ახალი ამბები

2015 წლის ყველაზე დახურული და არაანგარიშვალდებული საჯარო დაწესებულებები

11 დეკემბერი, 2015 • 2073
2015 წლის ყველაზე დახურული და არაანგარიშვალდებული საჯარო დაწესებულებები

IDFI-ს (ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტი) 2015 წლის მონაცემებით, ყველაზე დახურულ საჯარო დაწესებულებად საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო დასახელდა, რომელმაც საჯარო ინფორმაციაზე 44 მოთხოვნა უპასუხოდ დატოვა.

ანგარიში საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობის შესახებ პროექტის “საჯარო ინფორმაციის მონაცემთა ბაზა – www.opendata.ge” ფარგლებში მომზადდა, რომელსაც IDFI ფონდ “ღია საზოგადოება საქართველოსა” და “ღია საზოგადოების ფონდების” ფინანსური მხარდაჭერით 2010 წლიდან ახორციელებს.

IDFI აცხადებს, რომ საქართველოს 286 ადმინისტრაციულ ორგანოს შორის 2015 წელს 8 დაწესებულება აღმოჩნდა ისეთი, ვინც სრულად უგულებელყო მათზე კანონით დაკისრებული ვალდებულება და უპასუხოდ დატოვა ინსტიტუტის ყველა განცხადება საჯარო ინფორმაციის მითებასთან დაკავშირებით. კერძოდ, IDFI-ს მიერ გაგზავნილი ყველა მოთხოვნა უპასუხოდ დატოვეს იუსტიციის სამინისტროს დაქვემდებარებულმა 7-მა უწყებამ და წალკის საკრებულომ.

ეს 8 უწყება ინსტიტუტმა ყველაზე არაანგარიშვალდებულ დაწესებულებებად დაასახელა. მათ არცერთ მოთხოვნაზე არ გაუციათ პასუხი.

ესენია: სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტო (37 მოთხოვნა), სმართ ლოჯიქი (37 მოთხოვნა), საკანონმდებლო მაცნე (35 მოთხოვნა), დანაშაულის პრევენციის ცენტრი (28 მოთხოვნა), იუსტიციის სასწავლო ცენტრი (28 მოთხოვნა), საქართველოს ეროვნული არქივი (28 მოთხოვნა), ნოტარიუსთა პალატა (28 მოთხოვნა), წალკის საკრებულო (26 ნოთხოვნა).

ასევე, IDFI-ს მონაცემებით, 2014-თან შედარებით, 2015 წელს მნიშვნელოვნად გააუარესეს ინფორმაციის ხელმისაწვდომობის მაჩვენებლები შემდეგმა უწყებებმა: იუსტიციის სამინისტრო – 45.9% რეგრესი; ეკონომიკის სამინისტრო – 50.2% რეგრესი; მთავრობის ადმინისტრაცია – 74,8% რეგრესი.

2010-2015 წლების მონაცემებით ყველაზე ანგარიშვალდებულ საჯარო დაწესებულებებად დასახელდნენ: საქართველოს სახალხო დამცველის აპარატი დმანისის მუნიციპალიტეტის გამგეობა.

რაც შეეხება 2015 წელს, სპეციალური ჯილდოებით (სიგელებით) “2015 წელს საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფისთვის” დაჯილდოვდნენ: რეგიონული განვითარების სამინისტრო; სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტრო; ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტრო; აჭარის ა/რ მთავრობის აპარატი და ყველა სამინისტრო.

პროექტის ფარგლებში საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობის 100%-იანი მაჩვენებელი 57-მა საჯარო დაწესებულებამ აჩვენა.

საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფის გაუმჯობესებისთვის ნომინაციაში გაიმარჯვა ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელმა კომისიამ (61.1%-იანი გაუმჯობესება წინა წელთან შედარებით)

საჯარო ინფორმაციის პროაქტიული ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფისთვის დაჯილდოვდნენ ეროვნული უშიშროების საბჭოს აპარატი და სახელმწიფო აუდიტის სამსახური.

 

რაც შეეხება IDFI–ის 2010–2015 წლების მონაცემებს, აღნიშნულია, რომ საჯარო ინფორმაციის მოთხივნებზე გაცემული პასუხების ყველაზე მაღალი პროცენტული მაჩვენებელი (90%) 2013 წელს ფიქსირდება. 2014 წელს აღნიშნული მაჩვენებელი 82%–მდე შემცირდა, ხოლო 2015 წელს დაკმაყოფილებული განცხადებების მაჩვენებელმა 86% შეადგინა. ამასთან, 2010–2015 წლებში ინსტიტუტის მიერ გაგზავნილ მოთხოვნებზე მიღებული სრულყოფილი პასუხების ყველაზე დაბალი (33%), ხოლო უპასუხოდ დატოვებული მოთხოვნების ყველაზე მაღალი (48%) მაჩვენებლები 2010 წელს განხორციელებული პროექტის ფარგლებში ფიქსირდება.

მასალების გადაბეჭდვის წესი