ახალი ამბები

საია: დეპუტატს უფლებამოსილება მხოლოდ დაპატიმრების ან დაკავების შემთხვევაში უჩერდება

14 დეკემბერი, 2015 • 1941
საია: დეპუტატს უფლებამოსილება მხოლოდ დაპატიმრების ან დაკავების შემთხვევაში უჩერდება

საიას საპარლამენტო მდივანმა, სოფო ჭარელმა ნეტგაზეთს განუმარტა, რომ პარლამენტის დეპუტატის უფლებამოსილება შეიძლება შეუჩერდეს მხოლოდ მაშინ, როდესაც მისი დაკავების ან დაპატიმრების შესახებ პარლამენტი თანხმობას გასცემს.

“სისხლის სამართლებრივი დევნის დაწყება არ ნიშნავს იმას, რომ მას უნდა შეუჩერდეს უფლებამოსილება. უფლებამოსილება უჩერდება მხოლოდ პარლამენტის წევრის დაკავების ან დაპატიმრების თაობაზე პარლამენტის თანხმობის გაცემის შემთხვევაში. ანუ, თუ საქმე ეხება დაკავებას ან დაპატიმრებას და ამაზე პატრლამენტი გასცემს თანხმობას, მხოლოდ ამ  შემთხვევაში ხდება დეპუტატის უფლებამოსილების შეჩერება. სხვა შემთხვევაში არ ითვალისწინებს კანონმდებლობა ასეთ შესაძლებლობას და ამ შემთხვევაში არ მოხდება მათი უფლებამოსილების შეჩერება, მიუხედავად იმისა, რომ შესაძლებელია ისინი დაკითხვაზე ყოფილიყვნენ დაბარებული პროკურატურაში, ან მიმდინარეობდეს სისხლის სამართლის საქმე,”– ამბობს სოფო ჭარელი.

დღეს ცნობილი გახდა, რომ საქართველოს პარლამენტის წევრები – ვიცე–სპიკერი მანანა კობახიძე და ადამიანის უფლებათა კომიტეტის თავმჯდომარე, ეკა ბესელია პროკურატურაში მოწმის სტატუსით იკითხებოდნენ.

საქმე ეხება შეწყალების კომისიის ყოფილი თავმჯდომარის, ალეკო ელისაშვილის მიერ გავრცელებულ ინფორმაციას იმის შესახებ,  რომ როცა შეწყალების კომისიის თავმჯდომარე იყო, მასზე კონკრეტული პატიმრის საქმის განხილვის მოთხოვნით ზეწოლა ხორციელდებოდა. ელისაშვილის განცხადებით, პოლიტიკოსები კონკრეტული მსჯავრდებულების საქმის კრიტერიუმების გარეშე განხილვით იყვნენ დაინტერესებული, ამაში კი დიდი თანხები ჰქონდათ აღებული. მან ასევე აღნიშნა, რომ საუბარი იყო წინასწარ აღებულ 200 ათას დოლარზე და დაპირებულ 1.5 მილიონ დოლარზე.

ელისაშვილის განცხადებების პასუხად, პარლამენტის ვიცე–სპიკერმა, მანანა კობახიძემ 13 დეკემბერს განაცხადა, რომ მან შეწყალების კომისიისგან პატიმრების  საქმის შესწავლა და განხილვა ითხოვა. დღეს კი ცნობილი გახდა, რომ “კვირის პალიტრისთვის” მიცემულ ინტერვიუში კობახიძემ თქვა, რომ შესაძლოა, ალეკო ელისაშვილთან ოფიციალური განცხადებების გაგზავნის შემდეგ მოეკითხა, თუ რა ეტაპზე იყო “კოკაინის საქმის” განხილვა და ასევე შესაძლოა, რომ ელისაშვილისთვის ეთხოვა, საქმე თაროზე არ შემოედოთ.

ეხებოდა თუ არა მასზე განხორციელებული შესაძლო ზეწოლა “კოკაინის საქმეზე” მსჯავრდებულთა საკითხის კომისიაზე გატანის მოთხოვნას – ელისაშვილი ინფორმაციას “არც უარყოფს, არც ადასტურებს“. იგი დღეს პროკურატურაში კიდევ ერთხელ დაკითხეს.

მასალების გადაბეჭდვის წესი