ახალი ამბები

პოლიციამ თელავში ერთი პირი განზრახ მკვლელობის ბრალდებით დააკავა

10 დეკემბერი, 2015 • 1434
პოლიციამ თელავში ერთი პირი განზრახ მკვლელობის ბრალდებით დააკავა

შსს-ს ცნობით, თელავში 1951 წელს დაბადებული მოქალაქე განზრახ მკვლელობის ბრალდებით დააკავეს, ხოლო მისი შვილი, რომელსაც ასევე იძებნებოდა, მწყემსმა სოფელ შაქრიანთან ხეზე ჩამომხრჩვალი იპოვა.

როგორც შინაგან საქმეთა სამინისტროში აცხადებენ, გამოძიებამ დაადგინა, რომ გიორგი ნ-მ თელავის რაიონის სოფელ კურდღელაურში, ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, დანის გამოყენებით მოკლა 1990 წელს დაბადებული ბექა ჯ, ხოლო მისმა შვილმა – 1983 წელს დაბადებულმა ალექსი ნ-მ ასევე დანის გამოყენებით სხეულის დაზიანება მიაყენა 1988 წელს დაბადებულ ლევან ჩ-ს და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. უწყების ინფორმაციით, ლევან ჩ-ს ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია.

შსს-ის ცნობით, კახეთის პოლიციის დეპარტამენტის, თელავის რაიონული სამმართველოს და კახეთის საოლქო პროკურატურის თანამშრომლებმა, ცხელ კვალზე ერთობლივად ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, გიორგი ნ. მომხდარიდან რამდენიმე საათში დააკავეს, ხოლო ალექსი ნ, ასევე მომხდარიდან რამდენიმე საათის შემდეგ, ყვარლის რაიონის სოფელ შაქრიანის მიმდებარე ტერიტორიაზე მწყემსმა ხეზე ჩამოხრჩვალი იპოვა. როგორც სამინისტროში აცხადებენ, პოლიციამ დანაშაულის ჩადენის ორივე იარაღი – დანები ნივთმტკიცებად ამოიღო.

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, გამოძიება განზრახ მკვლელობის ფაქტზე (საქართველოს სსკ-ის 108-ე მუხლით) და თვითმკვლელობამდე მიყვანის ფაქტზე (საქართველოს სსკ-ის 115-ე მუხლით) მიმდინარეობს.

 

 

მასალების გადაბეჭდვის წესი