ახალი ამბები

ISFED: წარმოდგენილი ცვლილებები არ არის საარჩევნო სისტემის პრობლემის გადაჭრის საუკეთესო ვერსია

10 დეკემბერი, 2015 •
ISFED: წარმოდგენილი ცვლილებები არ არის საარჩევნო სისტემის პრობლემის გადაჭრის საუკეთესო ვერსია
სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოების (ISFED) განცხადებით, კანონპროექტი, რომელიც პარლამენტის არჩევნებისათვის მაჟორიტარული საარჩევნო ოლქების ფორმირების ახალ რეგულაციას ადგენს, პრობლემის ყველაზე მისაღები გადაწყვეტა არ არის.
ISFED აცხადებს, რომ საარჩევნო რეფორმა მისი მნიშვნელობიდან გამომდინარე უნდა განხორციელდეს ყველა დაინტერესებული მხარის მონაწილეობით, თუმცა,  წარმოდგენილი პროექტის შემუშავებაში მონაწილეობა არ მიუღიათ ოპოზიციურ პოლიტიკურ პარტიებს და არასამთავრობო ორგანიზაციებს.
ორგანიზაცია აღნიშნავს, რომ აუცილებელია მოხდეს სხვა ალტერნატიული ვერსიების განხილვა, როგორიცაა, მაგალითად, მრავალმანდატიანი მაჟორიტარული ოლქები ან ე.წ. „გერმანული მოდელი“ და სხვა, რომლებიც არ საჭიროებენ საკონსტიტუციო ცვლილებებს და რომელთა მიმართებითაც შესაძლებელია პოლიტიკური კონსენსუსის მიღწევა. ISFED აცხადებს, რომ არასწორია ხელისუფლების დამოკიდებულება საკითხისადმი, როდესაც ის ითხოვს მხოლოდ აღნიშნული ცვლილებების პროექტთან დაკავშირებით იქნას წარმოდგენილი მოსაზრებები და ოლქების გადანაწილების სხვა ვერსიები.
“რაც შეეხება წარმოდგენილ ცვლილებებს, მიგვაჩნია, რომ ცვლილებები ვერ უზრუნველყოფს მაჟორიტარულ ოლქებთან დაკავშირებით არსებული პრობლემის ყველაზე მისაღებ გადაწყვეტას, რომელიც საუკეთესო გამოსავალი იქნებოდა სამართლიანი და კონკურენტული არჩევნების უზრუნველსაყოფად. ცვლილებების პროექტი გარკვეულ კითხვებს წარმოქმნის მუნიციპალიტეტების დაყოფის/გაერთიანების მიზანშეწონილობასთან და საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებასთან მისი შესაბამისობის შესახებ,”– ვკითხულობთ ორგანიზაციის განცხადებაში.
ISFED აცხადებს, რომ საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილების თანახმად, დადგენილი ნორმიდან გადარა არ უნდა აღემატებოდეს 10%–ს, გარდა განსაკუთრებული შემთხვევებისა.  კომპაქტურად დასახლებული ეროვნული უმცირესობებისა და არამჭიდროდ დასახლებული ადმინისტრაციული ერთეულის შემთხვევებში გადახრა არ უნდა იყოს 15%-ზე მეტი. ორგანიზაცია აცხადებს, რომ შემოთავაზებული ცვლილებებით, გადახრა უფრო მეტია და მოთხივნებს არ შეესაბამება:
“საკონსტიტუციო სასამართლო 10%-დან 15%-მდე გადახრას მხოლოდ გამონაკლის შემთხვევაში უშვებს. ამასთან, სასამართლო მითითებას აკეთებს ვენეციის კომისიის რეკომენდაციაზე, რომლის თანახმად, „მაქსიმალური დაშვებული გადახრა მიღებული განაწილების კრიტერიუმიდან დამოკიდებულია ინდივიდუალურ სიტუაციაზე, თუმცა ის იშვიათად უნდა აღემატებოდეს 10%-ს და არასოდეს 15%-ს, გარდა გამონაკლისი შემთხვევებისა (დემოგრაფიულად მეჩხერი ადმინისტრაციული ერთეული, რომელსაც იგივე მნიშვნელობა აქვს როგორც სხვა ერთეულებს და ჰყავს სულ მცირე ერთი წარმომადგენელი ქვედა პალატაში, ან კომპაქტურად დასახლებული ეროვნული უმცირესობები)“.
როგორც ვხედავთ, საკონსტიტუციო სასამართლო გამონაკლის შემთხვევებში მხოლოდ 15%-მდე გადახრას უშვებს, ვენეციის კომისიის თანახმად კი, გამონაკლის შემთხვევებში 15%-ზე მეტი გადახრაც არის დასაშვები. მიუხედავად აღნიშნული განსხვავებისა, როგორც საკონსტიტუციო სასამართლოს, ასევე, ვენეციის კომისიის რეკომენდაციის სულისკვეთება გულისხმობს იმას, რომ როგორც 15%-იანი ასევე, 15%-ზე მეტი გადახრა დასაშვებია როგორც გამონაკლისი და მკაფიოდ განსაზღვრულ შემთხვევებში (დემოგრაფიულად მეჩხერი ადმინისტრაციული ერთეულები, მჭიდროდ დასახებული ეთნიკური უნცირესობა).
იმ შემთხვევაშიც, თუ ვენეციის კომისიის რეკომენდაციით ვიხელმძღვანელებთ, ჩვენი შეფასებით, წარმოდგენილი პროექტით 14 საარჩევნო ოლქის შემთხვევაში (გარდა თბილისის ოლქებისა, რომელთა საზღვრები ჯერ არ არის დადგენილი)  დაშვებულია 15%-ზე მეტი გადახრა (მაგალითად, 8 შემთხვევაში გადახრა 15%-დან 20%-მდე ფარგლებშია, 6 შემთხვევაში გადახრა 20%-დან 82%-მდე აღწევს). გაუგებარია, ამ 14 საარჩევნო ოლქიდან რამდენი აკმაყოფილებს იმ მოთხოვნას, რომ განსაკუთრებულ შემთხვევად ჩაითვალოს და შესაბამისად დაშვებული იყოს ნორმიდან გადახრა.
ამასთან აღსანიშნავია, რომ 10%-დან 15%-ის ჩათვლით გადახრა 21 საარჩევნო ოლქს ეხება, რაც საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებით გამონაკლის შემთხვევაში უნდა იყოს დაშვებული, ხოლო ვენეციის კომისიის რეკომენდაციით იშვიათ შემთხვევას უნდა წარმოადგენდეს. აქედან გამომდინარე, შეიძლება ითქვას, რომ 21 შემთხვევაში 10%-დან 15%-მდე გადახრა არ შეესაბამება არცერთ მოთხოვნას,”– აღნიშნულია ISFED–ის განცხადებაში.
სამართლიანი არჩევნები ასევე აცხადებს, რომ  მთელ რიგ შემთხვევებში გაუგებარია რა პრინციპებზე და კრიტერიუმებზე დაყრდნობით ხორციელდება ცვლილებების პროექტით გათვალისწინებულია მუნიციპალიტეტების დაყოფა/გაერთიანება.  მაგალითად, ორგანიზაციის განცხადებით, სამტრედიის საარჩევნო ოლქების ნაწილი უერთდება ვანს და ნაწილი ხონს, რის შედეგადაც სამტრედიის მუნიციპალიტეტს ცალკე მაჟორიტარი დეპუტატი არ ეყოლება იმ პირობებში, როდესაც სამტრედია მოსახლეობის რაოდენობიდან გამომდინარე (47,321) სრულად აკმაყოფილებს ხმის წონის თანაბრობის პრინციპს.
“ასევე, პროექტის თანახმად, მესტია (8,315 ამომრჩეველი), მიუხედავად ნორმიდან დიდი გადახრისა (-82%) არ ერთიანდება სხვა მუნიციპალიტეტთან. მაშინ როდესაც ცაგერი (11,425) და ლენტეხი (5,916) ერთიანდება და ერთი მაჟორიტარი დეპუტატი ეყოლება. ამ შემთხვევაშიც გაუგებარია რა პრინციპზე დაყრდნობით გადაწყდა მუნიციპალიტეტების ასეთი გადანაწილება,”– აცხადებს ISFED.
ISFED აცხადებს, რომ მათი  საარჩევნო სისტემასთან დაკავშირებით პრობლემების გადაჭრის საუკეთესო ვერსიად მაჟორიტარული სისტემის გაუქმება და პროპორციულ სისტემაზე გადასვლა მიგვაჩნია, რაც ხელისუფლებას შესთავაზეს, თუმცა მათ არ გაიზიარეს არასამთავრობო ორგანიზაციების, პოლიტიკური პარტიების და ექსპერტების მიერ  შეთავაზებული რეკომენდაცია.
“მოვუწოდებთ ხელისუფლებას, რომ გამოხატოს მზადყოფნა და დაინტერესებული მხარეების მონაწილეობით განიხილოს ყველა ალტერნატიული ვერსია, რაც  უზრუნველყოფს სამართლიანი საარჩევნო სისტემის მიღებას,”– აცხადებს ISFED

მასალების გადაბეჭდვის წესი