვნული სასწავლო ოლიმპიადის მესამე ტურში თითოეულ საგანსა და ასაკობრივ ჯგუფში გამოვლენილი 1600-მდე  საუკეთესო მოსწავლე მიიღებს მონაწილეობას. სასკოლო ოლიმპიადის მესამე ტური მარტში გაიმართება.

ოლიმპიადის პირველი ტური სკოლებში საგანამანათლებლო რესურს-ცენტრებმა ჩაატარეს.

ეროვნული სასწავლო  ოლიმპიადა ყოველწლიურად  შემდეგ საგნებში ტარდება: ქართული ენა და ლიტერატურა, მათემატიკა, უცხოური ენები, ისტორია, გეოგრაფია, ფიზიკა, ქიმია, ბიოლოგია, ინფორმატიკა.

ოლიმპიადა 3 ტურად ტარდება როგორც ქართულ, ასევე სომხურ, აზერბაიჯანულ და რუსულ ენებზე. დასკვნით ტურში გამარჯვებული 10 მოსწავლე ეროვნული ნაკრების წევრი გახდება და მოსწავლეთა საერთაშორისო ოლიმპიადაში მიიღებს მონაწილეობას.

 

მასალების გადაბეჭდვის წესი