ახალი ამბები

აბაშიძე რუსეთთან დიპლომატიური ურთიერთობების აღდგენაზე: ეს დღის წესრიგში არ დგას

18 დეკემბერი, 2015 • 1129
აბაშიძე რუსეთთან დიპლომატიური ურთიერთობების აღდგენაზე: ეს დღის წესრიგში არ დგას

რუსეთთან ურთიერთობის საკითხებში საქართველოს პრემიერ-მინისტრის სპეციალური წარმომადგენელი, ზურაბ აბაშიძე რუსეთთან დიპლომატიური ურთიერთობების შესაძლო აღდგენის საკითხზე ამბობს, რომ ეს თემა დღის წესრიგში ამ ეტაპზე არ დგას.

“დიპლომატიური ურთიერთობები არ გვაქვს და ჯერჯერობით ეს დღის წესრიგში არ დგას. ეს დაკავშირებულია ჩვენი ტერიტორიული მთლიანობის, სუვერენიტეტის პრინციპებთან, საკითხთან, და სანამ არ მოხდება სერიოზული გარღვევა ამ მიმართულებით, ეს საკითხი დღის წესრიგში არ დადგება”,- განაცხადა ზურაბ აბაშიძემ დღევანდელი მთავრობის სხდომის დაწყებამდე ჟურნალისტებთან საუბარში.

გუშინ, 17 დეკემბერს რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი თავის პრესკონფერენციაზე საქართველოს საკითხსაც შეეხო და განაცხადა, რომ ქართველების, აფხაზებისა და ოსების მოლაპარაკების შემთხვევაში, რუსეთი ნებისმიერ გადაწყვეტილებას მიიღებს.

“ნამდვილად არა ვართ ისეთი გულუბრყვილოები, რომ ასე უაპელაციოდ მივიღოთ ეს სიტყვები და დავიჯეროთ, თუმცა, ცხადია, სჯობს თუნდაც ასეთი განცხადებები დეკლარირების დონეზე. მე ამასაც მივესალმები, მართლა ასეთი პოზიცია რომ დაიკავოს რუსეთმა, მაინც, თუ ჩვენ ვერ შევძლებთ აფხაზებთან და ოსებთან საერთო ენის გამონახვას, ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა იქნება ძალიან ძნელი”, – განაცხადა სოზარ სუბარმა, ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრმა.

მასალების გადაბეჭდვის წესი