ახალი ამბები

ღარიბაშვილი: ვიზის ლიბერალიზაციაზე ევროკომისიის ანგარიში უახლოეს დღეებში გამოქვეყნდება

15 დეკემბერი, 2015 • 1015
ღარიბაშვილი: ვიზის ლიბერალიზაციაზე ევროკომისიის ანგარიში უახლოეს დღეებში გამოქვეყნდება

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი აცხადებს, რომ გუშინ საღამოს ჰქონდა სატელეფონო საუბრები ევროკომისიაში, რის შედეგადაც გაირკვა, რომ ვიზის ლიბერალიზაციის პროგრესის შესახებ ანგარიშის გამოქვეყნება ტექნიკური მიზეზების გამო გადაიდო, რომელიც არ უკავშირდება საქართველოს.

“გუშინ საღამოს მქონდა უკვე საუბრები ევროკავშირში სატელეფონო და მე გეტყვით, რომ ჩვენთან მიმართებაში არავითარი პრობლემა არ არსებობს. საუბარია რაღაც ტექნიკურ დეტალებზე, რომელიც ჩვენს ქვეყანას არ ეხება. ასე რომ, გთხოვთ, დაველოდოთ ევროკომისიის საბოლოო რაპორტის გამოშვებას, რომელიც უახლოეს დღეებში მოხდება”, – განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის გიორგი კვირიკაშვილის თქმით, “ჩვენთვის არაოფიციალური
კომუნიკაციით ცნობილია, რომ ეს მიზეზი არ არის დაკავშირებული საქართველოსთან, ეს არის ტექნიკური გადავადება, ალბათ, რამდენიმე დღით, და ეს მიზეზი არ არის დაკავშირებული საქართველოსთან”.

კვირიკაშვილის თქმით, დასკვნა საქართველოზე არის დადებითი და წლის ბოლომდე ან შეიძლება უფრო ადრეც გამოქვეყნდეს.

ევროკომისიის ანგარიში ვიზის ლიბერალიზაციის პროგრესის შესახებ ეხება საქართველოსა და უკრაინისა და დღეს, 15 დეკემბერს უნდა გამოქვეყნებულიყო, თუმცა გუშინ ცნობილი გახდა, რომ ანგარიშის გამოქვეყნება რამდენიმე დღით გადაიდო.

მასალების გადაბეჭდვის წესი