ახალი ამბები

დაპირისპირება „საქართველოს რეგიონულ მაუწყებელთა ასოციაციაში“

27 დეკემბერი, 2010 • 1445
დაპირისპირება „საქართველოს რეგიონულ მაუწყებელთა ასოციაციაში“

დატოვეს თუ არა საქართველოს რეგიონულ მაუწყებელთა ასოციაცია შიდა ქართლში მაუწყებელმა ტელეკომპანია თრიალეთმა და ლაგოდეხის ტელევიზიამ LTV – ამ ინფორმაციას საქართველოს რეგიონულ მაუწყებელთა ასოციაციაში ოფიციალურად ჯერ არ ადასტურებენ. ასოციაციის აღმასრულებელი დირექტორი ნათია კუპრაშვილი ნეტგაზეთთან საუბარში ამბობს, რომ ასოციაციის წევრები 25 დეკემბერს შეიკრიბნენ. მისივე თქმით, ლაგოდეხის ტელევიზიისა და თრიალეთის ასოციაციიდან გასვლის თაობაზე მსჯელობა შედგა, თუმცა მიღებული გადაწყვეტილება მისთვის უცნობია, რადგან ოქმი ჯერ არ არის შემდგარი. ტელეკომპანია თრიალეთის ერთ–ერთი მფლობელი, ბადრი ნანეტაშვილი ამბობს, რომ თრიალეთი და LTV ასოციაციაში აღარ არიან.

„ლაგოდეხის ტელევიზია არ მონაწილეობდა ასოციაციის კრებებში, რაც შეეხება თრიალეთს, მათგან  წერილი იყო მიღებული ასოციაციიდან გასვლასთან დაკავშირებით და კრებას ამ საკითხებზე უნდა ემსჯელა“ – ამბობს ნათია კუპრაშვილი.

ნანეტაშვილი აცხადებს, რომ განცხადება ასოციაციის დატოვების თაობაზე ტელეკომპანიას არ დაუწერია. თუმცა სხვა განცხადებაზე საუბრობს. ბადრი ნანეტაშვილის თქმით, იგი ასოციაციის მუშაობით უკმაყოფილო იყო და ამ მიზეზით  წერილი მიიტანა ასოციაციაში:

„მე თვითონ მივიტანე ასოციაციაში წერილი, სადაც მოვუწოდებდი ტელევიზიებს და ხალხს, რომ გავიდეთ და შევქმნათ ახალი ასოციაცია. ეს იყო დაახლოებით ერთი თვის წინ“.

ნანეტაშვილთან და ტელეკომპანია თრიალეთთან რთულ ურთიერთობაზე საუბრობს კუპრაშვილი, რომელიც ამბობს, რომ კომპანია უფრო მეტად პოლიტიკური მოთამაშეა.

„ასოციაციის დანარჩენ წევრებსა და თრიალეთის ხელძღვანელს შორის არის იდეათა შეუთავსებლობა. თავისთავად, ასოციაციაში ერთი იდეის ირგვლის იკრიბებიან და როდესაც ადამიანს არ უნდა ტელეპროდუქციის წარმოება ასოციაციის ბაზაზე, არ უნდა პროექტებში ჩართვა და ყველაფერზე მხოლოდ პრეტენზია აქვს და ერთადერთი, რასაც ითხოვს, ეს არის თანხების გადინება მის ტელეკომპანიაში და მხოლოდ პრეტენზიები აქვს, თუ მივიდა ეს ყველაფერი აქამდე (ასოციაციის დატოვებამდე), ეს ლოგიკურია“  – ამბობს ნათია კუპრაშვილი.

ნანეტაშვილის თქმით, ასოციაციის პროექტში „მრავალკუთხედი“ იმ მიზეზით არ მონაწილეობდა, რომ ტელეპროდუქტების წარმოება არ არის ასოციაციის საქმე:

„პროექტში „მრავალკუთხედი“ არ ვმონაწილეობდით, რადგან მიგვაჩნდა, რომ ასოციაციის საქმე იყო სხვა რამ: ასოციაცია ჩამოყალიბდა იმისთვის, რომ ერთმანეთის მხარში დგომა ყოფილიყო, კანონებზე ლობირება და სხვა. იმიტომ, რომ ასოციაციაში გაწევრიანებულია კონკურენტი ტელევიზიები, იმიტომ, რომ კონკურენტი ტელევიზიები ერთ პროგრამაზე არ უნდა მუშაობდნენ“.

ბადრი ნანეტაშვილი ასოციაციას ადანაშაულებს ფარულად შეკრებასა და ისეთი პროექტების განხორციელებაში, რომელთა ბიუჯეტიც გამჭვირვალე არ იყო.

კუპრაშვილი ამბობს, რომ ასოციაციაში აუდიტი ჩატარდა და ფინანსურ დარღვევებზე საუბარი ზედმეტია.

ნეტგაზეთი შეეცადა ინფორმაციის გადამოწმებას ლაგოდეხის ტელევიზიასთანაც, თუმცა მის ხელმძღვანელთან ლალი ხუბულავასთან ტელეფონით დაკავშირება შეუძლებელი აღმოჩნდა.

მასალების გადაბეჭდვის წესი