საქართველოს პრემიერ-მინისტრის განცხადებით, ევროკავშირი დღეს საბოლოო ანგარიშს გამოაქვეყნებს ვიზების ლიბერალიზაციის საკითხზე, რომელშიც საქართველოსთან დაკავშირებით დასკვნა პოზიტიურია. პრემიერის თქმით, ამის შესახებ დასტური მან ევროკავშირის წარმომადგენლებთან გუშინდელი საუბრისას მიიღო. მისივე განცახდებით, მას მიღწეული წარმატება გუშინ საღამოსვე მიულოცეს.
ირაკლი ღარიბაშვილმა დღეს მთავრობის სხდომის დაწყებისას მთავრობის თითოეულ წევრს მადლობა გადაუხადა და აღნიშნა, რომ საქართველომ ევროკავშირის წინაშე ნაკისრი ვალდებულებები პირნათლად, 100%-ით შეასრულა.
„ეს არის ჩვენი ქვეყნის, ქართველი ხალხის გამარჯვება, მათი დაფასება. ეს არის მნიშვნელოვანი წინგადადგმული ნაბიჯი ჩვენი ქვეყნის გასაძლიერებლად და ჩვენდამი, ქართველი ხალხისადმი ნდობის დადასტურება ევროპის, თანამედროვე ცივილიზებული სამყაროს მხრიდან. ვფიქრობ, ეს არის უმნიშვნელოვანესი მოვლენა ჩვენი ქვეყნის უახლეს ისტორიაში“, – განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.
შეგახსენებთ, რომ ევროკომისიის საბოლოო ანგარიში 15 დეკემბერს უნდა გამოქვეყნებულიყო, თუმცა ის რამდენიმე დღით გადადაიდო და დღეს უნდა გამოქვეყნდეს, რის შემდეგაც გაირკვევა, მიიღებს თუ არა უვიზო მიმოსვლის რეჟიმს საქართველო ევროკავშირის ქვეყნებთან.