ახალი ამბები

არჩევნების წინ რაგბის კავშირი “თანამდებობრივად გავლენიანი გულშემატკივარების” ქმედებებზე საუბრობს

14 დეკემბერი, 2015 • 1373
არჩევნების წინ რაგბის კავშირი “თანამდებობრივად გავლენიანი გულშემატკივარების” ქმედებებზე საუბრობს

საქართველოს რაგბის კავშირის გამგეობა აცხადებს, რომ საპრეზიდენტო არჩევნების პროცესში უკვე შეიმჩნევა ზოგიერთი ‘თანამდებობრივად გავლენიანი გულშემატკივარის’ და სხვა გარეშე პირების მხრიდან მისთვის სასურველი კანდიდატის სასარგებლოდ საკუთარი გავლენის გამოყენების მცდელობა. ამის შესახებ ნათქვამია განცხადებაში, რომელსაც რაგბის კავშირის გამგეობა ავრცელებს.

“საქართველოს რაგბის კავშირის წესდების ‘თ’ პუნქტის 1 ნაწილის შესაბამისად, 2015 წლის 20 დეკემბერს იმართება რაგბის კავშირის საერთო კრება, რომელზეც უნდა იქნას არჩეული რაგბის კავშირის მმართველი ორგანოები – რაგბის კავშირის პრეზიდენტი და გამგეობა. ეს კრება არის საარჩევნო კრება, რომელიც იმართება ოთხ წელიწადში ერთხელ.

არჩევნების პროცესს ხშირად თან ახლავს გარკვეული სირთულეები, ემოციები და ცალკეულ შემთხვევებში არაჯანსაღი, გაუაზრებელი და ინსტინქტური ქმედებებიც კი. არც ეს არჩევნებია გამონაკლისი. უკვე შეიმჩნევა ზოგიერთი ‘თანამდებობრივად გავლენიანი გულშემატკივარის’ და სხვა გარეშე პირების მხრიდან მისთვის სასურველი კანდიდატის სასარგებლოდ საკუთარი გავლენის გამოყენების მცდელობა, რაც სცილდება წინასაარჩევნო აგიტაციის ფარგლებს და ქმნის სახიფათო პრეცედენტს პატიოსანი თამაშის წესების საწინააღმდეგოდ.

უდავოა, რომ საქართველოში რაგბის პოპულარობა არა მხოლოდ საერთაშორისო ასპარეზზე ეროვნული ნაკრების წარმატებულმა გამოსვლამ განაპირობა, არამედ იმ ფასეულობების სისტემამ, რაც ჩვენმა საზოგადოებამ დაინახა და აღმოაჩინა სპორტის ამ სახეობაში.

‘რაგბი ჩვენი თამაშია’ – ეს სიტყვები სრულად ასახავს ჩვენს დამოკიდებულებას რაგბის მიმართ, განსაზღვრავს მზადყოფნას იმ ფასეულობათა დასაცავად, რასაც ეს თამაში მოიცავს და რაც აბსოლუტურ თანხვდენაშია მარადიულ ფასეულობებთან.

საქართველოს რაგბის კავშირის გამგეობა, როგორც რაგბის კავშირის საერთო კრების ორგანიზატორი და პასუხისმგებელი ორგანო, უცხადებს თანადგომას და იღებს პასუხისმგებლობას აღმოუჩინოს დახმარება საქართველოს რაგბის კავშირის ხმის უფლების მქონე ყველა ნამდვილ წევრს, მათი ნების გამოვლენისას გარეშე პირთაგან ზეწოლისა და სხვაგვარი იძულების მცდელობის შემხვევაში. სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებთ, რომ ყველა მცდელობა ცალკეული თანამდებობის თუ გარეშე, ზედმეტად ეგზალტირებული პირებისაგან, მოახდინონ პირდაპირი თუ არაპირდაპირი ზეწოლა რაგბის კავშირის ნამდვილ წევრზე, მიმართული მისი ნების საწინააღმდეგოდ, იქნება მხილებული საჯაროდ.

ყოველგვარი გაუგებრობის თავიდან ასაცილებლად განვმარტავთ, რომ ზემოაღნიშნული გაფრთხილების ადრესატი არ გახლავთ კონკრეტულად რომელიმე პოლიტიკური პარტია, მმართველი პოზიცია თუ ოპოზიცია, იგი მიმართულია იმ ცალკეული პოლიტიკური თუ საჯარო თანამდებობის პირის და გარეშე, ზედმეტად ეგზალტირებული პირები მიმართ, ვისაც სურვილი ექნება მოახდინოს ზეგავლენა საარჩევნო პროცესზე. ჩვენ ვიცავთ და დავიცავთ იმ ფასეულობებს, რაც მორაგბეებსა და მათ გულშემატკივრებს აერთიანებს სიტყვებში – რაგბი ჩვენი თამაშია”, – ნათქვამია რაგბის კავშირის განცხადებაში.

რაგბის კავშირის პრეზიდენტის არჩევნები 20 დეკემბერს ჩატარდება. კანდიდატი ორია, მოქმედი პრეზიდენტი გია ნიჟარაძე და საქართველოს მორაგბეთა ნაკრების ყოფილი კაპიტანი, ამჟამად საკრებულოს წევრი “ქართული ოცნებიდან” ირაკლი აბუსერიძე. ეს უკანასკნელი ფეისბუკის გვერდზე წერს, რომ პროცესში არაუფლებამოსილი პირების მხრიდან ყოველგვარ ჩარევას ემიჯნება:

“20 დეკემბერს ქართული სარაგბო ოჯახი კიდევ ერთხელ შეიკრიბება და გადაწყვეტილებას მიიღებს თუ ვინ უხელმძრვანელებს რაგბის კავშირს, მომდევნო 4 წლის მანძილზე. მინდა განვაცხადო, რომ ვემიჯნები საარჩევნი პროცესში ყველანაირ ჩარევას და ეს, რაგბის კავშირის გამგეობის სხდომაზეც დავაფიქსირე. გამგეობის წევრებმა, მათ შორის მე, ოფიციალურ წერილზე ხელმოწერით დავადასტურეთ, რომ არჩევნები ჯანსაღ გარემოში უნდა ჩატარდეს. მაქვს იმედი, რომ საარჩევნო პროცესი რაგბის თამაშის მთავარი პრინციპების გათვალისწინებით – კეთილსინდისიერად ჩაივლის”, – აცხადებს აბუსერიძე.

მასალების გადაბეჭდვის წესი