ახალი ამბები

შეწყალების კომისიაზე ზეწოლის საქმეზე გიორგი გოგაძე და პროკურატურის სხვა მაღალჩინოსნები დაიკითხნენ

15 დეკემბერი, 2015 • 1505
შეწყალების კომისიაზე ზეწოლის საქმეზე გიორგი გოგაძე და პროკურატურის სხვა მაღალჩინოსნები დაიკითხნენ

საქართველოს მთავარი პროკურატურის პრესსამსახურში ნეტგაზეთს განუცხადეს, რომ დაიკითხნენ პროკურატურის მაღალჩინოსნები: მთავარი პროკურორის მოადგილე გიორგი გოგაძე,  საზოგადოებასთან და მასმედიასთან ურთიერთობის დეპარტამენტის უფროსი ნათია სუხიაშვილი და ვაკე–საბურთალოს რაიონული პროკურორი ნიკოლოზ სანიკიძე.

საქმე ეხება ალეკო ელისაშვილი განცხადებას იმის შესახებ, რომ როცა შეწყალების კომისიის თავმჯდომარე იყო, მასზე კონკრეტული პატიმრის საქმის განხილვის მოთხოვნით ზეწოლა ხორციელდებოდა. მისი განცხადებით, პოლიტიკოსები კონკრეტული მსჯავრდებულების საქმის კრიტერიუმების გარეშე განხილვით იყვნენ დაინტერესებული, ამაში კი დიდი თანხები ჰქონდათ აღებული. კერძოდ, მან განაცხადა, რომ საუბარი იყო კონკრეტული პატიმრების გამოშვების სანაცვლოდ წინასწარ აღებულ $200 000–ზე და მომავალშ ასაღებ $1.5 მილიონზე.

გარდა ამისა, ელისაშვილმა განაცხადა, რომ ზეწოლის ფაქტების შესახებ ინფორმაცია დაახლოებით 1 წლის წინ მიაწოდა როგორც მაშინდელ მთავარ პროკურორს, გიორგი ბადაშვილს, ასევე, მის მოადგილეს, გიორგი გოგაძეს.

მთავარი პროკურორის მოადგილე გიორგი გოგაძემ, რომელმაც, როგორც დღეს გაირკვა, ჩვენება უკვე მისცა,  ელისაშვილის ნათქვამს სიცრუე უწოდა და განაცხადა,  რომ ელისაშვილს მართლაც შეხვდა, თუმცა საუბარი შეეხებოდა არა შეწყალების კომისიას, არამედ ელისაშვილის პირად საკითხს.

პროკურატურაში საქმე ზეგავლენით ვაჭრობის მუხლით არის აღძრული. როგორც უკვე ცნობილია, პროკურატურის მაღალჩინოსნების გარდა დაიკითხნენ შეწყალების კომისიის ახლანდელი და ყოფილი თავმჯდომარეები, ასევე, პარლამენტის წევრები: ადამინის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარე ეკა ბესელია და ვიცე–სპიკერი მანანა კობახიძე. ალეკო ელისაშვილმა გუშინ ნეტგაზეთს განუცხადა, რომ დაკითხულია პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსიც.

მასალების გადაბეჭდვის წესი